|
`ტურისტები~ ველურთა ქვეყნიდან?
`ხალხის გაზეთი~_ტრადიციულად, ჩემს ოჯახს სტუმარი არ აკლია და აი, ამ ცხელ ზაფხულში უცხოელი სტუმრები მეწვივნენ. მეორე დღეს გადავწყვიტეთ გაუსაძლისი სიცხისათვის თავი აგვერიდებინა ბუნების წიაღში და მისი სილამაზით დავმტკბარიყავით. ასეც მოვიქეცით და ავტომობილით ტანას ულამაზეს ხეობას ავუყევით ზევით და ზევით, გზაში სტუმრები ხმამაღლა გამოხატავდნენ აღფრთოვანებას გარემოს მშვენიერებით. ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე (ტანასპირას) შევაჩერე მანქანა, რათა დასასვენებლად ადგილი შეგვერჩია და ადგილზე ნანახმა სტუმრების უდიდესი აღშფოთება და გულისწყრომა გამოიწვია _ სულ იმას გაიძახოდნენ `ნეტავ რომელი ველური ქვეყნიდან ჩამოსულმა ტურისტებმა დააბინძურეს ეს მშვენიერი ბუნებაო?~ სირცხვილით რას ვიტყოდი, სიჩუმე ვარჩიე და გამოსავალის ძებნას შევუდექი, ვფიქრობდი, სხვა რომელ ადგილზე გადამეყვანა სტუმრები, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვაგანაც იგივე დაგვხვდებოდა და `ველურებიც~ გაიშიფრებოდნენ. ისევ სტუმრებმა გამომიყვანეს უხერხულობიდან _ დაიკაპიწეს ხელები, მონახეს თათმანები, წვეტიანი ჯოხები, პარკები და სულ რაღაც 10-15 წუთში მთლიანად დაასუფთავეს ირგვლივ გარემო. იქვე პიკნიკი გავმართეთ, კარგად დავისვენეთ, მთელი დღე ვისიამოვნეთ და საღამოს უკან დაბრუნებულებმა სტუმრების მიერ მოგროვილი და ჩვენი ნაგავი ქალაქის პირველივე ურნაში მოვათავსეთ.
ამ შემთხვევამ დიდი გულისტკივილი და საფიქრალი ისევ შემახსენა _ ნეტავ როდის დაიმკვიდრებს ქართველი კაცის ცნობიერებაში ადგილს ის ჭეშმარიტება, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი წალკოტი ღმერთმა მას ანდო საპატრონოდ და როცა არა თუ პატრონობს, მტერივით აბინძურებს _ ისჯება კიდეც.
ნუგზარ მაჭავარიანი
28.07.2010 წ.
რედაქციისაგან: აღნიშნული პრობლემაზე `ხალხის გაზეთმა~ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, მაგრამ როგორც ჩანს, ტანას ხეობაში არსებული ანტისანიტარია ნაკლებად აწუხებთ ჩინოვნიკებს, რომლებსაც აღნიშნული საკითხის მოგვარება ევალებათ. რათქმაუნდა ხეობის დაბინძურებაში მნიშვნელოვანი წვლილი მოსახლეობას მიუძღვის, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლებაც რომ არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით ესეც დღესავით ნათელია. პრობლემის მოგვარება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დღეს, როცა ე.წ. `საკურორტო სეზონი~ დაწყებულია და უამრავი ადამიანი (მათ შორის უმეტესობა ბავშვებია) სტუმრობს ტანას ხეობას.
ნუგზარ მაჭავარიანი
09.08.2010 |