|
ხალხის ნაწილი განახლებული მატარებლის დანიშვნას აპროტესტებს
`ერთი სატვირთო ვაგონი მაინც უნდა მოაბან მატარებელს, რომ პრობლემა მოგვარდეს~
`ხალხის გაზეთი~_უკვე წლებია, რაც სარკინიგზო მარშრუტი თბილისი-ნიქოზი მგზავრებს ემსახურება, თუმცა მატარებელი საკმაოდ მოძველებული იყო, რის გამოც მგზავრებს დისკომფორტი ექმნებოდათ, გარდა ამისა მატარებელი გაუმართავი იყო და მისი გაფუჭების ფაქტებიც არაერთხელ დაფიქსირებულა.
შესაბამისმა სამსახურმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე დღის წინ განახლებული მატარებელი დანიშნა. თუმცა მომხმარებლის ნაწილი ამის გამო უფრო მეტად დაზარალდა. საქმე იმაშია, რომ მატარებელს საკმაოდ დიდი რაოდენობით დაჰყვებოდნენ გლეხები და ვაჭრები რომლებიც ბაზრებზე დადიოდნენ პროდუქტის გასაყიდად. განახლებელი მატარებლის დანიშვნის შემდეგ კი მათ გამოუცხადეს, რომ მატარებელში ვედრებისა და ყუთების ატანა არ შეიძლება, რადგან მის იატაკს დახაზავს.
სანამ ამ პრობლემას განვიხილავდეთ, მანამ ვუბრუნდებით იმ სიტუაციის აღწერას, რაც თან სდევდა განახლებული მატარებლის დანიშვნის პირველ დღეს. რკინიგზის სადგურზე შეკრებილიყო ხალხი, საკმაოდ დიდი რაოდენობით. ისინი მოუთმენლად ელოდნენ ახალ მატარებელს. ისეთი განწყობა ჰქონდათ მათ თითქოს რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას ელოდნენ და აი გამოჩნდა ისიც. ხალხი აბობოქრდა _ მოდის! მოდის! გაჩერდა მატარებელი და ადამიანები ერთმანეთს მიაწყდნენ. არ აცდიდნენ ერთმანეთს ასვლას. ვხედავთ როგორ წაიქცა ამ ბრბოში ერთი მოხუცი ქალბატონი, მაგრამ მას წამოდგომაში კი არ დაეხმარნენ, არამედ ზედ გადაახტნენ და ქალბატონის წამოყენება ერთმა ახალგაზრდამ მხოლოდ ხალხის ვაგონში შესვლის შემდეგ შეძლო. ამის შემდეგ ხალხი დაშოშმინდა და მშვიდად განაგრძეს მგზავრობა.
აღსანიშნავია ერთი დეტალიც განახლებელი მატარებლის დანიშვნის მეხუთე დღეს მატარებელი კვლავ გაფუჭდა, მაგრამ სამიოდე წუთში მემანქანემ პრობლემის აღმოფხვრა შეძლო.
ახლა განვაგრძობთ იმ პრობლემის შესახებ თხრობას, რაც ჩვენი სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ.
`ხალხის გაზეთი~ განახლებლი მატარებლის დანიშვნის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ესაუბრა. ისინი ჩვენთან საუბარში სატვირთო ვაგონების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ:
თამარ კარიჭაშვილი: `სამსახური არ მაქვს, პენსიონერი ჯერ არ ვარ. რით უნდა ვიარსებო? ხილით ვვაჭრობდი და ამაზე ვიყავი დამოკიდებული. ახლა რა მეშველება არ ვიცი. გვეუბნებიან, რომ ორ ვედროზე მეტის ატანა არ შეიძლება მატარებელშიო, ისიც პოლიეთილენით უნდა იყოს შეფუთულიო. სატვირთო ვაგონს ვერ დაუმატებენ ამ მატარებელს ამიტომ ვითხოვ ძველის დაბრუნებას. ამან იაროს სამსახურებში მოსიარულე ადამიანებისათვის, ჩვენთვის ბაზარში მოსიარულე ხალხისთვის კი ძველი მატარებელი დააბრუნონ~.
ლიანა ლოცულაშვილი: `სამ-სამი ობოლი მყავს და მათ რჩენა ხომ უნდათ?! ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობა იყო. ახლა პროდუქტს, რომ არ გვატანინებენ მატარებელში რა მოვიმოქმედო აღარ ვიცი. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა არ ვიცი, მაგრამ რაღაც გზა უნდა გამონახოს შესაბამისმა სამსახურმა, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილით დავიხოცებით~.
ნონა ბზიშვილი: `ვედრებს არ გვატანინებენ და ეს არის პრობლემის არსი. გორი პრიორიტეტს, რომ არ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის ეს ვიცით, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ჩვენც ხომ გვინდა არსებობა, ეს ერთადერთი შემოსავლის საშუალებაც, რომ მოგვისპეს?! სატვირთო ვაგონებიც მიაბან მატარებელს და პრობლემაც გადაიჭრება. წინააღმდეგ შემთხვევაში რკინიგზას გადავკეტთ, აქციებს გავმართავთ და ასე გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს~.
მანანა მინდიაშვილი: `ეს საკითხი რა თქმა უნდა პრობლემას წარმოადგენს. გლეხს სჭირდება საკუთარი მოსავლის გაყიდვა, ამის კარგ შესაძლებლობას მატარებლით სიარული გვაძლევდა, ახლა როცა არ გვატანინებენ პროდუქტს სიტუაცია ძალიან დამძიმდა, ასეთ ვითარებაში ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება. ერთი სატვირთო ვაგონი მაინც უნდა მოაბან მატარებელს, რომ პრობლემა მოგვარდეს~.
`ხალხის გაზეთთან~ საუბრისას იგივე აზრი დააფიქსირეს მაია ომაძემ და თამაზმა, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა.
ჩვენ მატარებლის ერთ-ერთ გამცილებელს იმის შესახებ ვესაუბრეთ თუ რატომ არ ატანინებენ ვედრებს და ყუთებს ხალხს, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა: `რატომ არ ვატანინებთ პროდუქტს ხალხს? იმიტომ, რომ ბრძანებაა ასეთი და ჩვენ მას ვასრულებთ. თქვენ თავად ხედავთ, რომ მატარებელი საკმაოდ კომფორტულია, თუ ვედრებს და ყუთებს ამოიტანს ხალხი მაშინ იატაკი დაიხაზება, მატარებლის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება და ისევ იმ ძველ, დისკომფორტულ მატარებელს დაემსგავსება. რაც შეეხება იმას, რომ სატვირთო ვაგონი მოაბან ეს შეუძლებელია. ვაგონების მიბმის ფუნქცია არ აქვსAამ ტიპის მატარებელს~.
მატარებლის გამცილებელთან საუბრის დროს მოულოდნელად მოვარდა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი და ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა სცადა.
_ შენ ვინ ხარ? საკმაოდ უხეშად მოგვმართა მან.
ჩვენ ავუხსენით, ვინც ვიყავით და რასაც ვაკეთებდით.
_ მე შემიძლია მატარებლიდან ჩაგაგდოთ, თუ სტატიისთვის მასალას აგროვებდით პირველ რიგში ჩვენ უნდა შეგვკითხოდით ამის უფლებას თუ მოგცემდით. ჟურნალისტების ამ მატარებლით მგზავრობა არ შეიძლება.
_ ჩვენ კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხეთ: ჟურნალისტების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ შეიძლება? ან რატომ ცდილობდთ ჩვენთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლას?
_ მეორე დაცვის წევრმა სცადა დაძაბულობის განეიტრალება, არა ჟურნალისტებს მგზავრობა არ ეკრძალებათ, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ჯერ ჩვენ შეგვკითხოდით.
დაცვის თანამშრომელი მაინც არ ცხრებოდა: `ჩვენ კანონი გვიკრძალავს ჟურნალისტებთან ურთიერთობას და თქვენი მგზავრობაც არ შეიძლება კანონის მიხედვით~.
_ უკაცრავად რომელი კანონი გიკრძალავთ?
_ კანონი. იმეორებდა იგივეს.
ბოლოს ვთხოვეთ ეჩვენებინათ კანონი სადაც ეწერებოდა, რომ ჟურნალისტებს მატარებლით მგზავრობა ეკრძალებოდათ ან ხალხთან მატარებელში გასაუბრება და მივეცით პირობა, რომ მატარებლიდან ჩვენი ნებით ჩავიდოდით (მატარებელი ამ დროს შუა მინდორში იყო).
ჩვენს შეთავაზებაზე დაცვის თანამშრომელი ცოტა დაიბნა და მშვიდად განაგრძო საუბარი, გვითხრა: `ჟურნალისტებთან იშვიათად ვკონტაქტობთ და ესეც მაშინ ხდება, როდესაც მთავრობის მედია-საშუალებების ჟურნალისტები მოდიან. ამის შესახებ კი ჩვენი ხელმძღვანელობა წინასწარ გვაფრთხილებს. არასახელისუფლებო გაზეთებთან კონტაქტი გვეკრძალება და არც ჩვენ გვაქვს მათთან საუბრის სურვილი~.
ობიექტურობისთვის აღვნიშნავთ, რომ გამცილებელს, რომელსაც ვესაუბრეთ ჩვენს მიმართ საყვედურიც კი არ გამოუთქვამს.
P.შ. გაოცებას იწვევს, როდესაც ჟურნალისტებს ყოფენ სახელისუფლებოდ და ოპოზიციურად. ჩვენ ვემიჯნებით ორივეს და მიგვაჩნია, რომ ხალხის სამსახურში ვდგავართ, ტყუილად არ ჰქვია ჩვენს გაზეთს `ხალხის გაზეთი~. თუ რომელიმე სტრუქტურა თანამშრომლების მედიასთან ურთიერთობის აკრძალვით არ კმაყოფილდება და ჟურნალისტების პროფესიულ შეზღუდვას ცდილობენ შევახსენებთ, რომ ეს კანონით ისჯება. გარდა იმ შემთხვევისა თუ საგანგებო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მსგავსი არაფერი ყოფილა.
იაგო ნაცვლიშვილი
იაგო ნაცვლიშვილი
09.08.2010 |