მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია

,,ბორჯომი~. ორიოდე თვეა გასული, რაც დამთავრდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა და აირჩია ისინი, ვისაც ყველაზე ძალიან ენდობა და სჯერა, რომ გაამართლებენ მათ ნდობას.
ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაა. მას სათავეში ჩაუდგა ბესიკ ქურდაძე, რომელსაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს.
დღეს ბატონი ბესიკ ქურდაძე ჩვენი გაზეთის სტუმარია.

ბატონო ბესიკ, უპირველესად, გაზეთ ,,ბორჯომის~ მრავალრიცხოვანი მკითხველის სახელით, გილოცავთ საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას, როგორ ფიქრობთ, მძიმეა ის ტვირთი, რომელიც ამომრჩეველმა დაგაკისრათ?
_ დიდი მადლობა ამომრჩეველთა სახელით მოლოცვისთვის. კარგად მაქვს გათვითცნობიერებული იმ ტვირთის სიმძიმე, რომელიც უნდა ვზიდო. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა პრობლემების გათავისებისთვის და შეძლებისდაგვარად მათი გადაწყვეტისთვის.
როგორი ენთუზიაზმით დაიწყეთ მუშაობა?
_ მუშაობა დავიწყეთ გასულ წლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და განკარგულებების გაცნობით. შევისწავლეთ და ახლაც ყურადღებით ვსწავლობთ მშრომელთა განცხადებებს, საჩივრებს, წინადადებებს. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვხვდებით მოსახლეობას, ვაზუსტებთ გასაკეთებელ, ასაშენებელ თუ გადასაწყვეტ პრობლემათა ნუსხას, აქედანვე ვემზადებით მომავალი წლისთვის. ვამუშავებთ საფუძვლიან სამოქმედო პროგრამას და სხვა.
რა სირთულეებს წააწყდით?
_ სირთულეები და პრობლემები საკმარისზე მეტია. უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ რაიონში უამრავი რამ გასაკეთებელია, ბიუჯეტი კი ერთობ მწირია.
სულ ახლახან რაიონის ბიუჯეტი 250 ათასი ლარით გაიზარდა და ეს თანხა ძირითადად გადავანაწილეთ ყველაზე სასწრაფოდ, პირველ რიგში ისეთ გასაკეთებელ ობიექტებზე, როგორიცაა საყრდენი კედლების, გარეგანათების, წყალკანალიზაციის აღდგენითი სამუშაოები და სხვა.
განვლილ ორ წელიწადში რაიონში ბევრი რამ გაკეთდა და ეს კარგად იცის მოსახლეობამ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. განსაკუთრებით მინდა აღინიშნოს ქვეყნის პრეზიდენტის თაოსნობით განხორციელებული პროგრამა ,,ფული _ ყველა სოფელს~, რომელმაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო. სოფლად არაერთი ობიექტი ჩადგა მწყობრში და წელსაც ბევრი რამ კეთდება. სამომავლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გვპირდებიან თანხების გაორმაგებით გამოყოფას.
ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი უღირსი, თავგასული და უზნეო ადამიანი არ უფრთხილდება სახალხო ქონებას. გახსოვთ, შარშან აღადგინეს მგზავრთა მოსაცდელების დამსხვრეული მინები. სამწუხაროდ, ბევრგან მოსაცდელების მინები ისევ ჩაამსხვრიეს, ზოგან ღამის განათების ლამპიონები, საბაღე სკამები დაამტვრიეს  ან მოიპარეს, ამ ყველაფერს ისევ აღდგენა უნდა, რაც დამატებით თანხებს მოითხოვს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გაუფრთხილდეს  საერთო-სახალხო ქონებას, ჩვენთვის მიუღებელია ქალაქის გალამაზების მიზნით ერთხელ გაკეთებული მეორე წელს თავიდან ვაკეთოთ.
მშობლებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ შვილებისადმი, აუხსნან, შთააგონონ, რომ ქალაქის ქონებას გაფრთხილება უნდა.
უკვე გაიმართა ახალი საკრებულოს რამდენიმე სხდომა. თქვენი აზრით, როგორი ,,მებრძოლი~ დეპუტატები არიან შეკრებილნი, რას მოელით მათგან?
_ საკრებულოში რამდენიმე ძველი მოწვევის დეპუტატიცაა, უმრავლესობა ახალბედები არიან. ჩატარებული სხდომების შეფასებით თუ ვიტყვით, ისინი საკმაოდ მონდომებულები არიან, აქვთ კარგი წინადადებები და გეგმები, შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ საკრებულოს ახალი დებულება, მოსალოდნელია ცვლილებებიც, მაგრამ გვაქვს დიდი სურვილი კოლექტიურად გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რაც მთლიანად რაიონშია. ახლა ვაზუსტებთ ამომრჩეველთა განაწესებს, დეპუტატთა წინადადებებს, გვინდა წლის ბოლომდე დაიხვეწოს სამოქმედო გეგმა.
თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის შესაბამისად ბევრი ცვლილებებია შეტანილი მუნიციპალიტეტის მმართველობითი აპარატის საქმიანობაში, გათვალისწინებულია ერთიანი კანცელარიის და აპარატის ჩამოყალიბება, რაც უფრო მობილურსა და ოპერატიულს გახდის ჩვენს საქმიანობას.
საკრებულოში და გამგეობაში დასაქმებულების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, დავემშვიდობებით იმათ, ვისაც არ შეუLძლია ადამიანებთან მუშაობა ან დაბალი კვალიფიკაციისა არიან.
გვექნება გასვლითი სხდომები. პირადად მე ხშირად მივდივარ მოსახლეობასთან, ვეცნობი მათ პრობლემებს, ასეთი შეხვედრები უკვე მქონდა ტაძრისში, დგვარში, საკირეში.
რაც შეეხება საკრებულოს საქმიანობას, იგი იქნება საჯარო, ღია და გამჭვირვალე, ყველა მიღეEბული დადგენილება გამოქვეყნდება, ნებისმიერ მოქალაქეს მოვუსმენთ და ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით დავეხმარებით. მოსახლეობასთან გვექნება გულახდილი დიალოგი, ეს იქნება ჩვენი საქმიანობის უმთავრესი  მიმართულება.
თქვენთვის უცხო არაა რაიონში არსებული პრობლემები. რომელს გამოყოფდით და როგორ ფიქრობთ მათ გადაწყვეტას?
_ დავიწყოთ იმით, რომ ბორჯომი საკურორტო რეგიონია, ამდენად, ყველა პრობლემა თუ გადასაწყვეტი საკითხი ამ კუთხით უნდა იქნას განხილული.
უპირველეს ამოცანად მიმაჩნია სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება. როგორც მოსახლეობამ იცის, ეს სამუშაოები დაწყებულია, მშენებლების დიდი იმედი გვაქვს, გვწამს, ისინი დროულად და ხარისხიანად შეასრულებენ დავალებას.
საკურორტო მეურნეობის და ტურიზმის განვითარებისთვის მთავარ პრიორიტეტად მიგვაჩნია ქალაქში ინფრასტრუქტურის (სასტუმროების, საზკვების ობიექტების, შიდა გზების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის, მეწარმეობის, ფერმერული მეურნეობის) განვითარება.
სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია ადრე გაყიდული ობიექტების დაკონსერვების საკითხი. ასე მაგალითად, სამი წლის წინათ გაყიდული მეოთხე სამმართველოს სანატორიუმი ,,ბორჯომი-ლიკანის~ მშენებლობა დღესაც არ დაწყებულა, არადა სამი წელია აქ დასაქმებული 200 ადამიანი უმუშევარია, ასევე ითქმის სხვა საკურორტო ობიექტებზეც.
უდიდეს პრობლემად მიგვაჩნია დასაქმების საკითხის მოგვარება. პერსპექტივაშია ახალი კერძო სასტუმროების მშენებლობა, სადაც ადამიანები დასაქმდებიან, ყოველმხრივ ხელის შეწყობა გვმართებს მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. სწორედ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გაიყიდება დასასვენებლად ჩამოსულებზე.
დიდი ძალისხმევა მოგვიწევს იმისთვის, რომ ბორჯომით დავაინტერესოთ და სათანამშრომლოდ მოვიწვიოთ ინვესტორები, ბიზნესმენები, რათა ბორჯომის განვითარებისთვის ჩადონ თანხები.
ერთი სიტყვით, წინ დიდი სამუშაო გველის.
რა დადებით ცვლილებებს უნდა ელოდოს უახლოეს პერიოდში რაიონის მოსახლეობა?
_ გულახდილად მინდა გითხრათ, მეტად მძიმე მემკვიდრეობა გვხვდა წილად. უაღრესად ღარიბი ბიუჯეტი დიდი გარდაქმნების საშუალებას არ იძლევა. დღემდე არც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა გვაქვს. ის სამრეწველო საწარმოები, რომლებიც ამ ოცი წლის წინათ მუშაობდნენ, გაპარტახებულია, ახლის შექმნა-ამუშავება კი მეტად რთულია, ამიტომ ეკონომიკის განვითარება უახლოეს წლებში ფაქტიურად შეუძლებელია.
ჩვენს სამომავლო მუშაობაში დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, გვინდა საჯარო და ღია გავხადოთ ყველა პრობლემური საკითხის განხილვა. ჯობია ხალხმა იცოდეს მწარე სიმართლე, ვიდრე მოვატყუოთ, რასაც შევპირდებით, იმას კიდეც გავაკეთებთ.
თქვენ ამას წინათ იტალიაში ბრძანდებოდით. რასთან იყო დაკავშირებული თქვენი მოგზაურობა?
_ დიახ, გახლდით იტალიის ქალაქ გუბიოში. იგი ბორჯომისხელა, მთაგორიანი ქალაქია, მეტად ლამაზი ბუნება აქვს, ყველა სახლის სახურავი ერთი ფერის კრამიტითაა გადახურული. გავეცანი ამ ქალაქის მუნიციპალიტეტის მუშაობის გამოცდილებას. ამ ქალაქში გაიმართა კამერული მუსიკის ფესტივალი, სადაც სხვებთან ერთად მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის კამერული მუსიკის ორკესტრი, გავაფორმეთ ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ძალიან მინდა ჩვენს ქალაქშიც გაიმართოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი. გადავწყვიტეთ გავცვალოთ დელეგაციები, მოვიწვიოთ იქაური ბიზნესმენები, დავაინტერესოთ ბორჯომის განვითარებაში ჩადონ ინვესტიციები.
თქვენი ბორჯომში არყოფნის დღეებში სტიქიამ შემოგვიტია, ტყე დაიწვა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ მეტად ცუდი ფაქტი მოხდა. ბუნებას თვალისჩინივით უნდა გაფრთხილება, დაიწვა ათობით ჰექტარი უნიკალური ტყე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რაიონის მეხანძრეებს, მაშველებს, სოფლების მშრომელებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ხანძრის ჩაქრობაში.
მხოლოდ ასეთი თავგანწირვით მობილიზებულები და ერთსულოვნები შევძლებთ სტიქიის დამარცხებას. ეს ხანძარი მეტად ძვირი დაგვიჯდა, უაღრესად დიდი მატერიალური და ფინანსური ხარჯები გავიღეთ.
ხომ არ გაგვანდობთ ახლო მომავლის სამოქმედო გეგმას?
_ რატომაც არა. დავიწყეთ მზადება  ბორჯომ-ქალაქობის ზეიმისთვის, იგი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. გვინდა ეს ზეიმი ადრე ჩატარებულზე უკეთესი იყოს.


ვალერიან ლომიძე
19.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -3 °C -3 °C
ღამით -12 °C -13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.