შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში გამოკვლეული ბავშვების 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მატება დაუფიქსირდა 

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38391 
 23 აპრილი 2019

საქართველოში ბავშვებში ტყვიის დონის განსასაზღვრად კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედცით, საქართველოში გამოკვლეულ ბავშვთა 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მსუბუქი მატებაა, ხოლო 16 პროცენტში შედარებით მაღალია.

აღნიშნული მიმართულებით 61%-დან 85%-მდე ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებშია. რაც შეეხება კახეთის რეგიონს გამოკვლეულ ბავშვთა 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მსუბუქი და შედარებით მაღალი მატება დაუფიქსირდა.

კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (მიქსი) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში.

ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში, რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს.

ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ტყვიის კვლევის ოქროს სტანდარტს.

“გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო.

ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის აღიარებას და მთავრობის კეთილ ნებას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს”,- განაცხადა გოტფრიდ ჰანემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტის თაკო უგულავას განცხადებით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა, თუმცა მისივე თქმით, საკითხის მოსაგვარებლად, ქვეყნის მზაობა აშკარაა.

„კვლევა მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტყვიის შემცველობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა. იმიტომ, რომ ამით ბავშვების საკმაოდ დიდ რაოდენობას განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნება. ქვეყნის მზაობა, რომ ამ საზოგადოებრივი პრობლემის ადრესირება სწორად მოახდინოს, ადგილზეა.

უფრო მეტსაც ვიტყვი. დასწრებულიც კი არის ის ქმედებები, რომლებიც ამ კუთხით შეიძლება გაიშალოს. ეს ყველაფერი იმის იმედს ქმნის, რომ ჩვენ შევძლებთ პრობლემის დაძლევას. პრობლემა დაძლია ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ. მის დაძლევას წლები დასჭირდა. მთავარია, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემაზე მიმართვას და თვალს არ ვხუჭავთ, რომ ის არსებობს.

ჩვენც, საერთშორისო ორგანიზაციები აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში, იმის მიხედვით, რა რაოდენობით ტექნიკური დახმარებითა და რა მხარდაჭერით მოინდომებს სახელმწიფო ჩვენს გვერდში ყოფნას,“ – განაცხადა თაკო უგულავამ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, მთავარია, დადგინდეს წყაროები, საიდანაც ტყვია ბავშვების ორგანიზმში ხვდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია