|
სიძველეთა დარბაზი ღიაა დამთვალიერებლისთვის
`საქართველოს ნამდვილად აქვს ის განძი, რითიც შეუძლია იამაყოს...~
დაახლოებით ერთი წელია, რაც სამთავისისა და გორის ეპარქიასთან არსებულ `კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში~ სიძველეთა დარბაზია განთავსებული, სადაც თავმოყრილია ქართლის სულიერი ცხოვრებისა და ყოფითი გარემოს ამსახველი ეთნოგრაფიული ნიმუშები, ასევე ეპარქიაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების მასალები და უძველესი საეკლესიო ნივთები.
გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკონი გიორგი (კარელიძე) `ხალხის გაზეთს~ დარბაზში დაცულ სიძველეთა და ზოგადად, ცენტრის მუშაობის შესახებ ესაუბრა:
_ როგორ მოხდა ქალაქ გორში კულტურისა და სულერი განათლების ცენტრის დაარსება და რა ძირითადი მიმართულებებით მუშაობს იგი?
_ წმინდა სინოდის დადგენილებისამებრ და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რომელიც გაიცა ყველა ეპარქიაში და გულისხმობდა კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრების დაარსებას, პირველად სამთავისისა და გორის ეპარქიაში შეიქმნა მსგავსი ცენტრი ახალგაზრდობის და ასევე უფროსი თაობის სულიერი, კულტურული და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისათვის. აქ განთავსდა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი `გადარჩენის გზა,~ ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი, ასევე უცხო ენების დისტანციური სწავლებისა და ტაძრის მედავითნეთა მომზადების ცენტრები. ფუნქციონირებს გალობის, ხალხური სიმღერების, ფერწერისა და ქარგვის წრეები, მისიონერული, ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის სამსახურები. აღნიშნული შენობა მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. გასულ წელს მოვიწვიეთ მისი უწმინდესობაც, რომელმაც გააორმაგა ჩვენი სიხარული. შენობა სამი სართულისაგან შედგება. სარდაფში განთავსებულია სიძველეთა დარბაზი, პირველ სართულზე არის საკონფერენციო (შეხვედრების) დარბაზი, სადაც ყოველ კვირა დღეს, 4 საათზე სასულიერო პირები ხვდებიან მრევლს და განსაზღვრულ თემებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბრები. არის კითხვა-პასუხის რეჟიმი, მრევლი სვამს კითხვებს. შეიძლება ესა თუ ის კითხვა განსახილველ თემასთან არ იყოს ახლოს, თუმცა ყველა კითხვა არის მიღებული და შეძლებისდაგვარად ხდება მათზე პასუხების გაცემა. მეორე სართულზე განთავსებულია ზემოთ აღნიშნული სამსახურები.
_ სიძველეთა დარბაზში რა სახის ნივთები და სიძველეებია წარმოდგენილი?
_ აქ წარმოდგენილია როგორც სამთავისისა და გორის ეპარქიაში აღმოჩენილი და მოძიებული ეთნოგრაფიული თუ სხვა სახის მასალები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოძიებული და სხვა ეპარქიებიდან ჩამოტანილი სიძველეები. ყველაზე საგულისხმოა დიდი გამოფენა სამთავისის სამონასტრო კომპლექსის გათხრებისა. როგორც ცნობილია, საოცარი აღმოჩენა გაკეთდა _ სამთავისის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული სამონასტრო ტაძარი _ სამნავიანი ბაზილიკა. აღნიშნული სამონასტრო კომპლექსი მოხსენიებულია `ქართლის ცხოვრებაშიც~, კერძოდ, მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ სამთავისში იქნა აშენებული ეს ტაძარი, თუმცა მკვლევარები ვერ პოულობდნენ მას. და აი, გათხრებმა, რომლებიც დაიწყო 2005-2006 წლებში, დაადასტურა მისი არსებობა. ექსპონატებს შორისაა XII საუკუნის ჯალალ ედ დინის მონეტა, XI საუკუნის სხვადასხვა ფერის მოჭიქული კრამიტები, რომლითაც იყო გადახურული ზემოთ აღნიშნული სამონასტრო კომპლექსი და მისი სამეურნეო ნაწილი. გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სიძველეთა დარბაზში წარმოდგენილია ასევე ატენის ხეობაში მდებარე სოფელ ფელის ტაძრის კანკელის საუცხოო ნიმუშები და ქვაში შესრულებული ჩუქურთმები, რომლებიც X-XI საუკუნეებით თარიღდება. დამთვალიერებელი ასევე იხილავს ეთნოგრაფიულ მასალებს, როგორებიცაა ძველი წელთაღრიცხვის ბრინჯაოს ხანის ნივთები, სარიტუალო ჭურჭელი, ქალის სამკაულები, მოსართავები, ბრინჯაოს შუბი, რომელიც გაყოფილია სამ ნაწილად. წარმოდგენილია შუა საუკუნეების და შედარებით უფრო ახლანდელი (XVIII-XIX სს.) საყოფაცხოვრებო და საეკლესიო ნივთები, რომლებიც გადაურჩნენ კომუნისტურ დევნას და დღემდე თეატრებში ინახავდნენ (იყენებდნენ სხვადასხვა სპექტაკლებსა და დადგმებში). დღეს, როდესაც მიმდინარეობს ქართული ეკლესიის აღორძინება, ქართველი ერი უბრუნდება იმ ძველ საწყისს, რასაც ღვთისადმი ცხოველი რწმენა ჰქვია, თეატრის მესვეურებსაც გაუჩნდათ სურვილი, რომ ეს ნივთები ეკლესიისთვის დაებრუნებინათ. მათ შორის არის XVII-XVIII საუკუნეების ბარძიმიც.
_ სიძველეების მოძიებასა და შეკრებაში ვის მიუძღვის წვლილი?
_ ეს ყველაფერი მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას დამსახურება და მისი ძალისხმევის შედეგია. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა აღნიშნულ მასალას იმიტომ, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ის განძი, რითიც შეუძლია იამაყოს, გამოვიდეს ნებისმიერი დონის ასპარეზზე. თავდაპირველად, მიზნად ვისახავდით მუზეუმი მაინც გაგვეხსნა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ გაკეთდა ერთი დიდი შენობა და ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი.
_ რაც შეეხება ფოტო-გამოფენას, რომელიც ამჟამად არის განთავსებული სიძველეთა დარბაზში, რას ასახავს იგი და რა არის გამოფენის ძირითადი მიზანი?
_ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს გამოფენა ამჟამად ჩვენთან არის განთავსებული. ფოტო-გამოფენა `საგანძური~ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელშეწყობით შეიქმნა და წარმოადგენს ალტერნატიულ, ორიგინალურ საშუალებას ქართული ქრისტიანული კულტურის უძველესი შედევრების ექსპონირებისა და პოპულარიზაციისთვის. საქართველოს ოქროს ფონდში დაცულ ყველა ექსპონატს გადაუღეს ფოტო და დამზადდა რეპროდუქციები, რომლებიც დასათაურებულია. ფოტო-გამოფენის პირველი ექსპოზიცია და აპრობაცია განხორციელდა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში. აღნიშნული პროექტის მიზნებია: მეტი ცნობადობა შესძინოს და ბევრი ადამიანი აზიაროს ქართული სულიერებისა და მატერიალური კულტურის უწმინდეს საგანძურს; უკეთ წარმოჩინდეს ამ სიწმინდეებში დავანებული ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის უმაღლესი ხარისხი და ხელი შეუწყოს ამ ხარისხის დამკვიდრებას თანამედროვე ხელოვნებაში; უკეთ წარმოჩინდეს ამ მატერიალური ძეგლების საშუალებით ჩვენამდე მოსული ინფორმაცია ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ; მეტი ძალისხმევა შემატოს ამ შედევრების შექმნისა და ისტორიის ახლებურ კვლევას. 2011 წელს დაიგეგმა საგანძურის მოგზაურობა საქართველოს რეგიონებსა და უცხოეთში, ქართულ წარმომადგენლობებსა და ქრისტიანული კულტურის კერებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბავშვთა სახლებში, საავადმყოფოებში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ექსპოზიციის მოგზაურობას დაერთვება სხვადასხვა ღონისძიებები და საინფორმაციო-შემეცნებითი პროგრამა (სტუდენტური ან მოსწავლეთა კონფერენციების ჩატარება, დარგის სპეციალისტების თემატური ლექციები, თანამედროვე ხელოვნების ნაკეთობების გამოფენები და სხვა). ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ ყველამ ნახოს (მოგეხსენებათ, მოსახლეობას არ აქვს საშუალება და საკმარისი ინფორმაცია), თუ რა განძისა და სიძველეების _ რა საოცარი მემკვიდრეობის მფლობელები ვართ. მოწვეული გვყავს მოსწავლეები და მასწავლებლები მთლიანად ეპარქიის მასშტაბით _ ქარელის, კასპის და გორის საჯარო სკოლებიდან. დამთვალიერებლებს ხვდება გიდი, რომელიც უხსნის მათ თითოეული ექსპონატის მნიშვნელობას და აწვდის ისტორიულ და სხვა სახის ინფორმაციას. მსურველები და მნახველები უამრავია, მათ შორის უცხოელი ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან და სტუმრობენ სიძველეთა დარბაზს.
_ საჭიროა თუ არა თანხის გადახდა დარბაზის დათვალიერებისთვის?
_ ჯერჯერობითYთანხა დაწესებული არ არის, შესვლა თავისუფალია და უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის ყოველდღე, 11-დან 4 საათამდე. დამთვალიერებლებს დახვდებათ გიდი, რომელიც მოატარებს დარბაზს, აუხსნის და გააცნობს ჩვენი სიძველეების ისტორიას.
ესაუბრა ნინო შოთნიაშვილი
13.04.2011 |