|
. სცენაზე ორასამდე როლი ითამაშა
1929 წლის 12 სექტემბერს დაიბადა. ოთხი და-ძმიდან ერთ-ერთი იყო და ბავშვობიდან ცდილობდა მშობლებისაგან მიღებული უდიდესი მემკვიდრეობის, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ფენომენალური ნიჭის სრულ რეალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყო, სკოლაში ყველასთვის მოულოდნელად, საოცარი სიბეჯითე გამოავლინა. გაკვეთილებზე გასუსული იჯდა და მასწავლებლის ყოველ სიტყვას დიდი ყურადღებით ისმენდა.
`ეს არის ღვთიური მადლით შემოსილი გენია, რომელშიც ჰარმონიულადაა შეზავებული მუსიკა, მშვენიერება, გრაცია და ნიჭი~, `მისი შემოქმედება აღვიძებს გონებას~, `ქართული თეატრალური ხელოვნების მეციხოვნე, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოს თეატრალურ ხელოვნებაში~…- ასეთ შეფასებას უკეთებენ მის შემოქმედებას თეატრისა და ხელოვნების მცოდნენი.
1989 წელს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სცენაზე ორასამდე როლი ითამაშა, რომლებიც სპეციალისტთა აზრით, გენიალურადაა შესრულებული. მის მიერ გაცოცხლებული პერსონაჟები შეიყვარა და გაითავისა მაყურებელმა. სხვადასხვა დროს ითამაშა დათიკო - `გლახის ნაამბობში~, დავითი - `დავით გურამიშვილში~, ივანე - `გაყრაში~, ვანდალინი - `ცეკვის მასწავლებელში~, ირაკლი - `მეხდაცემულ კაკალში~, ღოდრიგო(სიდი)- `სიდი~, ყვარყვარე - `ყვარყვარე თუთაბერში~, იაზონი - `მედეაში~, ფერდინანდი - `დამნაშავის ოჯახში~, ფიროსმანი - `ფიროსმანში~ და ა. შ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მისი შემოქმედებიდან.
სახალხო არტისტს, ჩეკო ტატალაშვილს, შარშან დაბადებიდან ოთხმოცი წელი შეუსრულდა. ამ ფაქტის გასაშუქებლად `ხალხის გაზეთი~ მსახიობს ესტუმრა.
- ბატონო ჩეკო, თქვენი ბავშვობის შესახებ გვიამბეთ.
- განსაკუთრებით სასიამოვნოდ ერთი მოგონება დამრჩა ბავშვობიდან. ჩემი უფროსი ძმა დაგვსვამდა უმცროს და-ძმას. თვითონ გიტარაზე უკრავდა, ჩვენ კი გვამღერებდა. უნიკალური მუსიკალური სმენა მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკმაოდ პატარა ვიყავი და ასო `რ~- ს წარმოთქმაც კი მიჭირდა, ვცდილობდი, ძმისთვის შემესწორებინა, ვამბობდი `ასე კი ალა, ასეა~-ო. ხელოვნების სიყვარული იმ დროიდან მომდევს.
- სცენაზე როგორ მოხვდით?
- სრულიად შემთხვევით. 1947 წლის ნოემბერი იყო. ბიძაშვილთან ერთად კინოში ვაპირებდი წასვლას. მან ჯერ კულტურის სახლში გაყოლა მთხოვა, რეპეტიცია ჰქონდა. ვესტიბიულში ვიდექი და ველოდებოდი. ამ დროს შემოვიდა კულტსახლის მაშინდელი დირექტორი, ბატონი ვანო ვარძელაშვილი და აქ რას აკეთებო მკითხა. მე მომერიდა და ვუთხარი, რომ თუ აქ დალოდება არ შეიძლებოდა, გარეთ გავიდოდი და იქ დავიცდიდი. იუარა და თავის კაბინეტში შემიყვანა. დრამატულ წრეში ჩაწერა შემომთავაზა. მღელვარებისაგან გავწითლდი და ხმა ვეღარ ამოვიღე. ბოლოს ძლივს გავაგონე `თუ მიკადრებთ~-მეთქი. ასე დაიწყო ჩემი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები იმ დიდ გზაზე, რომელსაც აგერ უკვე სამოც წელზე მეტია მივუყვები. კულტურის სახლი ჩემთვის კარგი სკოლა აღმოჩნდა. აქ სხვადასხვა მუსიკალურ საკრავს დავეუფლე. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არ მქონდა, საოცარი ნიჭი აღმომაჩნდა და ძალიან მოკლე დროში უკვე ისეთ მუსიკალურ ნომერს ვასრულებდი, სადაც როიალზე ვიწყებდი დაკვრას, გადავდიოდი კლარნეტზე, შემდეგ საქსაფონზე, საყვირზე და ბოლოს ვმღეროდი.
- როგორ გადახვედით თეატრში?
- მაშინდელმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა ვასილ ყუშიტაშვილმა კულტურის სახლში მუსიკალური კომპოზიცია `ქართლის ჩირაღდნები~ დადგა. მას შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩვენი ნიჭი და ოთხ მსახიობს: მე, როზა ცაბაძეს, ეთერ მოციქულაშვილსა და ბახვა ღონღაძეს თეატრში გადასვლა შემოგვთავაზა, სადაც 1949 წლის 16 ნოემბერს ჩაგვრიცხა შტატში მსახიობებად.
- გაიხსენეთ თეატრში თქვენი პირველი ნაბიჯები. პირველ სპექტაკლსა და ემოციებზე გვიამბეთ.
- თეატრში მისვლისთანავე განაწილდა როლები ჩიტაიშვილის `მირანგულაზე~, სადაც საკმაოდ რთული როლის, ბერდიას თამაში მომანდეს. 1952 წელს გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლები `ნაპერწკლიდან~ და `ვერაგობა და სიყვარული~ დაიდგა, სადაც ფერდინანდის როლი მერგო. ამის შემდეგ ძირითადად მთავარ როლებზე მიწევდა მუშაობა.
- თქვენს მეუღლეზე გვიამბეთ. როგორი იყო ქალბატონი როზა სცენაზე?
- როზა ბრწყინვალე მსახიობი იყო. თოთოეული როლი უმაღლეს დონეზე ჰქონდა დამუშავებული. მისი როგორც კომედიური, ასევე დრამატული და ტრაგიკული როლები შეუდარებელი იყო. ერთხელ საკმაოდ უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. როდესაც ვთამაშობდით სპექტაკლს `სად ცხოვრობ შენ?~, როზამ იმდენად ემოციურად ითამაშა, მაყურებელთა შორის მჯდომმა ახალგაზრდა ფეხმძიმე გოგონამ მღელვარებისაგან ბავშვი დაკარგა.
- როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა და რამდენად გიწყობდათ ხელს ოჯახური ცხოვრება შემოქმედებით მოღვაწეობაში?
- ალექსანდრე ყაზბეგის `ელეონორა~ უნდა დაგვედგა, სადაც ასლანტ გირეის ვთამაშობდი. ელეონორას როლის შემსრულებელი არ გვყავდა. რეჟისორმა, ერვანდ არქელოვმა კულტურის სახლის მიმდებარე ეზოში მცხოვრები გოგონა მოიყვანა და დაამტკიცა როლზე. დანახვისთანავე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული. იმ დღიდან შეიქმნა ჩვენი ბრწყინვალე ტანდემი, რომელიც ორმოც წელზე მეტხანს ამშვენებდა გორის თეატრის რეპერტუარს. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მთელი ღამე გაგვითენებია კამათში როლის მოსამზადებლად. საბოლოოდ, ყოველთვის ერთ, საღ აზრამდე მივდიოდით და ეს არა მარტო ჩვენი, არამედ თეატრის დიდი გამარჯვებაც იყო.
- ბევრს საუბრობენ თქვენი უნიკალური მეხსიერების შესახებ.
- დიახ, როგორც ამბობენ, ასეთი მეხსიერება ქართულ სცენას ერთი რუსთაველის თეატრის მსახიობს იაკობ ტრიპოლსკისა ახსოვს, მეორე ჩემი. ერთი თვალის გადავლებით როლის სრული სწავლა შემეძლო. ეს კიდეც გამომადგა რამდენჯერმე. სწორედ ამ მეხსიერების წყალობით ბევრჯერ სპექტაკლი გადამირჩენია. ერთი ასეთი შემთხვევაც იყო, 1968 წელს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა ჩამოიტანეს სპექტაკლი `ვერაგობა და სიყვარული~. მოულოდნელად, პრეზიდენტის როლის შემსრულებელი ცუდად გახდა. არადა, მაყურებელი ამ დროს უკვე თეატრში შედიოდა. სასწრაფოდ მიხმეს, პიესას თვალი გადავავლე და როლი ბრწყინვალედ ვითამაშე.
- გორელ მაყურებელზე რას გვეტყვით?
- ძალიან მიყვარს. მისი დამსახურებაა ჩემი წარმატება. ყოველთვის ვგრძნობდი მაყურებლის სიყვარულსა და თანადგომას. ეს საოცარ ძალას მანიჭებდა.
- რა შეგიძლიათ თქვათ თეატრის მსახიობების ახალ თაობაზე?
- ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. ვცდილობ, დავეხმარო ჩემი გამოცდილებითა და რჩევებით. იყო დრო, როცა ეს ჩვენც გვჭირდებოდა. მე უმაღლესი აკადემია ბატონ ვასილ ყუშიტაშვილთან გავიარე, რომელიც ყველაფერს აქცევდა ყურადღებას, პლასტიკას, არტისტიზმს, მუსიკალურობას და რაც მთავარია, სწორ ქართულ მეტყველებას, რის გამოც გორის თეატრს საქვეყნოდ ჰქონდა სახელი განთქმული.
- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- ამჟამად ჯანმრთელობის გაუარესების გამო დროებით ვისვენებ, თუმცა, მალე ახალ სპექტაკლებში ისევ დავკავდები.
ამბობენ, ის ვინც სცენის მტვერს ერთხელ მაინც ჩაისუნთქავს, მთელი ცხოვრება თეატრის ტყვეობაში რჩება. სწორედ ამიტომ, ალბათ არცაა გასაკვირი, სამოც წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ბატონი ჩეკოს სიტყვები: `თეატრი ჩემთვის უდიდესი სასწაულია. ჩემი სიყვარულია, სიხარული, ტკივილებით გაჯერებული დარდი, ჩემი სიცოცხლის მიზეზი, ჩემი გულის ბატონი და გონების ხელმწიფე. თეატრის უდიდესი სიყვარული ჩემთვის სიკვდილის შიშზე უფრო ძლიერია. ამიტომ, ყველაფერს უნდა გავუძლო... ყველაფერს, დროსაც კი, რომელიც ცდილობს სიცოცხლის სილამაზე გამომგლიჯოს ხელიდან.~
მაკა კოჭლამაზაშვილი
მაკა კოჭლამაზაშვილი
17.03.2010 |