მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
მათ სხეული გამოიტანეს, სული კი იქ დატოვეს
,,ბორჯომი~. თუ 2008 წლის აგვისტოს ომამდე სამაჩაბლოში შესვლას ასე თუ ისე ვახერხებდით და მშობლიურ კუთხეს ვნახულობდით, აგერ ორი წელია, იქაურები ლტოლვილებად ვიქეცით. გვენატრება ლიახვის ხეობის შესანიშნავი ბუნება, უგემრიელესი ხილით დახუნძლული ბაღების ხილვა.
სექტემბერში ხილის კრეფა იწყებოდა, იკრიფებოდა ცნობილი კეხურა, ბროცკის და ივერიის ჯიშის  ვაშლები.
ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ერთი ბაღიდან მეორეში დავრბოდით.
ოო, მართლაც მდიდარი სოფლები იყო ლიახვის ხეობაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო: კეხვი, ძარწემი, აჩაბეთი, სვირი, ხეითი, თამარაშენი, ქურთა... ყველა ქართველებით იყო დასახლებული და ოსებთან ტკბილი, მეზობლური და ნათესაური კავშირი გვქონდა _ ერთად ვიზიარებდით სიხარულსა და გაჭირვებას.
დღეს მენატრება, ძალიან მენატრება ოცი-ოცდახუთი წლის წინანდელი პერიოდი, იგი ბედნიერებით და სიხარულით იყო აღსავსე.
სამწუხაროდ, ის ლამაზი მოგონებები ზღაპარივით გაქრა.
ამ ოცი წლის წინათ ამ ხეობაში ცხოვრება აირია და საუკუნის მანძილზე ძმურად მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის შავმა კატამ გაირბინა.
ლიახვის ხეობის ქართველმა მოსახლეობამ დიდი გაჭირვებით თავი ძლივს გამოიტანა. რუსების დახმარებით ოსებმა ქართველებს ნამდვილი გენოციდი მოუწყვეს.
გამოვრბოდით საკუთარი მიწა-წყლიდან. საკუთარ სამშობლოში ცარიელ-ტარიელნი, ცრემლიანი და გულმოკლულნი, მოგვქონდა ჩვენი სხეული, სული კი, სული ტანჯული დღესაც იქაა _ სამაჩაბლოში, იქაა ჩვენი წინაპართა საფლავები, სადაც აი, უკვე ორი წელია ქართველს ფეხი არ დაუდგამს, სანთელი არავის აუნთია წმინდა სალოცავებში, არც ის ვიცით, ბარბაროსების ხელს გადაურჩა თუ არა  დიდი ჭირ-ვარამ გამოვლილი ეკლესია-მონასტრები...
საუკუნეების მანძილზე ქართველების და ოსების ერთად თანაცხოვრების ისტორია თითქმის წამებში გაქრა, ჩვენს სამშობლოში  ჩვენ აქეთ ვართ, ცხადია, ისინი იქით _ ჩვენივე ქვეყნის მიწა-წყალზე, თუმცა ,,სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას~ უწოდებენ.
უკვე ორი წელია სამაჩაბლოელი დევნილები პატარ-პატარა კოტეჯებში ცხოვრობენ, რომლებიც ფუტკრის სკებივით არიან ჩამწკრივებულნი, თავ-თავიანთი სოფლის სახელები შეურქმევიათ და ხალხი იმ მოგონებებით და იმ წესებით ცხოვრობს, როგორც კეხვში, სვირში, ქემერტში, ძარწემში, აჩაბეთში, ქურთაში, ხეითში, თამარაშენში.... ცხოვრობდნენ, ცხადია, მთლიანად ისე ვერა, როგორც ადრე, რადგან ღამე, როცა სძინავთ, სიზმარში სამაჩაბლოში დაიარებიან.
გვეღირსება კია ოდესმე დაბრუნება? ბევრი ამ ქვეყანაზე აღარცაა, ზოგს გულმა უმტყუნა, ზოგს ნერვებმა, ზოგს ყივილი ესმის მშობლიური მიწისა _ ამ ქვეყნიდან ისე არ წავალთ, მამა-პაპათა გვერდით დასაფლავება რომ ვერ  გვეღირსოსო...
...ახლაც აგვისტოა, ისევე ცხელი და მტკივნეული დღეებია, როგორც ორი წლის წინ, აღარაფერია ქართული ლიახვის ხეობაში, გადამწვარი და რუსული ტანკებით გადათელილი ქართული სოფლები _ მიწისაგან პირისა აღგვილი, მაგრამ სული იქ ტრიალებს, სული იმ გამოქცეული ათიათასობით ქართველისა, რომლებმაც  მხოლოდ სხეულის გადარჩენა შეძლეს.
იმედი ყველაზე ბოლოს კვდება, სამაჩაბლოელ ქართველებს სწამთ, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან მშობლიურ ადგილებში.
ღმერთმა იმედი გაუმართლოთ!

ს. ხეთაგაშვილი
19.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -3 °C -3 °C
ღამით -12 °C -13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.