შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნელი ღონღაძე – თავისუფლებაში დაბადებული თაობის იმედი მაქვს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23460 
 10 ივლისი 2019
სოფელ აწყურში დაიბადა. დედა პედაგოგი იყო, სოფლის სკოლაში მუშაობდა.მამა – იურისტი, მუშაობდა სხვადასხვა ქალაქებში – სამტრედია, ზესტაფონი, ქობულეთი.„11 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა. გამზარდეს მამაჩემის მშობლებმა. ბაბუა ყველაფერი იყო ჩემთვის, ცხოვრების მასწავლებელი“, – გვიყვება ნელი ღონღაძე.ბაბუა – ერმოგენ ღონღაძე, 1944 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშადან გადმოასახლეს ახალციხის სოფელ აწყურში. „ხშირად დადიოდა შროშაში, თუმცა ვერ შეძლო იქ ეცხოვრა. ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი. 1985 წელს გარდაიცვლა 90 წლის ასაკში და გული მტკივა, რომ ყველაზე დიდი ოცნება – დამოუკიდებელი საქართველო ენახა, ვერ აიხდინა. სულს ღაფავდა საქართველოსთვის. ბაბუა იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, იბრძოდა ვალიკო ჯუღელის გვერდით, მიყვებოდა გენერალ მაზნიაშვილზე. მონაწილეობა აქვს მიღებული 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, როცა დაინგრა ყველაფერი. 29–30 წლებში დაჭერილი იყო და ციხიდან გამოვიდა, როგორც გადამხრელი [იგულისხმება ტერმინი უკლონნიკი]", – გვიყვება ნელი ღონღაძე.„გადამხრელის“ შვილიშვილი, შრომის წითელი დროშის ორდენოსანი – სახელმწიფო უნივერსიტეტეტში ისტორიის ფაკულტეტზე აბარებს და ამბობს, რომ ბაბუა სახლში ცალკე უტარებდა განსხვავებულ ლექციებს.„როცა რაღაცას ვკითხულობდი, მეუბნებოდა – ბაბუა, რას ლაპარაკობ ახლა შენ, რაც მანდ წერია, სულ არასწორია. მეიცა, მეიცა, ბაბუ, მოტრიალდი და მე მომისმინე, მე გამივლია ეგ ბაბუ და გეტყვი ყველაფერს, როგორც იყოო. როგორ ჩამოვიდნენ ინგლისელები, ამერიკელები, გერმანელები. რა უნდოდათ ბაბუა–მეთქი და ჭიათურასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები და უამრავი სამუშაო შეხვედრები ჰქონდათო“, – იხსენებს ნელი ღონღაძე. იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტშიც განსაკუთრებული ლექტორები ჰყავდა – შალვა ამირანაშვილი, იასე ცინცაძე, გიორგი გოზალიშვილი, შოთა მესხია ...„აქედან 80 პროცენტი პარტიის წევრი არ იყო. ჩემს მეგობარს უნდოდა პარტიაში შესვლა სტუდენტობის დროს და ეს მაშინ დიდ პრიორიტეტად ითვლებოდა. მან რეკომენდაციისთვის მიმართა გიორგი გოზალიშვილს და მითხრა წამყევიო. ჩვენ კარგად ვსწავლობდით, ლექტორი გვიცნობდა, ვუყვარდით. მივედით, ჰოდა ლექტორი ეუბნება: – ყმაწილო, ძალიან მომწონხართ, კარგი ბიჭი ხართ, სიამოვნებით გაგიწევდით რეკომენდაციას, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ვარ პარტიის წევრი. ისტორიულის დამთავრების შემდეგ, ლევან სანიკიძის რეკომენდაციით, ახალციხეში ჩამოვიდა და მუშაობა დაიწყო მეცნიერ მუშაკად არქივში. მოგვიანებით ორი წელი იმუშავა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში სკოლის დირექტორად. „შემდეგ გადმოვედი მმაჩის განყოფილების გამგედ ახალციხეში და დამხვდა დოკუმენტურად ყველაფერი არეული. იყო გადაკეთებული სახელები, გვარები, ეროვნება. მამუკაშვილები მამუკოვებად იყო დაწერილი და ასეთი – ბევრი. დავიწყე ეროვნებების დაბრუნება, აღდგენა, გვარის შეცვლა, წინაპრების გვარების მინიჭება, სახელების შეცვლა. ზუსტად მახსოვს, 500 ოჯახის მონაცემები გამოვასწორე ვალეში. გვარები იყო დამახინჯებული. მაგალითად, იანუღოვები, ხითაროვები, გოზალოვები. ადვილი სამუშაო არ იყო, მეხმარებოდნენ, წინააღმდეგობებიც არ მხვდებოდა. გაქანებული საბჭოთა პერიოდი იყო და ვაკეთებდი, სხვებთან ერთად, ეროვნულ საქმეს“, – გვიყვება ნელი ღონღაძე. 1983–1988 წლებში დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი. ხუთი წელი რეგიონულ სამხედო მოსამართლედ მუშაობდა. ამავე პერიოდში თსუ ახალციხის ფილიალში ლექციებს ვკითხულობდა. 12 წელიწადი კი ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. ამბობს, რომ რთული იყო, თუმცა შეძლო. საუბარი შეეხო 17 მაისს, პრაიდს: „ყველას თავის შეხედულება და აზრი აქვს. ამ მაგიდასთან ხუთნი რომ ვისხდეთ, ხუთივეს სხვადასხვა აზრი გვექნება. რომის იმპერიის დროს, იულიუს კეისარზე ერთ–ერთი მემატიანე წერდა, იულიუს კეისარი იყო იმ პერიოდში ყველა ულამაზესი ქალის ქმარი და ყველა ულამაზესი კაცის ცოლი. მართლმადიდებლობაში ეს უზნეობად ითვლება. კომუნისტების დროს სპეციალური მუხლი იყო – გაუკუღმართებული გზით სქესობრივი ცხოვრება. მე არ მქონია აქ შემთხვევა, თუმცა მუხლი მკვდარი არ ყოფილა. მუხლი იდება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ქვეყანაში შემთხვევები, და არც ერთ–ორ შემთხვევაზე იქმნება მუხლი. ყველას ცხოვრება მისი პირადი საქმეა“. პოლიტიკაზე არ საუბრობს, ამბობს, რომ ახალი თაობის იმედი აქვს. „90–იან წლებში ერთ–ერთი მომიტინგე ვიყავი. ბრძოლა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევისათვის. ბევრი ეპოქა გადავიარე, მოვესწარი მჟავანაძეს, შევარდანძეს, გამსახურდიას ისევ შევარდნაძის დაბრუნებას, სააკაშვილს, ივანიშვილს. საინტერესოა ყველა ეპოქა, შვილიშვილებს რომ მოვუყვები, ისეთი. ახლა გვინდა განსხვავებული ეპოქა. ქვეყანა გვაქვს მოსაწესრიგებელი. ძალიან კარგი თაობა გვყავს. ძლიერი და თავისუფლებაში დაბადებულები არიან და ამიტომაც აქვთ სწრაფვა თავისუფლებისკენ. ჩვენ იქით ვართ, ძნელია გადაკეთება, გადმოკეთება. თავისუფლებაში დაბადებული თაობის იმედი მაქვს“. 1991 წელი, 9 აპრილი, საქართელოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ახალციხე[გულო კოხოძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია