|
17 აპრილს წარსულში ცნობილი ქართველი ფალავანის დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნის ტრადიციული ტურნირი გაიმართა გორში. იგი ჩვეულებისამებრ შემოდგომით იმართება, ხოლმე და ბოლოს ექვსიოდე თვის წინაც ჩატარდა, მაგრამ მისმა ორგანიზატორებმა ამჯერად თავად დურმიშხან ბერუაშვილის დაბადების თარიღს დაამთხვიეს შეჯიბრება და გაზაფხულზე უმასპინძლეს მას. ცნობილი ფალავანი ამ დღეს 75 წლისა გახდებოდა. ღონისძიებას გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზმა უმასპინძლა. მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებთან ერთად ბაქოს გუნდიც იღებდა, თუმცა ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე უმედლოდ დარჩა. ტურნირზე საქართველოს წარმოადგენდა საგარეჯოს, ბორჯომის, კასპის, ხაშურის, ქარელის, სამაჩაბლოს, გორის ორი (სასპორტო სკოლა და ჭიდაობის კომპლექსური) და თბილისის სამი (,,შევარდენი", ,,დიღომი", ,,ჯორჯია") ძიუდოს სკოლა. განსაკუთრებით კარგად იასპარეზეს გორელმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმეს. თითქმის ყველა წონითი კატეგორიის გადამწყვეტი ეტაპის შეხვედრებმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ტურნირს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ირაკლი ცირეკიძე, ლაშა გუჯეჯიანი, გრიგოლ მამრიკიშვილი და მინდია ბოდაველი დაესწრნენ და გამარჯვებულთა დაჯილდოებაშიც მიიღეს მონაწიელობა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტთან არსებული კომპლექსური სპორტული სკოლის და დურმიშხან ბერუაშვილის ოჯახის ორგნიზებით ჩატარდა.
50 კგ _ 1. აკაკი შენგელია (ბორჯომი), 2. გიორგი თამლიანი, 3. ლევან ორმოცაძე (ორივე _ თბ. ,,შევარდენი") და ლაშა ჩადუნელი (ხაშური)
55 კგ _ 1. გიგა აფაქიძე, 2. გიორგი გორგაძე (ორივე შევარდენი), 3. ზეზვა ახალკაცი და მინდია ღოლიჯაშვილი (ორივე გორი)
60 კგ _ 1. გიგა ხორბალაძე (გორი), 2. გურამ მათიაშვილი 3. თენგიზ მუსელიანი (ორივე შევარდენი) და ანზორ კევლიშვილი (ბორჯომი)
66 კგ _ 1. ლევან გურჩიანი (საგარეჯო), 2. თენგო ბაჭაძე, 3. ლევან ტერმაკოზაშვილი და ბექა ავაზნელი (სამივე გორი)
73 კგ _ 1. ბექა ღვინიაშვილი, 2. ვანო კობალაძე, 3. ბექა ავაზნელი (სამივე გორი) და საბა ბეღელური (შევარდენი)
81 კგ _ 1. გიორგი გოგინაშვილი, 2. ზაზა ჭიღლაძე, 3. გიორგი შატაკიშვილი (სამივე გორი) და გიორგი მაჭარაშვილი (ხაშური)
90 კგ _ 1. დათო ბურდული (კასპი), 2. დავით ჩოფური (თბ. დიღომი), 3. ბაქარ მაზიაშვილი (გორი) და რობერტ ბზიშვილი (შევარდენი)
+ 90 კგ _ 1. გიგა თაყაძე (გორი), 2. ლევან ნაკვეთური (შევარდენი), 3. გიორგი გელაშვილი და ბექა მჭედლიძე (ორივე გორი)
დაჩი ნაპირელი
20.04.2010 |