|
,,ბორჯომი~. ქვეყნის პრეზიდენტის ,,სოფლის მხარდამჭერი~ პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, სოფელ ჭობისხევში არა ერთი კეთილი საქმე გაკეთდა. დამთავრდა გასულ წლებში უხარისხოდ გაკეთებული სასმელი წყლის მილების ხელახალი აღდგენა. სამწუხაროა, რომ წინა წლებში ამ ობიექტის რეაბილიტაციისთვის 10 ათასობით ლარი დაიხარჯა და მოსახლეობას წყალი მაინც არ ჰქონდა. ეს საქმე ახლა გამოსწორდა და წყლის ცენტრალური სისტემა წესრიგშია. ახლა ყველა ოჯახს შეუძლია სასმელი წყალი საკუთარი ხარჯებით ბინებში შეიყვანოს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დვირის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის პავლე მეხრიშვილის განმარტებით, სოფელ ჭობისხევში გზის მოხრეშვა სწრაფი ტემპით მომდინარეობს, რისთვისაც 43 ათასი ლარია გამოყოფილი.
მრავალი წელი სოფელში გზა მოუწესრიგებელი იყო, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით ეს პრობლემა სოფლის მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდა, გვეუბნება პავლე მეხრიშვილი და იქვე ამატებს, რომ სოფლის კეთილმოწყობა გრძელდება.
_ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 2009 წელს ჭობისხევს 7 ათასი ლარი ერგო. აღნიშნული თანხით საავტომობილო გზის 28 მეტრიან კედელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მიმდინარე წელს კი ამავე პროგრამის ფარგლებში თანხა გაორმაგდა, და 14,9 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა სასოფლო კლუბის თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობას მოხმარდება. გარემონტდება ოთახები, დარჩენილი თანხით კი რიტუალების სახლისთვის ჭურჭელს შევიძენთ, _ გვიხსნის მეხრიშვილი და იქვე დასძენს, რომ სოფლისთვის ბევრი რამ კარგი კეთდება, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ არჩილ მიქელაძის და დვირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ბატონ გიორგი ბიბილურის განმარტებით, რაიონის ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხებს გამოყოფენ სოფლის კეთილმოწყობისთვის.
როგორც შევიტყვეთ, დაბაძველის საძოვრებამდე საავტომობილო გზა მოსაწესრიგებელია, ჭობისხეველები ამ გზით უკავშირდებიან დაბაძველის სათიბ-საძოვრებს, აქ აიალაღებენ პირუტყვს, აქედან ეზიდებიან თივას. ახლა, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბაძველის ტერიტორიაზე თივას ამზადებს, ამ გზის რეაბილიტაცია საშური საქმეა.
ნატო კოპაძე
12.08.2010 |