შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუს-ი ზაქარია ქინქლაძეს 2500 ლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36678 
 07 თებერვალი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს.

ქინქლაძეს გამოძიება ედავება ქრთამის აღებას 2500 ლარის ოდენობით. სუს-ში აცხადებენ, რომ ასევე უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან: შპს „გრემი“-ს დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა, შპს „ქისტაური“-ს დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ და მოქალაქე ვაჟა ფ.
,,გამოძიებამ დაადგენა, რომ გიორგი ა-მ, გოჩა ფ-მ და ვაჟა ფ-მ განიზრახეს ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფ-მ გადასცა.  გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლ-მ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლ-მ ზემოხსენებულ პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი 8000 ლარი გადასცა. ამასთან, რამაზ ლ-მ ადგილზე შესასრულებელ პროცედურებში დახმარების სანაცვლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროს ზაქარია ქინქლაძეს ქრთამის სახით 2500 ლარი გადასცა. ქრთამის სახით გადაცემული თანხები – 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოღებულია“, – აცხადებენ სუს-ში.
გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (აქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
მულტიმედია