შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ორი პირის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებას, გარდაცვლილების ოჯახის წევრები აპროტესტებენ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში მცხოვრებ ვლადიმერ ზაზაძეს, 2001 წელს, ორი ჯარისკაცის მკვლელეობისთვის, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი სასჯელს მერვე დაწესებულებაში იხდის.ვლადიმერ ზაზაძის ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულზე, მესამედ უნდა მიმართოს სასამართლოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით. „პირველად როდესაც მოვითხოვეთ სასჯელი, საზოგადოებრივი სასარგებლო შრომით შეცვლილიყო, არ დაკმაყოფილდა, პენიტენციალურმა მხარემ უარი განაცხადა. ბოლო მიმართვა 2019 წლის მაისში გვქონდა, სადაც უკვე პენიტენციალური მხარე თანახმა იყო სასჯელის შეცვლაზე. მათ სამსახურიც კი მოუძებნეს ახალციხეში იუსტიცის სამინისტროს დაქვემდებარებულ ფილიალში“, – გვითხრა გელა ნიკოლეიშვილმა.როგორც ნიკოლეიშვილი განმარტავს, სასამართლოზე მოსამართლემ, პატიმრის გათავისუფლებისთვის დაზარალებული ოჯახის წევრების თანხმობა მოითხოვა.„2015 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი უვადო პატიმრობაში იმყოფება და 20 წელია გასული, უფლება აქვს მოითხოვოს სასჯელის შეცვლა. ყველა პირობას აკმაყოფილებდა პატიმარი, რადგან მას კარგი დახასიათება აქვს. მოსამართლის მიერ მოთხოვნილ თანხმობაზე უარი მივიღეთ, როცა ჩავიდნენ წარმომადგენლები ოჯახის წევრებთან უარი განაცხადეს და მუქარაც დაიწყეს ამის გამო. ამ ეტაპზე, მოსამრთლემ თავი შეიკავა პატიმრის გათავისუფლებაზე. კანონის თანახმად ერთი წლის შემდეგ ისევ შეიძლება მოთხოვნა სასჯელის შეცვლაზე ამიტომ ისევ ვგეგმავთ გაზაფხულზე კიდევ ვცადოთ“, – ამბობს ადვოკატი.გარდაცვლილი თეიმურაზ ივანიძის დედა ადასტურებს, რომ გასული წლის ზაფხულში, მასთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნამდვილად მივიდა.„მკითხეს, თუ რას ვფიქრობდი პატიმრის გამოშვებაზე ვუპასუხე, რომ ჩემს ადგილზე წარმოედგინათ თავი. 19 წლის წინ, 25 მარტს ვალეში, საქართველო–თურქეთის საზღვართან, ვლადიმერ ზაზაძემ ჩემი შვილი და მისი მეგობარი მოტყუებით დაცხრილა. ეგ ისედაც შეწყალებულია დღეს ცოცხალი, რომ დადის. რა თქმა უნდა უარი ვუთხარი და არც მომავალში დავთანხმდები“, – ამბობს ცისვარდი ივანიძე.გარდაცვლილების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმარ ვლადიმერ ზაზაძემ კუთვნილი სასჯელი უნდა მოიხადოს და მის გათავისუფლებას არ დაუშვებენ.„გავიგეთ, რომ ციხიდან გამოსვლას ცდილობს. თამაზის მშობლები გარდაიცვალნენ, ფაქტობრივად მასზე დარდს გადაჰყვნენ. მთელი სანათესაო, ოჯახის წევრები და სოფელი წინააღმდეგნი ვართ მისი გამოშვების, ღმერთმა არ ქნას გამოვიდეს, უფრო დიდი უსიამოვნება მოხდება. არავინ არ აპატიებს ჩადენილ დანაშაულს“, – ამბობს გარდაცვლილი თამაზ ანდღულაძის დეიდაშვილი სიმონ კაჭკაჭაშვილი.ვლადიმერ ზაზაძის ოჯახის წევრი ეკატერინე ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ პატიმარს ციხეში კარგი დახასიათება აქვს და იგი ინანიების თავის დანაშაულს.„მესმის მე გრდაცვილი ოჯახის წევრების, მაგრამ მათაც წარმოიდგინონ ჩვენს ადგილზე თავი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში. შესაძლოა ეს დაღუპულიყო, რადგან მათგანაც იყო ნასროლი და ეს ყველა დეტალი იმ საქმეშიც დევს“, – გვითხრა ეკატერინე ფეიქრიშვილმა.ვლადიმერ ზაზაძე სასჯელს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) ქვეპუნქტით იხდის, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია