|
,,ბორჯომი~. უკანასკნელ ხანს ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ხალხმრავლობაა. თითქმის ყოველდღიურად მასობრივი ღონისძიება ტარდება. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ბლიაძის განმარტებით, ღონისძიებების რაოდენობამ 2010 წლისათვის ხუთი თვის მანძილზე უკვე 52 მიაღწია, ეს უკვე რეკორდული მაჩვენებელია. ეს მაშინ, როცა წინა წლებში მთელი წლის განმავლობაში მათი რიცხვი 40-დან 50-მდე მერყეობდა.
_ ეს წელი ჩვენთვის მართლაც განსაკუთრებულია. ძალიან სერიოზული ღონისძიებები ჩატარდა, რაც აქამდე არ ჩატარებულა ბორჯომში. ჩვენ ოთხ პროექტში გამარჯვებულები ვართ, რაც ივნის-ივლისში უნდა განვახორციელოთ. საერთოდ მთელი წლის პროგრამა წინასწარ გვაქვს გაწერილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმდენი გაუთვალისწინებელი ღონისძიება ტარდება, რომ ისინი აჭარბებენ დაგეგმილ ღონისძიებათა რაოდენობას, _ განაცხადა ჩვენთან საუბრისას გოჩა ბლიაძემ.
საერთოდ, ამ რამდენიმე წლის წინ ამ სფეროში დაწყებულმა რეფორმამ გააერთიანა რამდენიმე კულტურის დაწესებულება. დღეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დაქვემდებარებაში შევიდა რაიონის სოფლების კულტურის სახლები, კლუბები და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. რაიონში 22 კლუბია. არც ერთი მათგანი არ გაუქმებულა, უმეტესობას რემონტიც კი ჩაუტარდა, ხოლო კლუბის გამგეებს მიმდინარე წლისთვის ხელფასები 115 ლარამდე გაეზარდათ. კლუბები მთელი დატვირთვით ამოქმედდნენ. აქ ძირითადად ფასიანი წრეები მუშაობს.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო წაღვერის კულტურის სახლი (დირექტორი დალი ქასაშვილი), რომელიც სერიოზულად და აქტიურად საქმიანობს, ასევე აქტიურობენ ჭობისხევის, დვირის, ახალდაბის და ტაძრისის კლუბები. სამწუხაროდ, ავარიულია ტაძრისის კლუბი და გადაუდებელ რემონტს საჭიროებს.
სოფლებში მუშაობა ურთულესია. ზოგიერთ სოფელში 3-4 ბავშვია, აქ კლუბი შემოსავლებით ვერ იარსებებს, ამიტომ ასეთ სოფლებში კლუბები ზაფხულის სეზონისთვის დამსვენებლებს ემსახურებიან.
ზედა ზონის _ ტაბაწყურის და ბალანთის კლუბები სარემონტოა და, ალბათ, მალე ეს პრობლემაც დადებითად გადაიჭრება.
რაც შეეხება თვითონ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, იგი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სრული დატვირთვით მუშაობს. აქ ძალიან ბევრი წრეა გახსნილი, 11 ქორეოგრაფიული ანსამბლია, ამავე დროს მოქმედებს საესტრადო ანსამბლი, საბავშვო თეატრი, სამეჯლისო ცეკვების სტუდია, ხალხური სიმღერების და ვოკალური ჯგუფები, საკონცერტო ჯგუფებიც იმდენია, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე შესაძლებელია მათი წარმატებით გამოყვანა.
რემონტის შემდეგ, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს მშვენიერი ბაზა აქვს, ამიტომ ღონისძიებების სიმრავლეც ამან განაპირობა. სულ ახლახან კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა საბავშვო თეატრების ფესტივალს, რომლის ორგანიზატორიც იყო ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური ფოლკლორის ცენტრი. ფესტივალში ოთხმა საბავშვო თეატრმა მიიღო მონაწილეობა. ამავე ორგანიზაციამ ურეკში ჩაატარა ქორეოგრაფიული ფესტივალი. სწორედ იქ მონაწილე ანსამბლები მოიწვიეს ბორჯომში, სადაც მოხდა მათი დაჯილდოება.
სულ ახლახან კი კულტურის ცენტრში მოეწყო თვითნასწავლი მხატვრების გამოფენა, საქართველოს პატრიარქის ილია II ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.
გოჩა ბლიაძე იმედოვნებს, რომ ეს ტრადიციად იქცევა.
კარგ ტრადიციად დამკვიდრდა ხელოვნების ფესტივალის ჩატარება, რომლის დევიზია: ,,ბორჯომი _ ხელოვნების ქალაქი~. პირველი ფესტივალი მიმდინარე წლის იანვარში გაიმართა. 25 მაისს, მეორე ფესტივალი დაიწყო. იგი ამჯერად უფრო მრავალფეროვანია და 4 ივნისამდე გაგრძელდება. ფესტივალის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია ჩვენი თანამემამულე თემურ ბიბილური. ფესტივალის დღეებში ბორჯომელ მაყურებელს საშუალება ექნება მოუსმინოს არაერთ სახელოვან კოლექტივს, გაეცნოს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას და სხვა.
როგორც გოჩა ბლიაძემ განაცხადა, _ ჩვენი დიდი სურვილია ბორჯომი გადავაქციოთ კულტურის ცენტრად. საამისოდ ბორჯომს შესანიშნავი პირობები გააჩნია. მწამს, ახლო მომავალში ბორჯომი ფესტივალების ქალაქად გადაიქცევა.
ახლა მთავარია ბორჯომელმა მაყურებელმა მეტი გულისხმიერება და ინტერესი გამოიჩინოს კულტურის ცენტრში ჩატარებული ღონისძიებებისადმი.
კულტურა ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი იყო ერის თვითმყოფადობის დამკვიდრებაში და სასურველია ამ ღონისძიებებმა კიდევ უფრო აამაღლოს და განამტკიცოს მისი დონე. მწამს, ეს ასეც იქნება.
მარი ზაქაშვილი
10.06.2010 |