|
"მრავალთვიანი ტანჯვა-წამების, ცდის, მოლოდინის შემდეგ გერმანიის მთავრობის დახმარებით 300 ოჯახი საბოლოოდ პოულობს თავშესაფარს. მე გითხარით შარშან, რომ კარვებში არავინ გამოიზამთრებდა და მართლაც, ყველა იყო საბავშვო ბაღებში თბილად. გითხარით, რომ იქნებოდა სახლები და არის სახლები კოტეჯების სახით. გითხარით, რომ წეროვანში დასახლებულ დევნილებს ექნებოდათ სამუშაო და მართლაც, რამდენიმე საწარმო გავხსენით, სადაც დასაქმებული გვყავს დევნილები. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან, ერთად შევქმნათ სამუშაო ადგილები. ჩვენი ამოცანაა, მოვიგოთ მშვიდობა ისევე, როგორც თავის დროზე ეს მოახერხა დასავლეთ გერმანიამ. შეუძლებელია, საქართველომ ძალადობაში და სისასტიკეში კონკურენცია გაუწიოს იმ რაზმებს, რომლებიც დაბანაკებულები არიან მავთულხლართის მეორე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური მუქარის ქვეშ ვიმყოფებით, ჩვენ მაინც ვაშენებთ და ეს არის მთავარი. ჩვენ გერმანული ტექნოლოგიების გამოყენებით ვაგებთ ავტობანს თბილისიდან გორამდე და გორიდან შავ ზღვამდე. "დამპყრობელი ერი" ზრუნავს თავის იმპერიულ სიდიადეზე, ჩვენ კი ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე ვზრუნავთ. ისინი თავის ძალას იმით ზომავენ, თუ ვინ როგორ დაჩაგრონ, ვინ როგორ შეურაცხყონ და ვის როგორ მოუსპონ მომავალი. ჩვენ კი ვზომავთ იმით, თუ რამდენად გვცემენ პატივს ჩვენი მოქალაქეები და ჩვენს გარშემო მყოფი მეზობელი სახელმწიფოები," - ასეთი მოხსენებით გამოვიდა 23 ოქტომბერს გორის შემოსასვლელში ვერხვების დასახლებაში გაშენებული კოტეჯების პრეზენტაციაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ახალი დასახლება ოფიციალურად თავად პრეზიდენტმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პატრიცია ფლორმა გახსნა.
გახსნისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სახლები დროებითია და დაზარალებული მოსახლეობა მშობლიურ სოფლებში აუცილებლად დაბრუნდება.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ იქ მყოფი რამდენიმე დევნილი ახლადაშენებულ კოტეჯებში სიმბოლურად შევიდა, თუმცა არა საცხოვრებლად, რადგან პრეზენტაციისას კოტეჯების გასაღებები გერმანიის ელჩმა და მიხეილ სააკაშვილმა დიდი და პატარა ლიახვის ხეობების და თიღვის თემის გამგებლებს გადასცა. როგორც თიღვის თემის გამგებელმა გონერი კაპანაძემ "ხალხის გაზეთთან" საუბარში აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის შესახლება ახლადაშენებულ კოტეჯებში ოფიციალურად 15 ნოემბერს მოხდება.
დევნილი მოსახლეობის თქმით, კოტეჯებში ცხოვრება დატოვებული და განადგურებული სახლების შემდეგ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ საბავშვო ბაღებში ყოფნას მაინც საკუთარი ჭერი სჯობს.
როგორც ცნობილია, კოტეჯების მშენებლობისთვის გერმანიის მთავრობამ 8 მილიონი ევრო გამოყო. ახლადაშენებულ დასახლებას გერმანიის დასახლება ეწოდა, ერთ-ერთ ქუჩას კი "ბერლინის ხეივანი."
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში თურქეთის მთავრობის მიერ აშენებული კოტეჯებიც გაიხსნება, სადაც 100 ოჯახზე მეტი შესახლდება. "ამით დასრულდება აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ადამიანების განსახლების პროგრამა," - განაცხადა კობა სუბელიანმა.
პარტიცია ფლორი: "ერთი წლის წინ ჩვენ დავინახეთ, როგორ დაკარგეს ოჯახებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლები. მას შემდეგ ჩვენ სულ ვფიქრობდით, როგორ დავხმარებოდით ცხინვალის რეგიონიდან წამოსულ დევნილებს. მიხარია, რომ ჩვენი დახმარებით ერთი დასახლება კიდევ გაშენდა და მე იმედი მაქვს, აქ ხალხი ახალ ცხოვრებას დაიწყებს".
თამუნა მოსიაშვილი
თამუნა მოსიაშვილი
14.11.2009 |