შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში სახელმწიფოს მიერ აუქციონზე გატანილ ნაკვეთს ყადაღა დაედო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2020
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 5 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 2019 წლის 19 დეკემბერს გაიტანა. საწყისი ფასი 427 000 ლარი იყო.მარინე კბილაშვილის ადვოკატი, ალექსანდრე პაპაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ მისმა მარწმუნებელმა ნაკვეთის გასხვისების შესახებ მაშინ გაიგო, რაც სახელმწიფომ ტერიტორიის საპრივატიზაციოდ მომზადება დაიწყო. „ნაკვეთი საპრივატიზაციოდ იყო მომზადებული. პრეტენზიების წარდგენა უკვე დაგვიანებული იყო, ამიტომ მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა, მიგვემართა სასამართლოსთვის, რომ აუქციონი შეჩერებულიყო“, – განმარტავს პაპაშვილი. ადვოკატის თქმით, სადავო ტერიტორიაზე წლების განმავლობაში სახერხი საამქრო ფუნქციონირებდა, ტერიტორია კი ფირმა „კირიონის“ საკუთრება იყო. „ფირმა აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ მისი სამართალმემკვიდრე მარინე კბილაშვილია. შესაბამისად ფირმის საკუთრება სამართალმემკვიდრეს უნდა გადაეცეს. 1995 წლის აბასთუმნის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფირმა „კირიონის“ საკუთრება რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ 10 000 კვ.მ მიწაა, მათ შორის ის ნაკვეთიც, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა. ამ ეტაპზე ჯერ 1 500 კვ.მეტრზე გვაქვს შეტანილი განაცხადი საჯარო რეესტრში“.ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, შეიძლებოდა ამ საკითხის სასამართლო დავის გარეშე გადაწყვეტაც: „სადავო არაფერი იქნებოდა, უფრო ადრე რომ დაგვეწყო პროცედურები და საჯარო რეესტრაც დროულად რომ მიეღო ჩვენი განცხადება, სანამ აუქციონი დაიწყებოდა, სასამართლო დავა არ გახდებოდა საჭირო“. მისი თქმით, იმ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვს საჯარო რეესტრში, საპრობლემო არაფერია და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა მის მარწმუნებელს. ხოლო აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობას სასამართლო გადაწყვეტს. „როგორც კი დავამტკიცებთ, რომ ფირმა „კირიონი“ ნამდვილად ფლობდა აღნიშნულ ნაკვეთს, ისიც დადგინდება, რომ ფირმის სამართალმემკვიდრე ნამდვილად ჩემი მარწმუნებელია, ეს ნაკვეთიც მის საკუთრებაში გადავა“, – განმარტავს პაპაშვილი.ადვოკატი ამბობს, რომ საქმეს ძველი დოკუმენტები ართულებს: „ძველ დოკუმენტებში ეწერა მხოლოდ სახელის პირველი ასო და გვარი, საჯარო რეესტრში კი რთულდება იმის დამტკიცება რომ ეს ნამდვილად ის პიროვნებაა, თუმცა სასამართლოს გზით ამას დავამტკიცებთ და საპრობლემოც არაფერი იქნება“.„სამხრეთის კარიბჭე“ საქმესთან დაკავშირებით მოპასუხე მხარეს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა. პასუხს მესამე დღეა ველოდებით.სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არაა. ადვოკატის თქმით, თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. [რობი ზარიძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია