შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვახტანგ რობაქიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს ექსპერტიზის ბიუროში შეამოწმეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2020
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ზედაპირული დათვალიერება ვახტანგ რობაქიძეს დღეს, 21 იანვარს დილით ჩაუტარდა. „დღესვე გამოკვლევები უნდა ჩავიტარო კლინიკაში, რომ დადგინდეს მუცლის არეში მიყენებული დაზიანებები. გამოკვლევის შედეგებს სამხარაულის ბიურო შეისწავლის“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ვახტანგ რობაქიძემ.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რობაქიძე გუშინ, 20 იანვარს საღამოს გამოკითხა: „ჩემს მიმართ ძალადობის შესახებ მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია და ველოდები ობიექტურ გამოძიებას“.ვახტანგ რობაქიძესა და „ოცნების“ დეპუტატს ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს, ბაკურიანში მოხდა. დეპუტატმა განაცხადა, რომ მას რობაქიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. იმავე დღეს რობაქიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 15 იანვარს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მას სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ რობაქიძე შსს–მ სსკ-ს 151 და 239 მუხლებით დააკავა, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.19 იანვარს გამართულ პროცესზე რობაქიძეს, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გირაოს სახით, 7 000 ლარის გადახდა დააკისრა. დაკავებულმა ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი იმავე დღეს დატოვა.19 იანვრის სასამართლო პროცესზე ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში სცემეს.პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ, ვახტანგ რობაქიძის ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ, 18 იანვარს მიმართა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან/და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.[რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია