შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

...და ცისფერი ქვა გამოჩნდა - უნიკალური კანკელის აღმოჩენის დეტალები [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23457 
 10 ივლისი 2019
კანკელის ფრაგმენტი რვა ივლისს, დღისით, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წვიმის დროს ჩამოშლილი მიწის გატანისას გამოჩნდა.„ჩვეულებრივად, ყოველდღიურ სამუშაოს ვასრულებდი. ჩამოსული მიწის აღებისას, ცისფერი განსხვავებული ქვა დავინახე. მუშაობა შევწყვიტე და ჩვენს რესტავრატორს, რამაზ კორშიას დავუძახე. შემდეგ ყველამ გავიგეთ, რაც ყოფილა“, - იხსენებს ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე ჯონი ლაბაძე.„მსგავსი კანკელი ჩვენს კულტურაში აქამდე არ გვქონია. ხომ შეეძლო, ერთი და იგივე ორნამენტი გაეკეთებინა, მაგრამ სხვადასხვა, უდიდესი სიზუსტით და ოსტატობით შექმნილი ორნამენტი და ჩუქურთმა შექმნა. კანკელზე სვეტები დგას, რომელშიც აღმოჩენილის მსგავსი ფორმებია მოქცეული, ზედა მხარეს კი ფერწერული ხატები იქნებოდა,“ - ასე გვიხატავს კანკელის თავდაპირველ განლაგებას აწყურის სარეაბილიტაციო პროექტის ერთ-ერთი რესტავრატორი. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ ღვთისმშობლის მიძინების ხატი თეძამის ტუფზეა ამოკვეთილი. "მსგავსი კანკელი არის საფარაში, რომელიც იგივე, მე-11 საუკუნის სტილით არის შექმნილი. დეკორითა და ჩუქურთმების კვეთილობით, ჩვენს კულტურაში ამდაგვარ კანკელებს შორის ეს განსაკუთრებულად მაღალმხატვრული ნაწარმოებია“, - განმარტავს გიორგი გაგოშიძე და ამატებს, რომ აწყურში აღმოჩენილ კანკელს ადგილზე მომავალ კვირას შეისწავლის.აწყურის სარესტავრაციო პროექტის ხელმძღვანელის, ედიშერ ჯანჯულიას თქმით, ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა და მათმა სიმრავლემ გადააწყვეტინა, რომ ტაძრის ეზოში მუზეუმი მოეწყოს. ნაპოვნი კანკელიც მუზეუმში განთავსდება: „აქვე განვათავსებთ ყველა მნიშვნელოვან აღმოჩენას. რამდენიმე კვირის წინ აღმოჩენილი ჯვრის ბაზისიც იქ დაიდგმება; გუმბათისთვის კი ასლს დავამზდებთ“.ამჟამად ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის თაღების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალ წელს კი გუმბათის მშენებლობა დაიწყება.აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებელი კომპანიის – „ივერთმშენის“ დირექტორის ედიშერ ჯანჯულიას განცხადებით, ტაძრის რესტავრაცია 2022 წელს დასრულდება.[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება
სამართალი