|
"ბორჯომი". ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრს რამდენიმე წლის მეგობრობა აკავშირებს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკის საჯარო სკოლასთან.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. 2005 წელს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით - ,,თეატრალური ხელოვნების განვითარება რეგიონებში~, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა (თეატრს მაშინ სათავეში ედგა მაია გულიაშვილი) და მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის ,,ექო~. პროგრამის ფარგლებში, გარდა ბორჯომის მაღალმთიანეთისა, თეატრმა საგასტროლო ტურნე მოაწყო ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ფოკაში. აღნიშნული პროგრამით საჩუქრებად დარიგდა დროშები, წიგნები, სახატავები, ქართული საბავშვო სიმღერების აუდიოკასეტები, სკოლას კი საჩუქრად გადაეცა აუდიომაგნიტოფონი. ამ პროექტის მიზანი იყო ქართული ენის სწავლების გაუმჯობესება არაქართულ სკოლებში. შედეგმა გაამართლა.
- ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, აღნიშნა განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია გულიაშვილმა. ხუთი წელია, რაც ფოკასთან აქტიური ურთიერთობა გვაქვს. თავდაპირველად შევეცადეთ ისეთი სპექტაკლი შეგვერჩია, სადაც უფრო მეტი მოქმედება და მცირე ტექსტი იქნებოდა, რადგან ბავშვები არა თუ საუბრობდნენ ქართულად, არამედ ქართული სიტყვაც კი არ ესმოდათ. როდესაც ილია ჭავჭავაძის ,,კაცია ადამიანი~ დაიდგა თოჯინების თეატრის სცენაზე, ფოკლები პრემიერაზე მოვიწვიეთ. სწორედ მაშინ ძალიან მოკრძალებით თქვა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა კლარა ფოცხვერაშვილმა, რომ თვითონაც აპირებდა ქართულ ენაზე სპექტაკლის დადგმას. ეს ყველაფერი მაშინ დიდი სურვილს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას, მაგრამ ჩვენ დღეს დავრწმუნდით, რომ ქვეყნისა და საქმის სიყვარული ნებისმიერ სურვილს რეალობად გადააქცევს. ამჯერად კი მოხდა სასწაული _ სწორედ სასწაული შეიძლება უწოდო იმას, რაც ფოკის საჯარო სკოლის VIII-X კლასის მოსწავლეებმა მოახდინეს ბორჯომელთა სცენაზე. ქართულ ენაზე წარმოდგენილი სპექტაკლი ,გრიქორი~ უჩვენეს მაყურებელს.
- სპექტაკლი დადგეს ერთ პატარა ოთახში. მოსწავლეებს სცენაზე მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ, აღნიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა კლარა ფოცხვერაშვილმა. სასცენო კოსტიუმები კი ახალციხის თეატრს უთხოვებია. სკოლაში დრამწრე რამდენიმე წელია არსებობს, თეატრისათვის საჭირო აღჭურვილობის უქონლობის მიუხედავად, მოსწავლეები მაინც ენთუზიაზმით და სიყვარულით დგამენ სპექტაკლებს.
სპექტაკლმა ,,გრიქორიმ~ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მაყურებელში, მას გულგრილად ვერ უყურებდი, რადგან ეს იყო ქართული ენისადმი დიდი პატივისცემა, ვის წინაშეც ქედს უნდა იხრიდეს ყველა, ვინც საქართველოს მოქალაქეა. ეს ბავშვებმა ნამდვილად დაამტკიცეს და შესანიშნავადაც.
სპექტაკლის ჩვენებას დაემთხვა ის ფაქტი, რომ ბორჯომში სტუმრად იმყოფებოდნენ ტაბაწყურელი მოსწავლეები.
- თქვენი ვიზიტი ჩვენი სკოლის დღეებს დაემთხვა, ისინი ერთმანეთს შეერწყა, როგორც მეგობრობის სიმბოლო - აღნიშნა #6 საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთინო ხაჩიძემ.
- რადგან საქართველოში ვცხოვრობთ, ყველა ერმა პატივი უნდა სცეს ქართულ ენას, ეს კონსტიტუციური მოთხოვნაა და სომეხი ბავშვების მეგობრობა ასეც უნდა გაგრძელდეს - აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა სტეფანე გაბრიელიძემ.
სპექტაკლის შემდეგ თოჯინების თეატრმა სამახსოვრო საჩუქარი და სიგელი გადასცა პატარა მსახიობებს ქართულ ენაზე დადგმული სპექტაკლისათვის.
სტუმრებმა, ვინც ამ სპექტაკლს ესწრებოდნენ, თავისი აზრი გამოთქვეს პატარა მსახიობების შესახებ.
- პირველი ნაბიჯები გადაიდგა, აღფრთოვანებული ვარ, ეს ბავშვები ქართულ წერა-კითხვას, რომ სწავლობენ, მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთი ქვეყანა, ერთი სამშობლო გვაქვს - აღნიშნა კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის განყოფილების უფროსმა მაია გულიაშვილმა.
ეს ყველაფერი იმ პიროვნების დამსახურებაა, რომელმაც სიძნელეების მიუხედავად, დიდი და ვიწრო გზა გაიარა და ამ ბავშვებამდე მივიდა, - იგი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. - ეს ქალბატონი უფლის ქალბატონია, იგი ფოკაში წავიდა იმისათვის, რომ ბავშვებისთვის ქართული ენა ესწავლებინა, მადლობა მას ამისათვის, ემრავლოთ ასეთ ადამიანებს, - აღნიშნა ქალბატონმა ზეინაბ ლეკვეიშვილმა.
ქართველები - ქართულად, სომხები კი სომხურ-ქართულად ერთმანეთის მიმართ თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ. იმედია, მათი მეგობრობა დროს გაუძლებს და სამომავლოდ ენობრივი ბარიერი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანეთში ყოველთვის არსებობდა, მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე დარჩება.
Targmne.com
მარი ზაქაშვილი
08.07.2010 |