|
ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა. შეჯიბრებაზე მონაწილე ქართველი ფალავნების შვიდეულიდან სამი (გია გოგშელიძე, ოთარ თუშიშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი) გორის თავისუფალი სტილის ჭიდაობის დარბაზში ვარჯიშობს. აღნიშნული სამეულიდან ორნი გოგშელიძე და თუშიშვილი შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხოლო ხინჩეგაშვილმა (55 კგ) მხოლოდ მეცხრე ადგილი იკმარა.
ამ ახალგაზრდა, 19 წლის გორელ ფალავანს საერთაშორისო არენაზე დიდებში ჯერჯერობით ძალიან მწირი გამოცდილება აქვს და გამორიცხული არაა ბაქოში სწორედ მის ხარჯზე მოსცაროდა ხელი. ლადომ პირველი მეტოქე ბრიტანელი კრასიმირ კრასტანოვი დამაჯერებლად დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე კი რუსი ვიქტორ ლებედევის წინააღმდეგ წარსდგა და მინიმალური სხვაობით დათმო პაექრობა. სამწუხაროდ ლებედევმა ფინალში ვერ გააღწია, რის გამოც ხინჩეგაშვილსაც მოესპო მესამე საპრიზო ადგილისათვის ბრძოლის შანსი.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერმა ოთარ თუშიშვილმა (66 კგ) საწყის ეტაპზე იტალიელი რაიმონდო კამპანას სძლია ძალიან იოლად. ნახევარფინალში კი რუს მურმაგომედ გაჯიევთან დამატებით დროში დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლა ოთარს მის ძველ მეტოქესთან უკრაინელ ანდრეი სტადნიკთან მოუწია და სასიხარულოა, რომ ქულების დიდი სხვაობით მოუგო მას.
მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო ნაკრების კიდევ ერთმა გორელმა ლიდერმა გიორგი გოგშელიძემ (96). სპეციალისტთა საყოველთაო მოსაზრებით მარცხი დიდწილად მსაჯების მიერ ჩვენი ფალავანის საწინააღმდეგოდ მიღებულმა არაობიექტურმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. ეს ფინალი გიორგიმ ადგილობრივ სპორტსმენთან ხეტაგ კაზიუმოვთან წააგო. იქამდე ქართველმა ფალავანმა ბერძენი იოანის პაპადოპულოსი, მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი და თურქი სერჰატ ბალცი გააკრა ხალიჩას.
დაჩი ნაპირელი
20.04.2010 |