მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
რატომ ვაცდენთ მიწას?!

აღდგომის წინა დღეებში ჩვენი ქალაქის აგრარულ ბაზარში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები ერთი ორად გაძვირდა. ჩვენმა მოვაჭრეებმა, რომ იტყვიან, ბაზარს ,,ცეცხლი წაუკიდეს~. ერთი კილოგრამი ხორცი 10 ლარი გახდა, ერთი კონა ქინძი (რომელშიც სამი ღერი თუ იყო) _ 50 თეთრი, ერთი კონა (ათიოდე ღერი) მწვანე ხახვი _ 1 ლარი, ორი ძირი კამა _ 30 თეთრი, ყველი _ 5 ლარი, ერთი კგ დაკლული ქათამი _ 6,50 ლარი, ჭადის ფქვილი 2 ლარი ღირდა და ა.შ.. როგორც ყოველთვის, ბაზარში მყიდველი ნაკლებად იყო, ყველა სიძვირეზე ლაპარაკობდა და ვიშვიშებდა, რას აღარ ამბობდნენ გამყიდველებზე, არც ლანძღვას აკლებდნენ და არც მუქარას.
ნაცნობი ყვიბისელი ქალბატონი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მისი ნათქვამი რაიონის ყველა სოფლის მცხოვრებს ეკუთვნის) ხმამაღლა გაიძახოდა: _ ახია ჩვენზე, კიდევ უფრო ძვირი უნდა დაგვიფასონ ყველაფერი, ლამის ნახევარი ჰექტარი მიწა მაქვს და მწვანილის კვალი ვერ გავაკეთებინე ჩემს ქმარს. დღეს მარტო მწვანილში 10 ლარი გადავიხადე, ნახე რა მიმაქვს სახლში, ცელოფანის პარკი მაჩვენა, რომელიც სანახევროდ იყო სავსე..
_ მერედა ნუთუ ასე ძნელია საბოსტნე მიწის დამუშავება და მწვანილის მოყვანა, ცეცხლზე ნავთი დავუსხი ნაცნობ ქალბატონს.
_ ჩემო კარგო, სიზარმაცემ დაგვრია ხელი, თორემ ამ გამყიდველების შესახვეწი რა გვჭირს, გლეხის მოწეული მოსავლით მდიდრდებიან და ტყავს გვაძრობენ, _ მითხრა გულდაწყვეტილმა და გასასვლელისკენ წყევლა-კრულვით გაემართა. მერე მომაძახა, ერთი სახლში ჩავიდე, ჩემს ქმარს შავი დღე უნდა ვაყარო, თუ დღესვე საბოსტნედ ფართობი არ დაბარაო.
ეს კონკრეტული მაგალითი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ყველასთვის, მახსოვს როგორი კეტის ტრიალი, ჩხუბი და გაწევ-გამოწევა იყო, როცა კოლმეურნეობები დაიშალა და მიწები სოფლის მოსახლეობას დაურიგეს. ზოგიერთები (ნათესავებიც) მიჯნის გავლებაზეც კი მოსაკლავად დასდევდნენ ერთმანეთს.
არც იმხანად, როცა მიწები დაურიგეს და მით უფრო ახლა, ბევრს თავი არ შეუწუხებია საკუთარი ნაკვეთების დამუშავებისათვის. ხან სახნავი ტრაქტორის, ხან თესლის, ხან საწვავის უქონლობა მოიმიზეზეს და დარჩა ფართობები დაუმუშავებელი. შარშანაც დაუხნავ-დაუთესავი დარჩა ათობით ჰექტარი. არადა რაიონის ისედაც მთაგორიან, წვრილკონტურიან ფართობების მეპატრონეებს მტკაველი მიწა არ უნდა გვრჩებოდეს დაუმუშავებელი. უკეთესი მდგომარეობა არც წელსაა. გაყამირებულ ფართობებს ეკალ-ბარდებმა გადაუარეს.
არადა, ოდითგანვე მიწა იყო ქართველი გლეხკაცის სარჩო-საბადებელი, ჩვენს მიწაზე მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიურად ყველაზე ხარისხიანია, ხშირად გაიგონებთ _ თურქეთიდან უხარისხო პროდუქტები შემოდისო, გვწამლავენო. მამაცხონებულო, თუ იცი რომ გწამლავენ, ხარისხიანი პროდუქტი შენ მოიყვანე.
მთელ საქართველOოში იყო ცნობილი ჭობისხევის, დვირის, ქვაბისხევის ბოსტნეული, საკირის და ბაკურიანის კარტოფილი, ციხისჯვრის რძე, ერბო-კარაქი და ხორცი, აღარაფერს ვამბობ გუჯარეთისა და ტაბაწყურის ზონის მდიდარ სავარგულებზე, სადაც ათი ათასობით პირუტყვი იალაღობდა.
ხელთ მაქვს არქივიდან ამოკრეფილი მონაცემები. მინდა თქვენც გაგაცნოთ.
1988 წელს რაიონში აღირიცხებოდა 18186 სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, აქედან 7375 სული მოსახლეობაში იყო, 16590 სული ცხვარი, ნახევარი მოსახლეობაში იყო, 4145 სული ღორი, აქედან მოსახლეობაში _ 2566 სული. ყოველწლიურად მზადდებოდა 2000 ტონა ხორცი, 4450 ტონა რძე, 1200 ტონა ბოსტნეული, 30 ტონა მატყლი და ა.შ.
რის პატრონები ვართ დღეს?! იგივე სავარგულები, რომლებიც 80-იან წლებში გვქონდა, დღეს სანახევროდაც აღარაა დატვირთული. უფრო მეტიც, ვერავინ მოგცემთ ზუსტ მონაცემებს, თუ რამდენი სული პირუტყვია რაიონში. მიახლოებით ამბობენ, რომ 9 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვიაო?!
ფაქტია, სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ აინტერესებს არც პირუტყვის მოვლა და არც მიწის დამუშავება. ამიტომაც უკიდია ,,ცეცხლი~ ჩვენს ბაზარს. სანამ ორგანიზებულ შრომას არ ვისწავლით, მანამდე ვიქნებით ღატაკები.
გაუყევით თბილისამდე გზას და ნახავთ, რამდენი ფართობია მოუხნავ-დაუთესავი. ბუნებრივად იბადება კითხვა _ რატომ ვაცდენთ მიწას?! ტომატიც კი საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს. უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ ზანავში საკონსერვო ქარხანა რომ მუშაობდა, ახლა გაიხედეთ და ნახავთ, როგორი ნანგრევებია იმ ტერიტორიაზე. ჩემი ღრმა რწმენით, სანამ წარმოებისათვის ნედლეულს ჩვენ თვითონ არ მოვიწევთ, მანამდე ვიქნებით უმუშევრები, დაუსაქმებლები და უპოვარნი. განა საზღვარგარეთიდან შემოტანილი ნედლეულით ავაღორძინებთ ეკონომიკას?! როდემდე უნდა ვიყოთ სხვის იმედად, იქნებ ჯობდეს სხვა შენატროდეს ჩვენს ცხოვრებას.
მიწა _ ჩვენი მარჩენალი და უდიდესი სამეურნეო პოტენციალი, სრულიად აუმოქმედებელ-გამოუყენებელია. თითო-ოროლა ფერმერი ქვეყანაში არსებულ სასურსათო პრობლემას ვერ გადაწყვეტს. სოფლის მეურნეობას ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენთან როგორაა საქმე? _ მაპატიეთ და განსაკუთრებული კი არა, საერთოდ არ ექცევა ყურადღება. ეს დარგი ღვთის ანაბარაა მიტოვებული.
ვინ დაეხმაროს ფერმერს, გლეხკაცს? 2005 წლიდან რაიონში აღარც სოფლის მეურნეობის სამმართველოა,  ფაქტის წინაშე დავდექით _ აგრონომ-ზოოტიქნიკოს-ვეტექიმების დეფიციტია. ვინ ასწავლოს, ვინ გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია მიწის დამუშავების ტექნოლოგიურ საკითხებში სოფელში ან ვინ ასწავლოს პირუტყვის მოვლა-პატრონობის თანამედროვე მეთოდები? ეს და კიდევ მრავალი პრობლემა გადაწყვეტას ელის და სანამ ეს პრობლემები იარსებებს, ჩვენს ბაზარს ყოველთვის ,,ცეცხლი მოეკიდება~.
არადა, დროა გამოვიღვიძოთ, ძილის დრო დამთავრდა, ხელები დავიკაპიწოთ და მიწას, ჩვენს მარჩენალს მივხედოთ.


ვალერიან ლომიძე
15.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: Very nice site!
: Hello! dkbgffe interesting dkbgffe site!
: Very nice site!
: Hello! dekdcbe interesting dekdcbe site!
ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -3 °C -3 °C
ღამით -12 °C -13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.