|
31 ივლისს სადგერის მიდამოებში გაჩენილმა ტყის ხანძარმა სერიოზული ზიანი მიაყენა ბორჯომის საკურორტო ტყეებს.
ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპერატიულად ჩაებნენ ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო დაცვის სამსახურის მეხანძრეები, ამასთან მობილიზებული იქნა დამატებითი ძალები სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, თბილისიდან, ხაშურიდან, ქუთაისიდან, გორიდან და სხვა რაიონებიდან.
ჩვენი სტუმარია ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსი ლევან ჩაჩანიძე.
ყოველდღიურად სტიქიას ებრძოდა 200 ადამიანი. დამხმარე ძალა იქნა მობილიზებული რაიონის სოფლებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრისის, საკირის, დგვარის, ბაკურიანის, ტბის, სადგერის, წაღვერის, ახალდაბის და სხვა სოფლების მოხალისეთა თავდადება ხანძრის ქრობის საქმეში.
ხანძრის ლოკალიზების და დროულად ჩაქრობისთვის მობილიზებული იქნა სამი სპეციალური ვერტმფრენი და 14 სახანძრო ავტომობილი. ტყეში ოპერატიულად გაყვანილი იქნა 17 კმ სიგრძის შემოვლითი გზა, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად გადაგვყავდა მეხანძრეები და მოხალისეები, სახანძრო მანქანები და წყალმომარაგებაზე მომუშავე მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომლებზეც დამონტაჟებული იყო წყლის ავზები. ვერტმფრენებით და სახანძრო ავტომობილებით ყოველდღიურად ხანძრის კერებში იღვრებოდა 500-560 ტონა წყალი.
1 აგვისტოდან ცეცხლის სრულ ჩაქრობამდე რაიონის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო მეხანძრეთა, მაშველთა და მოხალისეთა ერთჯერადი კვება, მათი სასტუმროებში განთავსება, ტრანსპორტის საწვავით და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება.
15 აგვისტოსთვის შესაძლებელი გახდა ხანძრის ლოკალიზება და ცალკეულ უბნებში ცეცხლის პატარა კერების ჩაქრობა, რაშიც უდავოდ თავგანწირული ბრძოლის მაგალითები გვიჩვენეს ბორჯომელმა მეხანძრეებმა და მაშველებმა. გულწრფელად უნდა განვაცხადოთ, სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმძიმე ბორჯომელი მეხანძრეების და მაშველების მხრებზე გადავიდა. განსაკუთრებულად ვერავის გამოვყოფთ, ყველა ერთგულად და თავდადებით ებრძოდა ცეცხლს. აღსანიშნავია სახანძრო დაცვის ავტომძღოლის ალექსანდრე ტალახაძის მაღალი ოსტატობა. მან ტყეში სახანძრო მანქანის მართვის უმაღლესი კლასი აჩვენა და თვით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც კი გააკვირვა.
რა ზარალი მიაყენა ხანძარმა რაიონს?
_ ხანძარმა აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა რაიონს. მარტო საწვავის, სათადარიგო ნაწილების და კვების ხარჯებმა 25 ათას ლარს გადააჭარბა. ამჟამად მიმდინარეობს დამწვარი ფართობების აზომვა და ბუნებაზე მიყენებული ზარალის გაანგარიშება.
ფაქტია, დაუდევრობამ და გულგრილობამ ასობით ათასი ლარის ზარალი მიაყენა სახელმწიფოს.
რას ეტყვით მოსახლეობას?
_ კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მოსახლეობას ტყეში სიარულისას დაიცვან ხანძარსაწინააღმდეგო წესები, არ დატოვონ ტყეში დანთებული კოცონი, არ გადააგდონ ჩაუქრობელი ასანთი და სიგარეტი. უდარდელობამ და გულგრილობამ, როგორ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა, ხომ დავინახეთ. დასკვნების გამოტანის დროა.
P.S. ამას წინათ გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სპეციალურად იმსჯელეს სადგერი-ტბის მიდამოებში ხანძრის საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესახებ, სადაც მაღალი შეფასება მისცეს ბორჯომელ მეხანძრეთა და მაშველთა თავგანწირვას ტყის ხანძრის ქრობაში, ამასთან, მიიღეს გადაწყვეტილება მეხანძრეთა ხელფასების გაზრდის თაობაზე. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას და პატივისცემას.
ვალერიან ლომიძე
26.08.2010 |