|
,,ბორჯომი~. ბორჯომი, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი, დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას. ამ 10-15 წლის წინ ქვეყანაში შექმნილმა ქაოსმა და განუკითხაობამ ბორჯომზეც ცუდად იმოქმედა, დაინგრა და გაპარტახდა საკურორტო მეურნეობა, რაც მთავარია, გაწყდა კავშირები ყოფილ სსრ კავშირის რესპუბლიკებთან, დავკარგეთ დამსვენებელი. საკურორტო ზონაში აღარც თანამედროვე დონის სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებები გვაქვს.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს დამსვენებელი, ტურისტი და მოაგარაკე ბორჯომის ხეობას ნამდვილად არ აკლია. კარგა ხანია ასე მრავალრიცხოვანი არ ყოფილა ბორჯომი.
ტემპერატურის უსაშველოდ მომატებამ დედაქალაქის და სხვა რაიონების მცხოვრებთა მოზღვავება გამოიწვია...
არადა თბილისის სიცხესთან ერთად ბორჯომშიც კარგა გვარიანად ანათებს მზე. მოაგარაკე წელს მტკვრის ნაპირებზედაც კარგად ირუჯება.
ბორჯომის ხეობის სააგარაკო სოფლებს მოაგარაკეთა ჟრიამული ავსებს.
როგორია მომსახურების დონე, რამდენად კმაყოფილია იგი.
_ იცოცხლე, რაღა სათითაოდ ჩამოვთვალო და... ძვირია ყველაფერი _ დასვენება ძვირი სიამოვნებაა.
წელს უფრო მრავალფეროვანი გასართობი საშუალებებია ბორჯომ-პარკში, ვიდრე წინა წლებში... როგორც ეტყობა ბაზარმაც გადმოინაცვლა პარკის შესასვლეთან _აქვე შემოგთავაზებენ ბოსტნეულსა თუ ხილს, ათასგვარ სუვენირებს სასუსნაოს, სუვენირებს...
მრავალფეროვანი საქანელებითაა სავსე კოსტავას სახელობის პარკი, რომელიც არც თუ ძალიან ძვირია.
პარკში ოცამდე ლუდის ბარია, აქედან მხოლოდ ერთს ირაკლი გიუაშვილს აქვს ხელსაბანი და გამდინარე წყალი, დანარჩენები როგორ რეცხავენ ჭურჭელს, არავინ იცის. პარკში არც ტუალეტია, წელს სახელდახელო ბარებიდან მოსაკრებელი გაორმაგდა. ლუდის ბარის ბევრი მეპატრონე წუწუნებს, შემოსავალი არ გვაქვს და გადასახადს ვერ გადავიხდითო.
საკმაოდ ძვირია სახელდახელოდ მოწყობილ ხელოვნურ ტბაზე ნავებით სეირნობა _ 2 ლარი ღირს. ბატუტზე 5 წუთი ხტუნაობა, რომლებსაც მაღლა ხტომის მსურველები არ აკლია, 2 ლარი ღირს.
ყოფილ კინოთეატრ ,,ბორჯომის~ მიმდებარედ დადგმული ბუნგალო აქ ეგზოტიკურ გარემოს ქმნის.
ბუნგალოში შევლისას ბარმენმა გოგომ აგვიხსნა ამ ობიექტის დანიშნულება, დღისით დამსვენებელთა ნაკლებობაა, ღამით კი ბუნგალო თავის მნიშვნელობას წარმატებით ასრულებს. აქვთ სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც სტუმარს ართობენ.
იგი 14 ივლისიდან ფუნქციონირებს, ყოველდღე იმართება დისკოტეკები. ამას წინათ ,,ქუჩის ბიჭებმა~ ჩაატარეს კონცერტი, მოეწყო ჟურნალისტური საღამოც, სტუმრად იყო მაესტრო მორასი, რომელმაც ცეცხლოვანი ცეკვა უჩვენა მაყურებელს.
საღამოები სეზონის დამთავრებამდე გასტანს და შესანიშნავ გართობა-დასვენებას სთავაზობს მოაგარაკეებს.
როგორც შევიტყვეთ საღამოს საათებში აქ შესვლა 6 ლარი ღირს, ხოლო ქართულ-ეროვნული სამზარეულო და სხვადასხვა სახის უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები საკმაოდ ძვირი ღირს...
რას ჩივიან დამსვენებლები?
_ რომ იხრჩობოდე, ვერსად წყალს ვერ დალევ... მომავალ წელს რომ ჩამოვალთ, ვისურვებდით ამ აპატარა პარკში წყლის დასალევი ბიუვეტი ყოფილიყოს, რაც ასე აკლია ამ ადგილს, გვითხრეს დამსვენებელმა ქალბატონებმა.
დამსვენებლები უჩივიან ქალაქში არსებული კაფე-სასადილოებში გაძვირებულ სადილ-ვახშამს და არც მათი მომზადების დონეა სახარბიელო...
მთავრობამ ბათუმი, ქობულეთი, სიღნაღი და სხვა კურორტები ააყვავა და ბორჯომს ბოლომდე არ მიხედა, რაც გაკეთებულია, ისიც უხარისხოა და მოუვლელია...
ჯერ კიდევ ვერ გადაწყდა ნაგვის პრობლემა ამ პატარა ტერიტორიაზე. ათასი წვრილმანების გამყიდველები სადაც დგანან, იმ ტერიტორიას მოგვიან და... გარშემო კი ათასგვარი ნაგავი ყრია, ერთი სიტყვით უსუფთაობაა. დამსვენებელი იმასაც ჩივის, რომ ბაღში არსებულ სკამებზე გამყიდველები გამოჭიმულან ტავის პროდუქციასთან ერთად, ჩვენ კი დაჯდომის საშუალება არ გვაქვსო.
დიდებისგან განსხვავებით ბორჯომ-პარკში პატარები ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავენ _ შესანიშნავად ერთობიან ატრაქციონებზე, მანქანებზე თუ ნავებზე, აკნატუნებენ მზესუმზირას და ჩარჩოებით ანაგვიანებენ ტერიტორიებს.
ასე რომ ზაფხულის სეზონი გრძელდება ბორჯომში და იგი ძალზე შინაარსიანი და შთამბეჭდავია დამსვენებლისთვის.
ირინა კუჭუხიძე
26.08.2010 |