|
მე მეშინია…..
`მე მეშინია თქვენთან რომ ვსაუბრობ. დარწმუნებული არ ვარ რომ ხვალ ვიღაც არ მომადგება და ამის გამო პრობლემები არ შემექმნება.~
`მეშინია ამ საუბრის შემდეგ ომში გადარჩენილი სახლიც არ ამიფეთქონ. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ეს მართლა ასეა.~
`მე ვაპირებ, რომ გამგებელს ვუჩივლო სასამართლოში,~
აგვისტოს დასაწყისში `ეროვნული ფორუმის~ ლიდერებმა _ კახა შარტავამ, გუბაზ სანიკიძემ და ამავე პარტიის სხვა აქტივისტებმა შეხვედრა გამართეს ზემო ნიქოზისა და ზემო ხვითის მოსახლეობასთან. მათ მოისმინეს ამ სოფლებში მცხოვრებთა პრობლემები და ასევე გააცნეს `ეროვნული ფორუმის~ სამოქმედო გეგმა, რომელიც 25 ივნისს პირველ პარტიულ კონფერენციაზე წარადგინეს. ამასთან ერთად მიაწოდეს ინფორმაცია იმ ინიციატივებზე, რომელიც `ფორუმმა~, სხვა პოლოიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განახორციელა.
ზემოთ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ყურადღებას ამახვილებდა სარწყავი წყლის არ არსებობაზე, რა მიზეზითაც, როგორც ამბობენ, მათ არ აქვთ საშუალება წლიური მოსავალი მოიწიონ და თავი გამოიკვებონ. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 800 ჰა მიწის ნაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ გაუნაღმავთ, რაც აფერხებს მის დამუშავებას. ვერც გასულ წელს მიღებული ხილის მოსავლის რეალიზება ვერ შეძლო მოსახლეობამ სათანადო ფასში. მათივე განცხადებით, სოფლის მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია.
მოსახლეობა ასევე საუბრობდა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე, არამიზნობრივად დახარჯულ თანხებსა და მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე.
თეა მჭედლიძე _ ზემო ნიქოზის მკვიდრი:
ომის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრება. მხოლოდ იმასღა ვფიქრობთ როგორ შეიძლება გავიტანოთ თვიდან თვემდე თავი... ომის დროს ჩემს თვალწინ ფეთქდებოდა ყუმბარები, შოკში ვიყავი. ამას ჩემს განცდებს ვამბობ ახლა, მაგრამ რაც მე ვნახე, ვერ აგიღწერთ რა იყო. ბავშვები ჩარჩენილები იყვნენ სოფლებში და მათ მშობლებს ვერსად გაჰყავდათ. ასეთი დღეები გამოვიარეთ და თქვე დალოცვილებო, ქვეყანას ხელმძღვანელობთ და მოდით, სიტყვიერად მაინც დაგვეხმარეთ ამ ტრავმის გადატანაში და რაღაც მაინც გამოასწორეთ... ასე უკან-უკან მივდივართ. დღე არ გავა რომ არ შევიტყოთ ახალგაზრდის სიკვდილი, ზოგი თავს იკლავს, ზოგი თავს იხრჩობს. საიდან მოდის ეს ყველაფერი? ხალხი დანერვოზებულია, აღარ შეგვიძლია მეტის ატანა! თუ ვინმეა დასაქმებული ჩვენს სოფელში, ისიც პოლიციაში. რა ქნან იმათ, ვისაც ახალგაზრდა ბიჭი არ ყავს ოჯახში? მაინცდამაინც ქურდობა და ყაჩაღობა უნდა დაიწყოს? მხოლოდ უფლის მფარველობის და მომავლის იმედად ვართ დარჩენილები.
ამბობენ, რომ გარკვეული სახის დახმარება უნდა იყოს სოფელზე, თუმცა ეს ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ნუთუ ამდენი ხნის განმავლობაში ეს საკითხი ვერ გადაწყვიტეს? კი, მე ძალიან მიყვარს ჩემი დედაქალაქი, მიხარია რომ ჩვენი ბიუჯეტი მილიონებით ივსება, მაგრამ სად მიდის ეს ფული? ძალიან მსიამოვნებს მომღერლები რომ ჩამოყავთ საქართველოში, მაგრამ ჩვენ მომღერლები დაგველია? რატომ უხდიან მილიონებს სხვებს?! პროდუქტი, რომელიც შემოაქვთ ამ სოფელში დახმარების სახით _ თუმცა იშვიათად, ფაქტობივად, ვერ ვიყენებთ ბევრ რამეს იქიდან. საპნებს საშინელი სუნი ასდის და კანი გვექავება გამოყენების შემდეგ, ზეთი გაურკვეველი წარმოებისაა და ხშირად თევზის სუნიც ასდის. ამიტომ არც ამას ვიყენებთ... აღარც ფინანსური შემოსავალი გვაქვს.
მე ხშირი ურთიერთობა მაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და როდესაც მოდიან გვეკითხებიან, ომამდე იყავით დასაქმებულებიო? არა, არ ვიყავით, მაგრამ საარსებო წყარო გვქონდა. თქვენ იცით რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ცხინვალთან ურთიერთობას? მე ახლა ვეღარც წარმომიდგენია რომ ამ ქალაქს ოდესმე კიდევ დავინახავ. მთელი სანათესაო დევნილებად მექცა. დავიკარგეთ... აქ მარტო ჩვენზე არაა საუბარი. ჩვენ ცხინვალელებსაც ვჭირდებოდით, შემოდიოდა ხალხი და ურთიერთობა გვქონდა მათთან. ხილსაც თავისი ფასი ჰქონდა. მთელი ძალა და ღონე შევალიე ბაღს, მაგრამ წელს ერთი ყუთი ვაშლი 60 თეთრად გავყიდეთ.
მე მეშინია თქვენთან რომ ვსაუბრობ. დარწმუნებული არ ვარ რომ ხვალ ვიღაც არ მომადგება და ამის გამო პრობლემები არ შემექმნება.
მაქვს ინფორმაცია, რომ იქაც არიან ჩვენნაირი ადამიანები, ისინი, რომლებსაც ჩვენს გარეშე უჭირთ ყოველდღიური ცხოვრება და უნდათ ქართველი და ოსი ხალხი ერთად იყოს. დარწმუნებული ვარ ერთად თუ დავსხდებით და მოვილაპარაკებთ, ჩვენი პრობლემა გადაიჭრება. ეს ერთადერთი გამოსავალია.~
თამრიკო მჭედლიძე _ ზემო ნიქოზის მკვიდრი:
`როდესაც მთავრობის წარმომადგენლები მოდიან ჩვენს სოფელში, ახლო არავინ გვიშვებს, რომ დაველაპარაკოთ. გაზაფხულზე პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩამოსული და ახლოს არავინ მოგვიშვა მასთან, რომ დავლაპარაკებოდით ჩვენს გასაჭირზე. სახლები ომის შემდეგ არის დაცხრილული და დაზიანებული, წყალი ჩამოგვდის, უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება. დახმარების სათხოვნელად გორის გამგეობასაც მივაკითხეთ, მაგრამ ყურიც არავინ გვათხოვა. ამ დაწესებულებაში ნამდვილი პაროდისტები მუშაობენ _ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენზე ხორციელდება საშინელი ზეწოლა. მეშინია ამ საუბრის შემდეგ ომში გადარჩენილი სახლიც არ ამიფეთქონ. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ეს მართლა ასეა.~
ლალი ერგემლიძე _ ზემო ხვითის მკვიდრი:
`ძალიან კარგად ილაპარაკეს ამ ხალხმა... იმედი მომეცა, რომ რაღაც გვეშველება. ჩვენ გვჯეროდა სააკაშვილის მთავრობის, მაგრამ არაფერი გაგვიკეთეს. თუ რამეს დაგვპირდნენ, არ შეგვისრულეს, დაპირება დაპირებად დარჩა.
ახლა წერილი გადავეცი კახა შარტავას, სადაც ჩემს მძიმე მდგომარეობასა და საცხოვრებელ პირობებზე ვწერ. მინდა მანაც გაიგოს ეს, იქნებ რამე შედეგი მოჰყვეს. მე მივაკითხე ქალაქის გამგეობას, სადაც დამპირდნენ, რომ ომის შედეგად დაზიანებულ სახლს შემიკეთებდნენ, მაგრამ ეს საკითხი დღემდე გადაუჭრელია. მე ვაპირებ, რომ გამგებელს ვუჩივლო სასამართლოში, იმიტომ რომ ისეთმა ხალხმა მიიღეს სახელმწიფოსგან დახმარება და თან არაერთხელ, რომლებსაც იმ კონკრეტული ტიპის დახმარება არ ესაჭიროებოდათ და სამშენებლო მასალები გაყიდეს. ჩემთვის კი ერთი ფიცარი არავის მოუცია. მე ვეუბნები ყველას, ვისაც დახმარებისთვის მივმართავ, რომ თუ არ მეკუთვნის იგი, მითხრან, მაგრამ მაიმედებენ მოგიტანთ და მოგეცემათო. Dდღემდე კი არავინ ჩანს.
დახმარების სახით ვითხოვდი შიფერს, იმიტომ რომ სულ დაიმტვრა სროლების შედეგად. ასევე მესაჭიროება ფანჯრები, რომლის ზომებიც აიღეს, დამაიმედეს და მოგვიანებით კი მითხრეს, რომ სია დავკარგეთო. მას შემდეგ კი აღარ გამოჩენილან.
ბაღები დავამუშავე, ვიფიქრე, როდესაც სოფელში ვცხოვრობ, რატომ უნდა ვიყიდო-მეთქი სიმინდი, ლობიო თუ სხვა სახის ბოსტნეული, მაგრამ ყველაფერი განადგურდა უწყლობის გამო. ჩვენს მთავრობას რომ ახალგორისთვის არ შეეწყვიტა გაზის მიწოდება, ისინი სარწყავ წყალს არ გადაგვიკეტავდნენ. თუ მაინცდამაინც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების გატარება, ჩაეჭრა 2-3 თვის შემდეგ, როდესაც მოსავალს მოვიყვანდით.
ჩვენ არავის არ ვახსოვართ, არავინ მოდის და არ გვეკითხება _ ხალხო, რა გიჭირთო, რით შევძლებთ თქვენს დახმარებასო. მე მარტო ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, მთელი სოფელი ამ დღეშია. მთელი სოფელი გაჭირვებულია. თუ სახლებს ჩამოივლით და სადმე ერთ ტომარა ფქვილს მაინც წააწყდებით, ჩათვალეთ, რომ ის უმდიდრესი ოჯახია ჩვენს სოფელში. მე ეროვნებით ოსი ვარ, ცხინვალიდან ვარ წარმოშობით. 82 წლის დედა იქ ცხოვრობს, დაც და მისი ოჯახიც იქ არის დასახლებული, ყველა ნათესავი იქ მყავს, მაგრამ ვერ ვნახულობ უკვე გასაგები მიზეზების გამო. აქ მხოლოდ მეუღლე და შვილები მყავს, რა თქმა უნდა მეუღლის ნათესავებიც, რადგან ის ქართველია. მამაჩემი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიჭრა და მოგვიანებით როდესაც გარდაიცვალა, ჩუმად შევიპარე ცხინვალში დასატირებლად. იქიდან რომ ვბრუნდებოდი, სპეც. დანიშნულების რაზმმა დამაკავა, გორში ჩამიყვანეს, თუმცა მათ ჩემთვის არაფერი უკადრებიათ. არაფერს აღარ ვდარდობდი, რადგან მამის დატირება მაინც შევძელი.
მე შემიძლია გითხრათ, რომ ოსი ეროვნების ხალხი ცხინვალში ქართველების მიმართ ზიზღს ნამდვილად არ გრძნობენ, პირიქით, სულ იმას ამბობენ რა გაგვიკეთა თქვენმა პრეზიდენტმა, ერთმანეთს როგორ დაგვაშორაო. მათ ჩვენ ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ისინი. ცხინვალში წელს ხილი არ არის საერთოდ. შეტანილია მხოლოდ ბანანი და ფორთოხალი, ის კი ვის რად უნდა?! დედაჩემმა მითხრა, რომ წელს თეთრი ბალი არ მიჭამიაო, ჩემი ბალი კი დახუნძლული იყო.~
კახა შარტავა _ `ეროვნული ფორუმის~ თავმჯდომარე:
`აქაური ზონა, ფრონტისპირა რეგიონია, აგერ, ორ ნაბიჯში იმყოფება დამპყრობელი. აქ მცხოვრებ ადამიანებს არ ეტყობათ ის ყურადღება, რასაც იმსახურებენ. ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა წამოჭრა აქაურმა მოსახლეობამ, რასაც საქართველოს სხვა რეგიონებშიც უჩივიან _ გულგრილი დამოკიდებულება, უყურადღებობა, ტყუილი, თანხების არამიზნობრივად ხარჯვა, შეღავათების არ არსებობა, საკუთარი შრომით ოჯახების შენახვის საშუალება არ გააჩნიათ და კიდევ სხვა უამრავი რამ. პრინციპში, მოსახლეობას დასკვნა აქვს გაკეთებული ასეთი: მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიმართეს ხელისუფლების ყველა დონეს და ჩამოსულ დელეგაციებს თავისი პრობლემების გადასაჭრელად, არაფერი კეთდება მათ სასიკეთოდ, ამიტომ ფიქრობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ეტყობა არაფერი ეშველება მათ მდგომარეობას. შესაბამისად, ჩვენ ვუყურებთ საქართველოში დარჩნენ თუ არა ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან სამოქალაქო აქტიურობის გამომჟღავნებისათვის და თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლისათვის. ასეთი მზადყოფნა, სავარაუდოდ, მოსახლეობის დიდ ნაწილში იქნება და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის საქმე, რომელსაც ჰქვია სამართლიანი გარემოს შექმნა და საარჩენო გარემოს შეცვლა. ჩვენ უკეთესად უნდა გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც დიდ ფულს ხარჯავენ საქართველოზე, რომ რეალურად მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული და მეტი კონტროლი ჭირდება იმ პროცესს, რომელსაც ფინანსების მიზნობრივად ხარჯვა ჰქვია.~
გუბაზ სანიკიძე _ `ეროვნული ფორუმის~ იდეოლოგიური მდივანი:
`ჩვენ გათითოკაცებული ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებთ. მე ერთი რამ ვიცი, სააკაშვილს ჩემი და კახა შარტავასი არ ეშინია. მას ეშინია ამ ხალხის, ოღონდ იმ შემთხვეაში, ერთად თუ დადგება. მარტივი ფორმულა არსებობს: საკუთარი ინტერესების დაცვას, თუ ვინმე უნამუსოსთან გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს უნამუსო ხელისუფლებასთან, ჩვენი ცხოვრებიდან უნდა წავშალოთ. ეს მოხდება მხოლოდ ერთად დგომის შემთხვევაში აქციებზე თუ სხვადასხვა სახის გამოსვლებზე საკუთარი ინტერესების დაცვით. კაცობრიობამ სხვა ფორმულა არ იცის, როცა რამეს ნებით არ გაძლევენ, მაშინ უნდა მოახდინო ძალის და ერთობის დემონსტრირება. აქ საუბარი თოფ-იარაღზე არ არის. საკუთარი ინტერესების დაცვა, ეს არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება.
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა შედეგიანი იყო თუნდაც იმის გამო, რომ საბოლოო ჯამში მაინც ყურადღებაა მთავარი. სამწუხაროდ, ოპოზიცია ყოველთვის ერიდებოდა ფრონტისპირა სოფლებში ჩამოსვლას ჩვენდა სამწუხაროდ. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და გაგვეგო ამ ხალხს რა უჭირთ, რა უნდათ, რა სჭირდებათ და ა.შ. გარდა ამისა ჩვენ ჩვენს წინადადებებსაც ვთავაზობთ.
თბილისში იციან, რომ აქ ბედნიერად ცხოვრობს ხალხი, სახელისუფლებო პროპაგანდა ასეთია, სააქაოს კი ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს. ჩემი და ჩემი მეგობრების ამოცანაა ვიყოთ შუამავალნი აქაურ მოსახლეობასა და იგივე თბილისელებს შორის იმიტომ, რომ ამ ყველაფრის შესახებ იქ ინფორმაცია არ აქვთ.~
ლედი ოქროპირიძე
ლედი ოქროპირიძე
01.10.2010 |