შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა მწვავე პრობლემები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 11 ივნისი 2019

რა საჭიროებები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას, რა არის მთავარი გამოწვევა და როგორ აპირებენ სკოლები ამ პრობლემების დაძლევას? – საპილოტე კვლევის შედეგებზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში 15 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი ნინო რევიშვილი გვესაუბრება. ნინო რევიშვილის თქმით, საკვლევად შერჩეული იყო სხვადასხვა ტიპის საჯარო სკოლა, მათ შორის ქალაქის, სოფლის, დიდი და პატარა სკოლები. ასევე ისეთი სკოლები, სადაც არაქართულენოვანი მოსწავლეები სწავლობენ. „იდეა იყო სკოლებს დავხმარებოდით თვითშეფასებაში. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ გამოეკვეთათ სკოლის ყველაზე მწვავე პრობლემა, რომლის გადაჭრაც სკოლის ბაზაზე იქნებოდა შესაძლებელი. თუ სკოლა დააყენებს საკითხს ასე, რომ მოსწავლეების უმეტესობას სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი აქვს დაბალი, ბუნებრივია, ამ პრობლემას მარტო სკოლა ვერ გადაჭრის. ამიტომ სკოლას უნდა ეპოვა ისეთი პრობლემა, რომელიც მწვავეა, მაგრამ მისი გადაჭრა მეტ-ნაკლებად შეუძლია“, – გვეუბნება ნინო რევიშვილი. მისი თქმით, კვლევამ რამდენიმე სკოლაში გამოკვეთა მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების პრობლემა, როგორც საბაზო, ასევე შემდეგ საფეხურზე. „წაკითხულის გააზრების პრობლემა არ იდგა მხოლოდ ქართული ენაში, არამედ ყველა საგანში. მაგალითად, მათემატიკის ამოცანას ვერ ხსნიდნენ მოსწავლეები იმიტომ კი არა, რომ მათემატიკა არ ესმოდათ ან ფორმულები არ იცოდნენ, არამედ ის, რომ არ ესმოდათ რას ეკითხებოდა მათ ამოცანა. იგივე იყო ბუნებისმეტყველებაში. ვერ იგებდნენ, რადგან ვერ იაზრებდნენ, რაზე იყო საუბარი ტექსტში“. ამიტომ, როგორც ნინო რევიშვილი გვეუბნება, ერთ-ერთმა სკოლამ შეიმუშავა კითხვის მოდული, რომელსაც ყველა საგნის მასწავლებელი იყენებდა და რომელიც გააზრებული კითხვის ხელშეწყობისთვის იყო გამიზნული. მასწავლებლები უფრო მეტ დროს უთმობდნენ ტექსტთან მუშაობას, როგორც ტექნიკურ, ასევე საბუნებისმეტყველო საგნებში. კვლევის შედეგად ერთ-ერთმა სკოლამ დანერგა ე.წ ქოუჩინგის, ანუ მხარდაჭერის მეთოდი. ეს გულისხმობს, მოსწავლის კონკრეტულ საჭიროებაზე მასწავლებლის ორიენტირებას. „მასწავლებელი ინდივიდუალურად მუშაობს მოსწავლესთან იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება აქვს კონკრეტულ მოსწავლეს. ეს შეიძლება იყოს 10-წუთიანი შეხვედრა, მაგრამ მიზანმიმართული. ბუნებრივია, ყველა სკოლაზე ამას ვერ განაზოგადებ, მაგრამ ამ კონკრეტულ სკოლაში ამ მეთოდს ჰქონდა შედეგი“, – ამბობს ნინო რევიშვილი. მისი თქმით, ეს კონკრეტული მეთოდი შესაძლოა განვიხილოთ, როგორც დამრიგებლობის ალტერნატივა. „ამაში დამატებით ანაზღაურებას ხომ იღებენ პედაგოგები, ამიტომ, სამომავლოდ, შესაძლოა დამრიგებლობის ამ პრაქტიკას ჰქონდეს ალტერნატივა სასწავლო ქოუჩინგის სახით და გრძელვადიან პერსპექტივაში ანაზღაურების რაღაც პრინციპსაც ებმოდეს“. მეთოდის ეფექტურობა, როგორც რევიშვილი ამბობს, იმაშია, რომ ხშირად მოსწავლე ვერ იაზრებს რაში სჭირდება დახმარება, მასწავლებელს კი შუძლია კარგი მეგზურობა გაუწიოს, აუხსნას რას მიაქციოს ყურადღება დავალების გაკეთებისას. კიდევ ერთი პრობლემა, რაც კვლევის პროცესში ზოგიერთმა სკოლამ გამოკვეთა, შემაჯამებელი შეფასებებია. „ბევრს სკოლაში ეს გამოწვევა დგას, რადგან ბავშვები პროცესში თითქოს კარგად სწავლობენ, ნორმალური შედეგები აქვთ, მაგრამ ე.წ. საკონტროლოებში, შემაჯამებელ წერებზე არ აქვთ შესაბამისი შედეგი. სკოლებმა სხვანაირად შეხედეს ამ საკითხს, შეცვალეს შემაჯამებელი დავალებების ფორმატი და აქცენტი გააკეთეს კონკრეტულ თემებზე. მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი ადამიანის კანზე და სიღრმისეულად შეისწავლეს ეს საკითხი. გვაჩვენეს მსგავსი პროექტები, რომელიც ასევე შთამბეჭდავი იყო და შედეგი აისახა მათ მიღწევებშიც“. მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც არაქართულენოვან მოსწავლეებს ენის ცოდნის საჭიროებები აქვთ, სკოლამ აქცენტი გააკეთა ამ პრობლემაზე და დაიწყო მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა. „მაგალითად, მათემატიკასა და ქართულში მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებთან დაიწყეს მუშაობა. 15-20 წუთი ცალკე მუშაობდნენ იმ ბავშვებთან, ვინც ვერ ფლობდა კარგად ქართულ ენას, მიზანმიმართულად, სირთულის მიხედვით. შეიძლება ერთი შეხედვით ეს მოსწავლეთა სეგრეგაციად მოგვეჩვენოს, მაგრამ ასე არ არის, რადგან შემდეგ ეს ბავშვები ბრუნდებოდნენ კლასში და ჩვეულებრივ ერთვებოდნენ პროცესში“. ნინო რევიშვილის თქმით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებთან ინდივიდუალურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და დროთა განმავლობაში უფრო მეტი და მეტი არაქართულენოვანი ბავშვი რჩებოდა ქართულ  კლასში. „ როცა არის ინტერესი, როცა ასწავლი სწორად და ბავშვი ხედავს შედეგს, მისი მოტივაციაც იზრდება“. სკოლებს საჭირობების კვლევაში ეხმარებოდა საერთაშორისო კონსულტანტი, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კონსულტანტები. პროექტი ხორციელდებოდა „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მხარდაჭერით. „ამ პროექტის არსი იმაშია, რომ თუ სკოლამ არ გაიაზრა, როგორ უნდა შეაფასოს თავისი საჭიროებები, როგორ დასახოს გზები პრობლემების აღმოსაფხვრელად, გარე შეფასებით, ჩარევით და ნიშნების დაწერით ამის გაკეთება არის რთული. იმედი მაქვს, რომ „ახალი სკოლის მოდელზე“ ვინც მუშაობს, ამ გამოცდილებასაც გაიზიარებს“, – ამბობს ნინო რევიშვილი. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია