მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
`სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მკვლელის დედას ერთი სინანული არ

`სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მკვლელის დედას ერთი სინანული არ
                  გამოუხატავს  მომხდარზე~


განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლულუ 49 წლის მიხეილ ჯავახიშვილი 17 წლის გიორგი პავლიაშვილის მიერ. ამ უკანასკნელმა ჯავახიშვილს ცივი იარაღით 28 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ინცინდენტი გორის რაიონის სოფელ ბიისში მოხდა. როგორც საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, 2009 წლის 8 ოქტომბერს ღამის 10 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გიორგი პავლიაშვილმა გადაწყვიტა პაპის სანახავად სოფელ ბიისში წასვლა, მან გააჩერა ტაქსი, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილი მართავდა და მგზავრობის საფასურად 15 ლარად მოურიგდა. სოფელში სახლისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიხეილ ჯავახიშვილმა ანქანის უკანა სავარძელზე მჯომ გიორგი პავლიაშვილს მგზავრობის საფასური 5 ლარით მეტი მოსთხოვა, რაზეც პავლიაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. მძღოლმა ურთიერთობის გარკვევის მიზნით მანქანა გააჩერა, რა დროსაც გიორგი პავლიაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა მიხეილ ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისატიკით მოკვლა, მან ჯავახიშვილს დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის 28 ჭრილობა.
ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: `გარდაცვლილს აღენიშნება კისრის წინა ზედაპირზე, ზედა ტუჩზე, ცხვირის ზურგზე, მარცხენა წარბის კუთხესთან, მარჯვენა ლოყაზე სამი ერთმანეთის პარალელურად მდებარე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, მარჯვენა საფეთქლის მიდამოზე განივად მდებარე ნაკვეთი ჭრილობა, ზომით 14-2,5 სმ-ზე გაჭრილია ყურის ნიჟარის ზედა ნაწილი, მარცხენა ლავიწის ძვალზე ვერტიკალურად მდებარე ჭრილობა ზომით 4-1,5 სმ, მარცხენა მხარის გარეთ ზედაპირზე ირიბად მდებარე სწორკიდეებიანი ჭრილობა, მარცხენა ხელის გულზე 4 ნაკვეთი ჭრილობა, მარჯვენა ხელის ზურგზე 5 ნაკვეთი ჭრილობა, ბეჭის მიდამოში მარცხნივ შემავალი გულმკერდის ღრუში, მარჯვენა ფილტვის ზედა ნაწილზე ირიბი ჭრილობები და სხვა სახის მრავლობითი დაზიანებები, რომლებმაც ჯამში 25 ჭრილობა შეადგინა~.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის ადგილზე ფაქტს არავინ შესწრებია, თუმცა სასამართლო ძიებისას მოწმის სახით რამდენიმე პიროვნება მაინც დაიკითხა.
ვალიკო პავლიაშვილი (გიორგი პავლიაშვილის პაპა) მოწმე: `2009 წლის 8 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიმყოფებოდი. გვიან ღამით უკვე დასაძინებლად ვიწექი, ჩემმა მეზობელმა დამიძახა და მითხრა, რომ სოფლის გზიდან გადავარდნილი იყო ავტომანქანა და საჭირო იყო იქიდან მამაკაცის ამოყვანა. სოფელში ერთ-ერთი სახლის წინ სავალი გზიდან გადაბრუნებული იყო მანქანა, როდესაც ჩემი შვილიშვილი გიორგი პავლიაშვილიც იქ დავინახე გამიკვირდა, რადგან ჩემთან ძალიან იშვიათად მოდის. მანქანიდან სამივემ ერთად ამოვიყვანეთ უკვე გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც უკანა სავარძელზე იწვა. მამაკაცს სახე მთლიანად დასერილი ჰქონდა და ყელზეც აღენიშნებოდა ჭრილობები. გვამის მანქანიდან გადმოღების შემდეგ ჩემი შვილიშვილი სახლში გაიქცა, მე გარდაცვლილთან დავრჩი, ხოლო ჩემი მეზობელი, ლავრენტი პავლიაშვილი პოლიციაში დასარეკად წავიდა. მოგვიანებით მივედი სახლში და გიორგის მომხდარის შესახებ ვკითხე, მიპასუხა: _ `კაცი მოვკალიო~. როგორც მითხრა ტაქსის მძღოლთან მგზავრობის გადასახადის გამო მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც მოკლა იგი.~
ლავრენტი პავლიაშვილი მოწმე: `გვიან ღამით გამოვედი სახლიდან და დავინახე, რომ სავალი გზიდან გადაბრუნებული იყო მანქანა. მანქანიდან გადმოვიდა გიორგი პავლიაშვილი და მითხრა, რომ მამაკაცი იყო გადმოსაყვანი. მე გიორგის პაპას, ვალიკო პავლიაშვილს შევატყობინე მომხდარი და სამივემ ერთად ამოვიყვანეთ მანქანიდან უკვე გარდაცვლილი მამაკაცი. როდესაც გიორგის ვკითხე, რაში იყო საქმე, მითხრა დანით მოვკალი ტაქსის მძღოლიო. ფაქტის შესახებ მაშინვე ვაცნობე პოლიციას.~
ირინე ჯავახიშვილი, გარდაცვლილის და: `ჩემი ძმა მთელი დღის განმავლობაში ჩემთან იმყოფებოდა. ღამის 9 საათი იქნებოდა, რომ საამუშაოდ წავიდა. მომხდარზე მეორე დღეს შევიტყვე. გარდაცვლილი ჩემი ძმა საშინლად დასახიჩრებული ვნახე. დარწმუნებული ვარ, მკვლელი იმ მიზნით იყო გამოსული სახლიდან, რომ ვინმე აუცილებლად უნდა მოეკლა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გამოძიება არასწორად წარიმართა. მკვლელობის დღეს ჩემს ძმას თან ჰქონდა 2000 ლარამდე თანხა ბანკში ჩასაბარებლად, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, გამომძიებელმა კი გვითხრა, თავად დახარჯავდაო. გამოძიება არ დაინტერესებულა საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, დაეყრდნო მხოლოდ გიორგი პავლიაშვილის ჩვენებას _ `მინდოდა და მოვკალი~ და ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ეწერა, რომ მკვლელი არ იყო ნასვამ მდგომარეობაში. არადა თავად პავლიაშვილიც და სხვა მოწმეებიც ადასტურებენ, რომ მკვლელობის დღეს გიორგი პავლიაშვილი ზედმეტად ნასვამი იყო. სასამართლო პროცესზე კი დაიკითხნენ ისეთი მოწმეები, რომლებიც ფაქტს არ შესწრებიან.~
განსასჯელის ჩვენებიდან: `მკვლელობის დღეს, დილით მეგობრებთან ერთად ყურძენი დავწურე. ამის შემდეგ კი დავლიეთ. ნასვამმა გადავწყვიტე, სოფელ ბიისში წავსულიყავი პაპაჩემთან. ღამის 9-10 საათი იქნებოდა, ტაქსი გავაჩერე, უკანა სავარძელზე დავჯექი და წავედით. სოფელში რომ შევედით, სახლამდე რამდენიმე მეტრით ვიქნებოდით დაშორებული, მძღოლი მომიბრუნდა და მგზავრობის ფასი 5 ლარით გამიზარდა, არადა 15 ლარად ვიყავით მორიგებულები. ვუთხარი, რომ მეტს არ გადავუხდიდი. შევლაპარაკდით და ხელითაც შევეხეთ ერთმანეთს. ამ დროს ჯიბიდან დანა ამომვარდა. მძღოლმა ხელი წამოიღო მისკენ, მაგრამ დავასწარი და... არ მახსოვს, როგორ და რა ვითარებაში მოხდა ყველაფერი. უკანა სავარძელზე გადმოვიყვანე, დავჯექი საჭესთან და ჩქარი სვლით წავედი. რამდენიმე მეტრში გზის სავალი ნაწილიდან გადავედი და ამოვბრუნდი. გონებაზე რომ მოვედი, გარს მეზობლები მეხვივნენ. ვიცი, რომ 28 ჭრილობა მივაყენე, მაგრამ არაფერი მახსოვს.~
`ხალხის გაზეთი~ გარდაცვლილის მეუღლეს, ლალი ჯავახიშვილს გაესაუბრა: `მკვლელობის დღეს თავის დასთან იმყოფებოდა მისახმარებლად. გვიანობამდე რომ არ მოვიდა, არ გამკვირვებია, რადგან საღამოობით ტაქსაობდა. 12 საათს რომ გადასცდა, შევფიქრიანდი. გადავწყვიტე, საავადმყოფოში მომეძებნა. სწორედ ამ დროს პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და მივხვდი, რომ საქმე ვერ იყო კარგად. გარდაცვლილი სახლში რომ მომისვენეს საშინლად დასახიჩრებული იყო. ერთი ყური მოჭრილი და ცხვირი დასერილი ჰქონდა. საბოლოო ჯამში 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის დღეს ჩემმა მეუღლემ ბანკში ჩასაბარებლად საკმაოდ სოლიდური თანხა წაიღო, მაგრამ ფული უკვალოდ გაქრა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მკვლელის დედას ერთი სინანული არ გამოუხატავს მომხდარზე.~
სასამართლო პროცესზე მხარეთა კამათის დროს სახელმწიფო ბრალმდებელმა მორის ჩუბინიძემ ჩამოაყალიბა განსასჯელის ბრალეულობა. საქმე დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238’ მუხლის პირველი ნაწილით (რაც ითვალისწინებს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას) და 109 მუხლის III ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტით (რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით), რამაც ჯამში 19 წელი შეადგინა, მაგრამ ვინაიდან განსასჯელმა დანაშაული არასრულწლოვანობის ასაკში ჩაიდინა, ხოლო კანონის იმპერატიული მოთხოვნით არასრულწლოვანების ასაკში ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს, პროკურორმა განსასჯელისთვის 14 წლით და 3 თვით მოითხოვა თავისუფლების აღკვეთა. დაზარალებულის ადვოკატმა ბაკურ ზურაბიშვილმა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 ათასი ლარის დაკისრება მოითხოვა, ხოლო სასჯელის უმაღლესი ზომა 15 წელი, რასაც კატეგორიულად შეეწინააღმდეგა განსასჯელის ადვოკატი ელზა პავლიაშვილი. მისი განცხადებით, მორალური ზიანის ანაზღაურება არა გარდაცვლილის უფლებამონაცვლეს, არამედ თავად დაზარალებულს უნდა მოეთხოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ მოკვდებოდა. იგი არც 109 მუხლის III ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტს დაეთანხმა და ბრალდებულისთვის სასჯელის შემამსუბუქებელი ზომა (108 მუხლი) მოითხოვა, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა.
`კაცი მოვკალი. დამნაშავე ვარ, მაგრამ თავს ნაწილობრივ არ ვცნობ დამნაშავედ. გთხოვთ შემიმსუბუქოთ სასჯელი.~_ აღნიშნა საბოლოო სიტყვაში გიორგი პავლიაშვილმა.
მოსამართლე ნინო გერგაულმა საბოლოო გადაწყვეტილებით გიორგი პავლიაშვილს თავისუფლების აღკვეთა 14 წლით და 3 თვით შეუფარდა, ხოლო სამოქალაქო სარჩელით ზიანის ანაზღაურება 8800 ლარი დააკისრა.
`ხალხის გაზეთთან~ კომენტარზე ადვოკატებმა უარი განაცხადეს. მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატმა ელზა პავლიაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში.
თამუნა მოსიაშვილი


თამუნა მოსიაშვილი
17.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: That's really thinking out of the box. Thnkas!
ukan
amindis prognozi
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 28 °C
ღამით + 15 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.