შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭერმის ზომის სეტყვა იყო - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23473 
 11 ივლისი 2019
ასპინძაში, ნაქალაქევში, ფიასა და ივერიაში სტიქია დღეს, 11 ივლისს, დაახლოებით 15:00-დან 16:00 საათამდე ინტერვალში იყო. ადილობრივები ამბობენ, რომ შავი ღრუბელი და სეტყვა საყუდაბელის მთიდან წამოვიდა. ჯერ დაბა დაისეტყვა, შემდეგ კი სოფლებისკენ, ზოლად გადაინაცვლა. სეტყვამ დაბა ასპინძის ცენტრალური გზის მიმდებარედ, ხეხილი დააზიანა. ძირს ჩამოიყარა თუთა, კაკალი, ალუბალი და ვაზის მტევანი. „დიდი სეტყვა იყო, ხეხილი დააზიანა, ძირს დააგო ყველაფერი. რაც ხეზე დარჩა, ისიც აღარ გამოდგება. თუთა იყო ამ სეზონზე მნიშვნელოვანი და უკვე ძირს ყრია. ჩემთან ვენახი და პომიდორია ცუდ მდგომარეობაში“, - ამბობს ასპინძის მკვიდრი ნუგზარ ზედგინიზე. ადგილობრივი თამაზ მელიქიძის თქმით, ასეთი მსხვილი სეტყვა ასპინძაში არ ახსოვს: „დავინიშნე და 12 წუთი იყო. კაკალს რომ ჩამოყრის ძირს, წარმოიდგინე რამხელა სეტყვა იქნებოდა. ნაგვის ურნა ძირს ჩამოყრილი ყურძნით გავავსე“. დაბის შემდეგ სტიქიამ სოფლებში გადაინაცვლა. ნაქალაქევში სეტყვა დაახლოებით რვა წუთი იყო. „ჭერმის ზომის სეტყვა იყო, ზოლსა და ზოლზე გადაიარა. სიმინდი, ლობიო, კიტრი, პომიდორი - 80% აღარ არის. ხეხილიც დაზიანდა. დღეს, იმდენად არაფერი ეტყობა, მაგრამ როგორც კი ხვალ მზე მოხვდება, გახმობას დაიწყებს“, - ამბობს ნაქალაქევის მკვიდრი იაკობ ოთანაძე.სეტყვის გარდა, ძლიერი ქარი და წვიმა იყო სოფელ ფიაშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდან ჩამოყრილი მკვახე ნაყოფი და ფოთლები, წვიმის შედეგად მოსულმა ნიაღვრებმა გადარეცხა. ფიაში წვრილი სეტყვა მოვიდა, თუმცა დაზიანების მაჩვენებელი აქაც მაღალია.„ქარიშხალმა უფრო დიდი ზარალი მოგვაყენა, ვიდრე სეტყვამ. სეტყვა წვრილი იყო და 2-5 წუთი გრძელდებოდა. ვენახი ზემოდან არის დაჩეხილი. ისეთი წყალი მოდიოდა, რომ ძირს რაც ეყარა, სულ გაასუფთავა. დააზიანა კიტრი, პამიდორი, ნესვი, საზამთრო, ნარგავები დაჩეხილია“, - ამბობს ფიას მკვიდრი ცირა ზაზაძე. ასპინძის მერიის ინფორმაციით, დასეტყვილ დასახლებებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს: „ყველაზე მეტი დაზიანება დაბა ასპინძაში იყო. სოფლებში, ძირითადად, ხეხილი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნათესები გაფუჭდა. ოთხი-ხუთი სახლის სახურავია დაზიანებული, მათგან ერთი – სოფელ ივერიაში. მნიშვნელოვანი დაზიანებები არ არის. ინფრასტრუქტურული ზარალი არ გვაქვს. კომისია ყველა სოფელში მუშაობს“, - ამბობს ასპინძის მერის მოადგილე დავით პაპაშვილი. მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების შესახებ, სრული სურათი თვითმმართველობას ხვალ ექნება. [თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია