|
,,ბორჯომი~. ალბათ, შეგიმჩნევიათ, ახალგაზრდების უმრავლესობა ხშირად უსაქმურობაში ათენ-აღამებს, ერთთავად ,,უსაქმურთა ბირჟებს ამაგრებენ~, უფროსების შენიშვნაზე კი უტიფრად პასუხობენ, რა ვქნათ, სამუშაო არ გვაქვს და აქ დგომას მაინც ნუ დაგვიშლითო.
ვერაფერს იტყვი, ,,რკინისებური ლოგიკაა~, მაგრამ ის, ვინც ეძებს, სამუშაოსაც პოულობს და შინაარსიანადაც ატარებს თავისუფალ დროს.
დახედეთ ამ სურათს _ იგი მყინვარწვერზეა გადაღებული. ბორჯომელმა ალპინიზმის მოყვარულმა ახალგაზრდებმა ბაქარ გელაშვილმა, ლაშა ხაჩიძემ და ჯონი კაპანაძემ თავიანთ მეგობრებთან ლევან ჩოფიკაშვილთან და ლევან ბერძენიშვილთან ერთად 27-29 ივნისს ყაზბეგის ცნობილი მარშრუტით მყინვარწვერი დალაშქრეს და იქ ყოფნის სახსოვრად ეს სურათი გადაიღეს.
სალაშქროდ წასვლის წინ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტს სერაფიმეს ეწვივნენ და კურთხევა სთხოვეს, ახალგაზრდებმა მეუფეს თხოვნაც გაითვალისწინეს და მყივარწვერზე საქართველოს დროშასთან ერთად აფხაზეთის დროშაც აიტანეს მეგობრობის და თანადგომის ნიშნად, ვინძლო ამ დროშებმა სოხუმშიც ჩააღწიონ და ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის უნდობლობისა და გაუცხოების ჯებირის დანგრევაში ცოტაოდენი წვლილი მაინც შეიტანონ.
ახალგაზრდა ალპინისტთა მყინვარწვერზე ასვლა ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, #2 ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორმა ბატონმა სტეფანე გაბრიელიძემ დააფინანსა.
როცა ახალგაზრდები რედაქციაში მოვიწვიეთ შთაბეჭდილებების გასაზიარებლად, ისინი ზურგჩანთებით აღჭურვილნი გვეწვივნენ. დავინტერესდით მათი სამომავლო გეგმებით. მათ გულახდილად გვითხრეს: _ ბირჟაზე უქმად დგომას ბუნებაში ყოფნა გვირჩევნია, ახლაც პლატოზე მივდივართ, კლდეზე ცოცვაში გვინდა ვივარჯიშოთო.
გვწამს, ასეთი ახალგაზრდები ზნეობრივადაც სრულყოფილები, ერთმანეთის გატანა-დახმარებაშიც უანგარონი იქნებიან და სამშობლოსაც ღირსეულად გამოადგებიან.
ვალერიან ლომიძე
12.08.2010 |