შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„წერილი ლიას“-კიდევ ერთი პრემიერა ოზურგეთის თეატრში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41792 
 08 ოქტომბერი 2019

ოზურგეთის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. საპრემიერო სპექტაკლი შექმნილია თამთა მელაშვილის მოთხრობის „წერილი ლიას“ მიხედვით. თამთა მელაშვილი ერთ-ერთი ცნობილი მწერალია, რომელიც ინტენსიურად იბეჭდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ავსტრიასა და გერმანიაში. ის ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატიც არის. „წერილი ლიას“ პირველად იდგმება თეატრში და მისი პირველი სცენური ინტერპრეტაციაც ოზურგეთის თეატრში შედგება. 

ელენე მაცხონაშვილი, რეჟისორი:

„ _ აქტუალურია სპექტაკლის „წერილი ლიას“ თემატიკა. ამ მოთხრობის პირველი სცენური ვერსია იქმნება ოზურგეთში. ეხება როგორც მიგრანტ ქალებს, ისე ზოგადად ქალებს, რომლებიც დიასახლისები არიან, მუშაობენ დიასახლისებად. გვინდა ვისაუბროთ მათ შეგრძნებებზე, მათ ამაგზე, მივუძღვნათ დედებს, ბებიებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც თავისი პირადი ცხოვრება ,თუ კარიერა ოჯახისათვის აქვთ გადადებული. უარი აქვთ ნათქვამი საკუთარ მეზე და სოციუმი აღითქვამს მათ მხოლოდ დიასახლისებად. თუმცა ყველაზე დიდი ჯაფა მათზე მოდის.

ეს ქალბატონები არიან „სულ დედები“. ზრდიან შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს. ეს სპექტაკლი არის მათი მოფერება და მათ პრობლემებზე საუბარი“.

ბელა კიკვაძე, მსახიობი: 

„კამერული და მონო სპექტაკლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს არის წარმოსახვის, თოჯინისა და რეალობის შერწყმა და გამოხატავს მრავალწევრიან ოჯახში მარტოსული ქალის, დიასახლისის მიუსაფრობას. დიდი მადლობა რეჟისორ ელენე მაცხონაშვილს, თოჯინასთან მუშაობით ახალი გამოცდილება შევიძინე“.

ვასო ჩიგოგიძე, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: 

„ -მოლოდინი დიდი მაქვს, „ფიროსმანის“ შემდეგ ეს ძალიან რთული მასალაა, ფიქრიანი, ცრემლიანი. არის ქართველი ქალის სვეზე და რაობაზე. ეს სპექტაკლი ჩვენს მაყურებელს ბევრ რამეზე დააფიქრებს. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი ელენე მაცხონაშვილია, თოჯინების მხატვარი ვახო ქორიძე, სპექტაკლში ჟღერს ინოლა გურგულიას მუსიკა, რეჟისორის ასისტენტი გიორგი დოლიძეა.“

სპექტაკლში მონაწილეობენ: ბელა კიკვაძე, გიორგი დოლიძე, გიორგი ჩავლეშვილი, თეა კეჭაყმაძე, მამუკა ბაბილოძე.

პრემიერა 9 ოქტომბერს, 18 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში.

ლია კილაძე, თეატრის პრეს სამსახური

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია