შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბანკის მოვალე 417 ათასი პენსიონერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40942 
 31 აგვისტო 2019

საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს. საპენსიო სესხში ისინი სხვა დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, 31%-ს იხდიან და პენსიის მესამედს, 65 ლარს, თვეების და ხშირად წლების განმავლობაში, ბანკში ტოვებენ. 82 წლის რუსუდან ქავთარაძემ საპენსიო სესხი პირველად რამდენიმე წლის წინ გამოიტანა. მედიკამენტების შესაძენად არც ერთი და არც ორი თვის პენსია არ ჰყოფნიდა. იძულებული გახდა „ლიბერთი ბანკისგან“ სესხი აეღო. საპენსიო სესხისთვის საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალი იყო, რომ თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, მთელ პენსიას ბანაკში ტოვებდა:

„არ ვიცი, რა იყო ასეთი. მაღალი პროცენტი იყოო სესხის დასაფარად დაწესებულიო. კარგად ვერც გავიგე, რას მიხსნიდნენ. ის წამლები კი ვიყიდე მაშინ, მაგრამ რამდენიმე თვე პენსიის გარეშე დავრჩი“.

რუსუდანმა ცოტა ხნის წინ ისევ სესხად გამოიტანა პენსია. ამჯერად ბანკში პენსიის მესამედს, 65 ლარს ტოვებს და 135 ლარით ცდილობს თავის გატანას. პერიოდულად ნათესავები ეხმარებიან. საბანკო ხელშეკრულების დავთარს თითს აყოლებს და ამბობს:

„აი, ნახეთ, 2021 წელს დავფარავ სესხს და სრულ 200 ლარს ავიღებ. მანამდე ასე იქნება. 65 ლარი სხვისთვის შეიძლება არაფერი იყოს, მაგრამ ჩემთვის დიდი ფულია. რა ვიცი, 65 ლარით პატარა მარაგის გაკეთებაც შეიძლება, ცოტა შაქარი, ცოტა ბურღულეული, საპონი, კიდევ რაღაც-რაღაცეები, მაგრამ როცა სხვა გზა არ გაქვს და ფული გჭირდება, იძულებული ხარ, ისევ ბანკს მიადგე და პენსია წინმსწრებად გამოიტანო, მერე კი წლები იხადო ვალი. როცა გარშემო ყველა გაჭირვებულია, ვერავის აეკიდები, ფულს ვერავის სთხოვ, გირჩევნია ისევ საკუთარ თავს ესესხო“.

ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს

რუსუდანის მსგავსად, საპენსიო სესხი საქართველოში 417 ათას პენსიონერს აქვს აღებული. ანუ, პენსიონერთა თითქმის ნახევარს (საქართველოში 890 ათასამდე პენსიონერია აღრიცხული).

დღეს, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 31%-ია. ანუ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება.

პენსიონერს შეუძლია მაქსიმუმ 9 თვის პენსია ანუ 1800 ლარი ერთად აიღოს. სესხის გადახდის მაქსიმალური ვადაა 54 თვე. პენსიონერი სესხის დასაფარად ბანკში არ უნდა ტოვებდეს პენსიის მესამედზე მეტს. „ლიბერთი ბანკის“ მონაცემებით, საპენსიო სესხის საშუალო მოცულობა 750 ლარია.

მიმდინარე წელს, პენსიონერებს „ლიბერთი ბანკიდან“ სესხის სახით გატანილი აქვთ 330 მილიონი ლარი. წლევანდელი მონაცემებით, „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებისგან 90 მილიონი ლარი დაიბრუნა, ხოლო ჩამოწერა 27 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, მსესხებელთა 7% სესხის დაფარვამდე გარდაიცვალა. "ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, პენსიონერებს „ლიბერთი ბანკის“ გარდა, სხვა ბანკებიდანაც აქვთ სესხად აღებული თანხები და ამ თანხების რაოდენობა დაახლოებით მილიარდ ას მილიონ ლარს შეადგენს.

რატომ ასე ძვირი სესხი?

დღეს, საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონერები იღებენ. დარგის ექსპერტების თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორის, ერთი - მაღალი რისკი სიკვდილიანობისა. მეორე მიზეზი კი „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ისაა, რომ ბანკი საპენსიო მომსახურებისათვის სახელმწიფოსგან არანაირ დაფინანსებას არ იღებს:

„პენსიების დარიგება დედაქალაქიდან დაწყებული, უშგულით დამთავრებული, ბანკის ხარჯია. იმისათვის, რომ ბანკს ამ ხარჯის კომპენსირება მოეხდინა, მიმართა ყველაზე მარტივ გზას - ეს ხარჯი გამოართვა პენსიონერებს. სწორედ ამიტომ, გასულ წლებში, საპენსიო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%-მდეც კი ადიოდა. 2017 წელს, როდესაც „ლიბერთი ბანკში“ ახალი მმართველობა მოვიდა, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 64%-ს შეადგენდა. დღეს, როდესაც ბანკი გაიზარდა და განვითარდა, შესაძლებელი გახდა, რომ საპროცენტო განაკვეთმა ნელ-ნელა დაწევა დაიწყო და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 31%-ია“.

როგორც გიორგი კალანდარიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბანკი 2019 წლის ბოლოსთვის გეგმავს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის 28%-მდე დაწევას: „ამ ეტაპზე, ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ბანკს საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით შეუძლია“.

გააიაფებს თუ არა კონკურენცია ძვირ სესხს?

2018 წლის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა სესხზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე შეამცირა. ამ პერიოდიდან დაიწყო "ლიბერთი ბანკმაც" 100%-მდე არსებული საპროცენტო განაკვეთის შემცირება.

დარგის ექსპერტების თქმით, რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ნაკლები იქნებოდა და არა 31 ან თუნდაც 28%.

ასე ფიქრობს რამაზ გერლიანი. "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი. ის დარწმუნებულია, რომ თუკი მომდევნო საპენსიო ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ბანკები და თუკი ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც.

მის აზრს ეთანხმება გიორგი კაპანაძეც, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან მონოპოლიზაციის გაუქმებაა:

„პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს. ბანკი, რომელსაც ექსკლუზივი აქვს, ყოველთვის შეეცდება, რომ მაღალი შემოსავალი და მაღალი მოგება მიიღოს და თუნდაც პენსიონერების ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და ისედაც მიზერულ პენსიას, დანაკლისით იღებენ“.

„საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ცალსახად დადებითი ფაქტია, ის, რომ გასულ წელს, ეროვნულმა ბანკმა ყველა ბანკისთვის თანაბარი სასესხო პირობები დააწესა სასესხო პროდუქტებისთვის, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ პროდუქტზე ბანკისთვის ულტიმატუმის წაყენება და თამაშის წესების დადგენა, ეს უკვე კერძო სექტორის საქმიანობაში ჩარევაა:

“საპენსიო სესხი მაღალი რისკის შემცველი პროდუქტია. ამ ასაკობრივ კატეგორიაში მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი და დაუბრუნებლობის რისკი. ყველა ეს ფაქტორი განსაზღვრავს ასეთ მაღალ პროცენტს. ეროვნული ბანკის მიერ ეფექტური პროცენტის 50%-მდე შემცირებამ შედარებით დაარეგულირა ბაზარზე არსებული პირობები, რადგან 2-3 წლის წინ, ბევრად კაბალურ პირობებში უწევდათ პენსიონერებს სესხების აღება და პენსიის აღების დღეს ისინი ფაქტობრივად, პენსიის გარეშე რჩებოდნენ. თუკი საუბარია იმაზე, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, პენსიონერებს კუთვნილი პენსიის მესამედის დატოვება უწევთ ბანკში, მაშინ, ისე გამოდის, რომ საბოლოოდ უნდა აიკრძალოს მათთვის სესხის გაცემა. ამ სიტუაციას ორი გადაწყვეტილება შეიძლება ჰქონდეს: ერთი - ის პირობები, რა პირობებითაც დღეს სესხები გაიცემა და მეორე - სესხების შეზღუდვა, რაც ნამდვილად არ მგონია, რომ დღევანდელ რეალობაში, პენსიონერებისთვის შეიძლება იყოს იმაზე მომგებიანი, ვიდრე მაღალპროცენტიანი სესხის გატანა“.

გაჩნდებიან თუ არა მომავალი წლიდან საპენსიო მომსახურების სისტემაში სხვა ბანკები?

„საქართველოს ბანკისა" და "თიბისი ბანკის" გარდა, ამგვარი მომსახურების გაწევის საშუალება, სხვა ბანკებს არ აქვთ. ამ ორ ბანკსაც მოუწევს სერიოზული მომზადება...

2019 წელს იწურება სახელმწიფოს მხრიდან „ლიბერთი ბანკთან“ საპენსიო მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა.

როდის და რა პირობებით გამოაცხადებს სახელმწიფო ახალ ტენდერს საპენსიო მომსახურებისათვის, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები:

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ადმინისტრირებადი სახელმწიფო გასაცემლების საბანკო მომსახურების საკითხის თაობაზე კონსულტაციები გაიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და მთავრობასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები და როგორც კი მიღებული იქნება გადაწყვეტილება, გაცნობებთ“.

„ლიბერთი ბანკის“ გარდა კიდევ რომელი ბანკი მიიღებს ტენდერში მონაწილეობას, ამ ეტაპზე არც ამის შესახებაა ცნობილი.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს „თიბისი ბანკში“, ბანკი მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილებას საპენსიო ტენდერში მონაწილეობის თაობაზე, რაც გამოქვეყნდება სატენდერო პირობები.

გეგმავს თუ არა „საქართველოს ბანკი“ საპენსიო ტენდერში მონაწილეობას, ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ „საქართველოს ბანკისგან“ პასუხი ვერ მიიღო.

გიორგი კალანდარიშვილი დარწმუნებულია, რომ რეალურად, საპენსიო ტენდერში მონაწილეობას „ლიბერთი ბანკის“ გარდა, არცერთი სხვა ბანკი არ მიიღებს:

„საქართველოს ბანკისა" და "თიბისი ბანკის" გარდა, ამგვარი მომსახურების გაწევის საშუალება, სხვა ბანკებს არ აქვთ. ამ ორ ბანკსაც მოუწევს სერიოზული მომზადება, დიდი რაოდენობით თანხის ჩადება. გარდა ამისა, სახელმწიფო არ უნდა დაელაპარაკოს მათ დაბალ საპროცენტო განაკვეთებზე, მაგალითად 18%-იან განაკვეთზე, რადგან ამგვარი სესხის პირობებში, როდესაც მაღალია რისკები, მაშინ ბანკი ზარალზე უნდა წავიდეს“.

სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი, 10 წლის თავზე, კვლავ “ლიბერთი ბანკი” დაიტოვებს ექსკლუზიურ უფლებას საპენსიო მომსახურებაზე თუ ამ სფეროში სხვა ბანკებიც ჩაერთვებიან. თუმცა, წინასწარი ვარაუდით, შეიძლება ითქვას, რომ საპენსიო სესხი, მისი სარისკო თვისებებიდან გამომდინარე, მაინც ყველაზე ძვირადღირებულ სესხად დარჩება საბანკო სისტემაში.

 

"რადიოთავისუფლება"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა