|
`ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში, თვითმმართველობის შენობის წინ ხდება...~
`ხალხის გაზეთი~_`ხალხის გაზეთი” გაესაუბრა გორში მცხოვრებ მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ. რამდენად არიან ისინი გარკვეულები თვითმმართველობის არსში, იციან თუ არა საკუთარი უფლებების შესახებ და რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის განწყობა სხვადასხვაგვარია აღნიშნული საკითხის მიმართ. რესპონდენტების ნაწილი დადებითად, ხოლო მეორე ნაწილი საკმაოდ კრიტიკულად აფასებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საქმიანობას. ეს უკანასკნელნი თვლიან, რომ მათ მეტი კომუნიკაცია და გამჭვირვალობა სჭირდებათ. მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უყურადღებობა და გულგრილობა. ახალგაზრდობის განწყობა კი საკმაოდ ინდიფერენტულია და მათი დიდი უმრავლესობა არ ერევა და არც სურს, რომ რაიმე სახით მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე პროექტებში.
ვენერა მარჯანიძე, 59 წლის, გარემოვაჭრე: `15 წელია, მესამე სკოლის გვერდით, პატარა ეზოში ვცხოვრობ, სადაც საშინლად მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა. ამ ეზოს მაცხოვრებლები თეატრის საპირფარეშოთი ვსარგებლობთ. როდესაც გარეთ წვიმს, სახლშიც ჩამოდის წყალი და დიდი გუბეები დგება. თითქმის გაუსაძლის პირობებში მიწევს ყოფნა მეორე ჯგუფის ინვალიდს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მოვალეობა სოციალურად დაუცველი ფენის დახმარებაა.~
თამარ გაუვალიშვილი, 57 წლის, დიასახლისი: `მეც ამ ეზოს მაცხოვრებელი ვარ. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამ ბინაში ქმარი ტუბერკულოზით გარდამეცვალა და შვილი დამიავადდა. ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია, საშინელი ანტისანიტარიაა, რომელიც უამრავი დაავადების წყაროა და ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში, თვითმმართველობის შენობის წინ ხდება. გამოვიდეს გუბერნატორი თავის კაბინეტიდან და ნახოს რა მდგომარეობაა აქ! გივი ხუროშვილთანაც ვიყავით, მაგრამ გვითხრა, რომ უსახსრობის გამო ვერ დაგვეხმარებოდა.~
ლალი მეცხვარიშვილი, 53 წლის, დიასახლისი: `ფურცელაძის ქუჩაზე წლებია, წყალი არ გვაქვს, ორმო გამოვთხარეთ და იქიდან ვიღებთ წყალს, რომელიც სასმელად უვარგისია. აქციის მოწყობასაც კი ვგეგმავთ იმისათვის, რომ ვინმემ მოგვხედოს, თორემ სხვაგვარად გაგრძელება აღარ შეიძლება, უდაბნოში ვცხოვრობთ. არჩევნების წინ საკრებულოს თავმჯდომარეც გაეცნო ჩვენს პრობლემას და დამაიმედებელი დაპირება ვერ მოგვცა, სახსრების არსებობის შემთხვევაში ან გაგიკეთებთ, ან ვერაო. ალბათ არავინ მოგვხედავს და არაფერი გვეშველება. აქვე დავამატებ, რომ ძალიან კარგია როდესაც ქალაქი ლამაზდება და ინფრასტრუქტურა ვითარდება, მაგრამ ხალხის ჯანმრთელობა ხომ უფრო პრიორიტეტულია?!~
ნარგიზა მარღიშვილი, 50 წლის, ფოსტალიონი: `ვცხოვრობ სოფელ თედოწმინდაში, მყავს 20 წლის ვაჟი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ერთადერთი შემოსავალი ჩემი ხელფასი _ 118 ლარია, რომელიც არ არის საკმარისი ოჯახის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. საცხოვრებელი სახლის სახურავი სეტყვამ დამიზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ, თუმცა არც დაუთვალიერებიათ, ისე მითხრეს, რომ ვერ დამეხმარებოდნენ, რადგან ეს დაზიანება შენობის სიძველის ბრალია. უსამართლობაა, როდესაც იმ ადამიანებს შეუკეთეს სახლი, რომელბსაც ამის რეალური საჭიროება არ ჰქონდათ. ჩემი აზრით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გულთან ახლოს უნდა მიიტანოს თითოეული ადამიანის პრობლემა და საკუთარი საქმიანობა მეტად ქმედითი გახადოს. დიდი სურვილი არ მაქვს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩავერთო, უბრალოდ, ვთვლი რომ მოსახლეობის პრობლემები კარგად უნდა შეისწავლონ.~
ლალი მღებრიშვილი, 48 წლის, დიასახლისი: `თვითმმართველობის ძირითადი საქმე ხალხის დახმარებაა. უშუალო კონტაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან არ მქონია, არც მაქვს სურვილი, ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად მათ მივმართო, არ მაქვს სათანადო დახმარების მიღების იმედი. ისიც არ ვიცი, ვინ არის ჩემი წარმომადგენელი საკრებულოში. კარგია ის, რომ ვითარდება ინფრასტურქტურა. მე ვურჩევდი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომ ამ კუთხით აქტიურად გაარძელონ მუშაობა.~
გია გოგიბერიძე, 52 წლის, კვების ტექნოლოგი (რესპონდენტის თხოვნით გვარი შეცვლილია): `პირადად მე ნაკლებად ვერკვევი თვითმმართველობის საკითხებში. თუმცა რეალობიდან გამომდინარე ჩანს, რომ კარგად უძღვებიან საკუთარ საქმეს. არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩავერიო მათ საქმიანობაში, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს. დადებითს რასაც ვხედავ, ის არის, რომ ქალაქში კრიმონოგენული სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ სამუშაო ადგილები არ არის და იმ კონკურსებში, რომლებსაც ხელისუფლება აცხადებს, არაკვალიფიციური კადრები იმარჯვებენ. ვერ ვხვდები, როგორ ახერხებენ ამას ან რატომ არ ამოწმებს თვითმმართველობა იმ სამუშაოს ხარისხს, რასაც ისინი ასრულებენ.~
ზურაბ თითიკაშვილი, 24 წლის, სამხედრო მოსამსახურე: `არც ვიცი და არც მაინტერესებს მუნიციპალიტეტის საქმიანობა, ეს ჩემი სფერო არ არის, თუმცა ვთვლი, რომ მაინც წარმატებით ახორციელებენ ისინი დაკისრებული მოვალებას, მე ვერანაირ რჩევას ვერ მივცემ ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგან ვთვლი რომ ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური.~
ნოდარ მჭედლიშვილი, 54 წლის, მუშა: `ჩემი აზრით, თვითმმართველობის საქმეა ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა და ქალაქის კეთილმოწყობა. ვთვლი, რომ ბოლო წლებში მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდა, ყველაფერი წესრიგში მოჰყავთ, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ უმუშევრობა კვლავ რჩება გადაულახავ პრობლემად. არ მინდა ჩავერიო მათ საქმიანობაში, თვითონ უკეთ იციან, რის გაკეთებაა საჭირო.~
თეო თვარაძე, 18 წლის, სტუდენტი, მომავალი იურისტი: `პროფესიიდან გამომდინარე, კარგად ვერკვევი თვითმმართველობის არსში, კარგად ვიცი ამ სისტემის თავისებურებები, თუმცა პირადად კავშირი არ მქონია მათთან და ვერ გეტყვით რამდენად კარგად მუშაობენ. არც მათ მიმდინარე პროექტებში ვარ გარკვეული. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ არ აქვთ აქტიური კომუნიკაცია ხალხთან, რაც აუცილებელია. საჭიროა ასევე მეტი გამჭვირვალობა.~
ნინო ინაური, 21 წლის, პედაგოგი: `ნაკლებად მაინტერესებს მათი საქმიანობა, იმიტომ, რომ შეხება არ მქონია, თუმცა თუ მექნება საშუალება, რომ ჩავერთო თუნდაც ბიუჯეტის დაგეგმვაში, ან სხვაგვარად მივიღო მონაწილეობა მათ საქმიანობაში, სიამოვნებით ვითანამშრომლებდი თვითმმართველობის წარმომადგენლბთან.~
აკაკი ჭუმბურიძე, 70 წლის, მექანიზატორი: `მათი საქმე კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარება და ხალხის საჩივრებისა და განცხადებების განხილვაა. მოხარული ვარ, რომ საკმაოდ აქტურად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება ამ კუთხით და ჩვენს პრობლემებს არ ტოვებენ რეაგირების გარეშე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მეტად უნდა იზრუნონ ლტოლვილებსა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობაზე, რომლებსაც შემოსავლის არანაირი წყარო არ გააჩნიათ.~
როგორ ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოებასთან ურთერთობას, რა საშუალებებით ცდილობენ, მეტად ეფექტური გახადონ ამ კუთხით მუშაობა? აღნიშნული კითხვით მივმართეთ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ელზა მიქელაძეს და სატელეფონო კომენტარი ვთხოვეთ. მან, თავის მხრივ, გამგეობის აპარატის უფროსთან, კახა ტოლიაშვილთან გვთხოვა გასაუბრება ამ საკითხზე. ბატონმა კახამ განგვიმარტა, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობის მხრივ მათ პრობლემები არ აქვთ და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია, `ამის გარდა არსებობს გაზეთი და სხვა საინფორმაციო საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ისინი გაეცნონ ცნობებს მიმდინარე პროექტების შესახებ.~ _ აღნიშნა ტოლიაშვილმა, რომელიც ინტერვიუს განმავლობაში საკმაოდ გაღიზიანებული ტონით გვესაუბრებოდა.
მაკო მაისურაძე
მაკო მაისურაძე
09.08.2010 |