მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
მეორე რაუნდი იწყება...


საზოგადოების გამოკითხვის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

ელდარ მამისთვალაშვილი: "არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არც ერთი გერბი ხალხის გამოკითხვით არ მიღებულა"

19 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები. ძირითად განსახილველ საკითხს წარმოადგენდა გორის მუნიციპალიტეტის გერბის (ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, იქნება ეს მხოლოდ ქალაქ გორის თუ მთლიანად გორის მუნიციპალიტეტის გერბი) შესაქმნელად ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობის წესები და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების და სპეციალისტების ჩართვა. საკრებულოს თავმჯდომარემ მოისმინა დამსწრეთა მოსაზრებები და რეკომენდაციები.

ზვიად ხმალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: "გორის მუნიციპალიტეტის გერბის შესარჩევმა კონკურსმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დროებით შექმნილმა კომისიამ თავისი ფუნქცია შეასრულა, ჩაატარა კონკურსი, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რადგან წარმოდგენილი 37 ნიმუშიდან არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა ჰერალდიკის კანონებს. ამჯერად მუდმივმოქმედი კომისია იმუშავებს და დაადგენს, უნდა იყოს ეს მხოლოდ ქალაქ გორის გერბი თუ მთლიანად გორის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) გერბი. ამ შემთხვევაში საზოგადოების ჩართულობა იქნება მაქსიმალური. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ თვითონაც მიიღო მონაწილეობა გერბის შექმნის პროცესში. ამ კომისიის ფუნქცია იქნება ერთი რამ - მოაწყოს შეხვედრები (მათ შორის გასვლითი შეხვედრები გორის რაიონის სოფლებში) საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან, აუხსნას, რატომ არის საჭირო გერბი და დაუსვას კითხვა - რას თვლიან ისინი გორის გერბისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ სიმბოლოებად, როგორი უნდა იყოს გერბი, რა ისტორიული მომენტები უნდა იყოს გათვალისწინებული და სხვა. გამოკითხვის შედეგებს კომისიის წევრები დააფიქსირებენ და ყველა დასახელებული სიმბოლოს ჩამონათვალს ჰერალდიკოსებს გაუგზავნიან, რომლებიც თავის მხრივ, ამ ნიმუშებს ჰერალდიკურ სიმბოლოებს მიუსადაგებენ და გაცხრილავენ სიას (ჩამოთვლილთაგან რა არ შეიძლება იყოს გამოსახული გერბზე). მათ მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ ნიმუშებს კი კვლავ გავაცნობთ საზოგადოებას და შემდეგ გავიტანთ საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. ისე უნდა ვიმუშავოთ, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩეს. ჯერ მოსახლეობას უნდა ვკითხოთ აზრი. საზოგადოების გამოკითხვის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გვსურს, ადგილობრივ ტელევიზიაში რამდენიმე გადაცემა მოვაწყოთ, სადაც საჯაროდ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, მოსახლეობას კი საშუალება ექნება, სატელეფონო ზარით ჩაერთოს პირდაპირ ეთერში და გამოთქვას თავისი აზრი. თანხმობის შემთხვევაში ვითანამშრომლებთ "ხალხის გაზეთთანაც". ამით ერთგვარ კამპანიას გავმართავთ. თუკი ასეთი წესით ვიმუშავებთ, კომისიაში სპეციალისტების მოწვევა საჭირო აღარ იქნება. როდესაც ერთ სპეციალისტს მაინც ჩავრთავთ, მაშინვე გაჩნდება კითხვა - რატომ არ ჩართეს სხვა?"

საზოგადოება "ჩვენი ქალაქის" წარმომადგენელი ზვიად შერმადინი თვლის, რომ თავდაპირველად ჰერალდიკოსებმა უნდა წარმოადგინონ გერბის რამდენიმე სავარაუდო ნიმუში და შემდეგ გადაწყვიტოს ხალხმა, რომელი დაწესდეს, თუმცა აღნიშნულს არ დაეთანხმა საკრებულოს თავმჯდომარე და დამსწრეთა ნაწილი.

ისაუბრეს სხვა ასპექტებზეც.

რეზო ოქრუაშვილი, გორის სადისკუსიო კლუბის თავმჯდომარე, "ხალხის გაზეთის" რედაქტორი: "სამუშაო ჯგუფი მაინც უნდა შეიქმნას და არ არის ძნელი იმ ადამიანების დასახელება, რომლებიც ამ ჯგუფში იმუშავებენ. ასეთები არიან ელდარ მამისთვალაშვილი და ვაჟა აბრამიშვილი."

ვერიკო ბიწაძე, გორის გენდერული რესურსცენტრის წარმომადგენელი: "კარგი იქნება თუ ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში სპეციალური გადაცემა მოეწყობა. შესაძლებელია ასევე ელექტრონული მისამართის მითითება და ერთი პატარა ყუთის დადგმა, რომელშიც მოქალაქეები ჩააგდებენ ფურცლებს საკუთარი აზრის გამოსახატავად."

ეკა ჯაფიაშვილი, "ურბანული ინსტიტუტის" გორის ოფისის ხელმძღვანელი: "საზოგადოების ჩართულობა და მათ შორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის აზრის მოსმენა არის აუცილებელი. თუკი სატელევიზიო გადაცემაც გაკეთდება, ძალიან კარგი იქნება."

მიხეილ ჩიტაძე, "გორის საინფორმაციო ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: "იმედი ნუ გექნებათ, რომ სატელევიზიო გამოკითხვით რაიმე შედეგს მიიღებთ, რადგან ეს იქნება მიკერძოებული და არაზუსტი ინფორმაცია."

ქეთი ბებიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ გორის ოფისის ხელმძღვანელი: `გერბის შემუშავება ისეთი საკითხია, რომ შეიძლება იგი განიხილებოდეს პირველი და მეორე მოწვევის საკრებულოებში და მხოლოდ მესამე მოწვევის საკრებულომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ეს გერბი არ იქმნება ერთი და ორი წლის ვადით, იგი უნდა გახდეს რეგიონის, მუნიციპალიტეტის სიმბოლო სამუდამოდ. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო საქმე და აჩქარება არ იქნება კარგი. მე პირადად მირჩევნია, გრძელი გზა გავიარო, პროცესი თანმიმდევრულად და გონივრულად წარიმართოს და ვიცოდე, რა სიმბოლოები იქნება გერბზე გამოსახული, ვიდრე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღოთ და შემდეგ მისი შეცვლა გახდეს საჭირო."

იმის გამო, რომ სხდომას მოწვეულთა დიდი ნაწილი არ ესწრებოდა, დისკუსიის დასასრულს ერთობლივი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, უნდა მონაწილეობდნენ თუ არა კომისიის საქმიანობაში მოწვეული სპეციალისტები.

დაინიშნა და 22 ოქტომბერს შედგა კიდევ ერთი მსგავსი ფორმატის შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ გერბის შექმნაზე მუშაობას საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისია გააგრძელებს ლევან ბიძინაშვილის თავმჯდომარეობით. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუშა ჯგუფისგან განსხვავებით (რომელიც უნდა დაკომპლექტდეს მხოლოდ საკრებულოს დეპუტატებისაგან), ამ შემთხვევაში კომისიაში იქნება ექსპერტების და სპეციალისტების მოწვევის საშუალება, მაგრამ არა ხმის უფლებით. მათ მხოლოდ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მიეცემათ.

ვიდრე კონსენსუსს მიაღწევდნენ, შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს.

ელდარ მამისთვალაშვილი, ისტორიკოსი, პროფესორი: "ჩემი აზრით, შემოთავაზებული გზა ძალიან შორი გზაა საბოლოო მიზნამდე. საკითხში გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობას ახლა რომ გერბზე დავუწყოთ ლაპარაკი, ჯერ თავად დაგვისვავენ შეკითხვას - რა არის გერბი. არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არც ერთი გერბი ხალხის გამოკითხვით არ მიღებულა და არც ერთ ეპოქაში იოლი არ ყოფილა მისი მიღება. გერბების ჩამოყალიბებას ზოგჯერ საუკუნეც დასჭირვებია. აუცილებელია, მუშაობა გაგრძელდეს კონკურსის წესით. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ მივაღწევთ შედეგს?! შესაძლებელია იმ ადამიანებმა, მხატვრებმა, რომლებმაც გერბის შესაქმნელად გამოცხადებულ პირველ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, გაითვალისწინონ ჰერალდიკოსთა შენიშვნები, გაეცნონ შესაბამის ლიტერატურას, მეტად გაერკვნენ საკითხში, უფრო მეტი გაიგონ გერბებზე და ახალ კონკურსში უფრო მომზადებულები ჩაერთონ. შეგვიძლია, მთლიანად საქართველოს მასშტაბით გამოვაცხადოთ კონკურსი. საკითხი კიდევ უფრო რთულდება თუ საქმე გვექნება გორის მუნიციპალიტეტის გერბის შექმნასთან. მე ვთვლი, რომ ჯერ ქალაქის სტატუსის აღდგენაზე უნდა ვიბრძოლოთ და შემდეგ ვიფიქროთ გერბზე. გერბის შექმნა არ არის საჯაროდ განსახილველი თემა და არც უნდა გავხადოთ იგი საჯარო, თუმცა, როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს, მეც მას დავეთანხმები."

მიხეილ ჩიტაძე: `მე ვთვლი, რომ სრულიად საკმარისია ასეთი ტიპის შეხვედრები გაიმართოს. ყველა, ვინც საკითხით არის დაინტერესებული, მოვიდეს, დააფიქსიროს თავისი აზრი და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვა იქნება ძვირი, მოითხოვს მატერიალურ ხარჯებს და დროში გაჭიანურდება. უფრო მარტივია, მოვაწყოთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეხვედრები და ჩვენს მიერ შერჩეული თემატიკა სპეციალისტებს მივაწოდოთ. სატელევიზიო თოქ-შოუს არანაირი კონკრეტული შედეგი არ ექნება."

ზვიად ხმალაძე: "ვიცნობთ სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებასაც, რომლებმაც დაამტკიცეს გერბები, მაგრამ ახლა სადავო გახდა და მათ შეცვლაზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ არ გვინდა ავჩქარდეთ და ასევე სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რადგან ერთხელ თუ მაინც დაისვა საკითხი მისი შეცვლისა, შემდგომში მუდმივად ასე გაგრძელდება. თუკი საზოგადოების აზრს გვერდს ავუვლით და საქმეს მთლიანად ჰერალდიკოსს მივანდობთ, მან შეიძლება არ იცოდეს რეგიონის და ქალაქის სპეციფიკა, მოსახლეობის აზრი და გორის ისტორიის ცუდი მოსწავლე აღმოჩნდეს. ამდენად იგი შესაძლოა მცდარ გადაწყვეტილებამდე მივიდეს."

შეხვედრის დასასრულს მონაწილეთა მიერ 20-მდე თემა და სავარაუდო სიმბოლო დასახელდა, რომლებიც მათი აზრით ასახული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის გერბზე. ფართო კამპანიის და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შემდეგ, რომელსაც კომისია გეგმავს, შეგროვილი მასალა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გაეგზავნება. მის მიერ ნებადართული სიმბოლოები კი საჯარო განხილვისთვის გორის ცენტრალურ მოედანზე გამოიფინება შესაბამისი განმარტებებით. საუკეთესოს შერჩევა კი ისევ მოსახლეობის მიერ მოხდება.

ნინო შოთნიაშვილი


ნინო შოთნიაშვილი
14.11.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
ukan
amindis prognozi
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.