მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
`თავად ბუზიც კი ვერ შემოვა აქ ჩემი ნებართვის გარეშე.~
`თავად ბუზიც კი ვერ შემოვა აქ ჩემი ნებართვის გარეშე.~ `ხალხის გაზეთი~ დევნილთა დასახლებაში არსებული ვითარების გასაცნობად კარალეთის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან მივიდა. რამდენიმე ოჯახთან გასაუბრება მოვახერხეთ და ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, სანამ დასახლებაში 2 ადამიანი არ გამოჩნდა, რომლებიც დევნილებთან გასაუბრების საშუალებას არ გვაძლევდნენ, თუმცა ამაზე ვრცლად ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი დევნილებთან ჩაწერილ კომენტარებს შემოგთავაზებთ. `ერედვიდან დევნილი ვარ, ოჯახში ოთხნი ვართ. მეც არ ვიცი რითი გაგვაქვს თავი. ჩემი მეუღლე არსად მუშაობს ან სად არის სამუშაო? ძირითადად ჩემი მშობლები მეხმარებიან. ადრე სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას ვიღებდით, მაგრამ უკვე ოთხი თვეა რაც შეგვიწყვიტეს. სულ ცოტა ხნის წინ კი გავიგეთ, რომ 70 ლარის ნაცვლად წელს სახელმწიფოსაგან 50 ლარის უფასო გაზის დახარჯვის საშუალება გვექნება.~_ გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მაყვალა ასკილაშვილი: `პატარა ლიახვიდან ვარ დევნილი, სოფელ აწრისხევში ვცხოვრობდი. იქიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წამოვედით. ჯერ რუსთავში ვცხოვრობდი, იქიდან გორში გადმოვედით და ერთი წელი მეათე საბავშვო ბაღში ვცხოვრობდით. შემდეგ კი ამ ბინაში შემოგვასახლეს. ოჯახში სამნი ვართ. პრობლემები ადრე გვქონდა, მაგრამ ახლა აღარ გვაქვს. მეც და ჩემი მეუღლეც პენსიონერები ვართ და ამით გაგვაქვს თავი. ეს ფული საკმარისი არ არის ან რაში გვეყოფა ამ დროში? წამლებს ვყიდულობთ. ბინა გაგვირემონტეს და ძალიან მადლობლები ვართ. დახმარებას აღარ გვაძლევენ და ეს თანხა თავის გასატანად არ გვყოფნის. ბინაც ძალიან პატარაა, აღარ ვიცი სად რა შევინახო. მწნილები საპირფარეშოში მიწყვია. ისე ბინა კარგად არის გარემონტებული, ყველაფერი მიდგია რაც საჭიროა.~ მზია ნიკოლაიშვილი: `ცხინვალის რაიონიდან ვარ დევნილი, მესამე წელია რაც აქ ვცხოვრობ. ოჯახში მარტო ვარ, 10 წლის შვილი 1996 წელს ნაღმზე ამიფეთქდა და დაიღუპა. ჩემი სოფელი 1992 წელს დაწვეს. ბინა დამიწვეს, მამა მომიკლეს. 2008 წელს ისევ დაგვიწვეს ბინა.~ ეს ქალბატონი საკუთარ გასაჭირზე გვესაუბრებოდა, როცა ჩვენთან ზემოთ აღნიშნული პირები მოვიდნენ. ერთ-ერთი მათგანის დანახვამ, რომელსაც თავად დევნილები კაკოს ეძახდნენ ქალბატონი აშკარად ძალიან შეაშინა და საუბარი ასე გააგრძელა; `ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ ჩვენი ხელისუფლების, რადგან ყველაფერში გვეხმარებიან.~_ ო. ამის შემდეგ თავად `კაკოც~ აქტიურად ჩაერთო საუბარში, თანაც ისე, რომ მისთვის არაფერი გვიკითხავს. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ეს ადამიანი არ იყო ამ დასახლების რიგითი დევნილი ვინაობა ვკითხეთ, თუმცა საკუთარი სტატუსი მკაცრად გაასაიდუმლოვა. მოგვიანებით, კი დევნილებისგან შევიტყვეთ, რომ კაკო ამ დასახლების მამასახლისი იყო. მის თანმხლებ პირზე კი ვერაფრის გარკვევა ვერ შევძელით. `კაკო მამასახლისი~ აშკარა გულისწყრომას ვერ მალავდა იმის გამო, რომ დასახლებაში მისი ნებართვის გარეშე მივედით: `თავად ბუზიც კი ვერ შემოვა აქ ჩემი ნებართვის გარეშე.~- ო. ამავე ადამიანმა ეჭვიც კი შეიტანა იმაში, რომ ნამდვილად ჟურნალისტები ვიყავით - `რა ვიცი იქნებ ოპოზიციიდან ხართ~- ო. ამის შემდეგ ჩვენ ჟურნალისტობის დამადასტურებელი მოწმობა წარვუდგინეთ, რაზეც გვითხრა, რომ თავად მოიძიებდა ჩვენზე ინფორმაციას. მივხვდით, რომ `კაკო მამასახლისი~ მუშაობის საშუალებას არ მოგვცემდა, ამიტომ ეს ოჯახი დავტოვეთ და სხვებთან ვცადეთ გასაუბრება. იმედი გვქონდა, რომ `ზედამხედველები~ თავს დაგვანებებდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში ეს ხალხი იქაც `გამოგვეცხადა~. `თქვენ სანამ აქ მოხვიდოდით ჩემთვის უნდა დაგერეკათ და ჯერ მე შემთანხმებოდით, ისე როგორც ამას სხვა ჟურნალისტები აკეთებენ, ასეთი რაღაცეები არ გამოგადგებათ.~ _ ისევ გვმოძღვრავდა `კაკო მამასახლისი~, თუმცა ისიც ვერ გვითხრა ვინ იყვნენ ის ჟურნალისტები, ვინც დევნილებთან გასაუბრების წინ მისგან იღებდნენ ნებართვას. იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი `შეცდომა~ აღარ დაგვეშვა `მამასახლისს~ მისი პირადი ტელეფონის ნომერი ვთხოვეთ, რაზეც ასევე კატეგორიული უარი გვითხრა. აშკარა იყო, რომ ამ დასახლებაში ვერც მშვიდად მუშაობას და ვერც დევნილებთან გასაუბრებას ვერ შევძლებდით, რის გამოც იძულებულები გავხდით ეს ადგილი დაგვეტოვებინა. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად წასვლას ვაპირებდით და როგორც ჩანს ხელმძღვანელობის ზარმაც მოგვისწრო, გვითხრეს: `ბოდიში თუ ჩვენდა უნებურად გაწყენინეთ.~-ო. შორენა ხაბალაშვილი რეზო ნადირაძე რედაქტორისაგან: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინიციატივით გორში, სასტუმრო `ვიქტორიაში~ გამართულ შეხვედრაზე დევნილთა პრობლემებზე გამართულ დისკუსიაზე, რომლის შესახებაც `ხალხის გაზეთის~ ამავე ნომერშია საუბარია. სხვა საკითხებთან ერთად დევნილთა არაინფორმირებულობისა და მათი ჩასახლების ადგილებში ე.წ. მამასახლის/რწმუნებულებისა და სხვა გაურკვეველი სტატუსის მქონე პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელისშეშლის თემასაც შევეხეთ. დევნილთა არაინფორმირებულობის შედეგად (რაც მამასახლის/რწმუნებულების არაკომპეტენტურობით თუ დაუდევრობით მოხდა) 10 მილიონი დოლარი იხარჯება დევნილთა კოტეჯების მშენებლობისას დაშვებული დეფექტებისა და ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც ფაქტობრივად მშენებარე ფირმების გადასახდელი ან გამოსასწორებელი (ხელშეკრულებების თანახმად) იყო. ნაცვლად იმისა, რომ მამასახლის/რწმუნებულებმა უშუალოდ იმ საკითხებზე იმუშაონ რაც მათი უფლება/მოვალებაა, ისინი ჟურნალისტებთან `ჭიდაობითა~ და დევნილთა საზოგადოებისგან იზოლირებით არიან დაკავებული, რასაც მათი ხელმძღვანელების მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ მოსდევს. მეტი პასუხისმგებლობა რომ გამოეჩინათ ადამიანებს, ვისი მიზეზითაც დროულად არ მიეწოდათ დევნილებს ინფორმაცია დეფექტების შესახებ განაცხადების გაკეთების თაობაზე, 10 მილიონი დოლარი წყალში კი არ გადაიყრებოდა, არამედ სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებდნენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები დაუსჯელი რჩება და არ დგება დამნაშავე პირების პასუხიმგებლობის საკითხი. სტატიაში აღწერილი ინციდენტის შესახებ (მას შემდეგ რაც შემატყობინეს ჟურნალისტებმა), საქმის კურსში ჩავაყენე სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც რატომღაც ვერ გაიგო (??!!) რატომ მივმართეთ მას (თურმე სამხარეო ადმინისტრაციას არ ეხება, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარო მოსამსახურე და მასთან მყოფი პიროვნება შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება ჟურნალისტებს) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ხელმძღვანელი მამასახლის/რწმუნებულმა და მასთან მყოფმა პიროვნებამ ბოდიში მოუხადეს ჟურნალისტებს. მაგრამ აქვს კი ფასი ასეთ `ბოდიშს?~ ეს ფაქტი რომ პირველი შემთხვევა იყოს სგანგაშოსაც ვერაფერს დავინახავდით, მაგრამ ამას ხომ სისტემატური ხასიათი აქვს და ბოლო არ უჩანს……
შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე
01.04.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Your thinking maethcs mine - great minds think alike!
: I bow down humbly in the psreence of such greatness.
: 20
: 20
: One or two to rembemer, that is.
: Now we know who the sensilbe one is here. Great post!
ukan
amindis prognozi
გორი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.