შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როცა მოზარდს სკოლაში წასვლა არ უნდა – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 12 ივნისი 2019
რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, როცა ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? „ბათუმელები“ ამ თემაზე პრაქტიკოსს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა. როცა ბავშვი ხშირად იშველიებს სხვადასხვა მიზეზს, რომ სკოლაში წასვლას აარიდოს თავი, რაზე შეიძლება ეს მიუთითებდეს? უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რატომ არ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა. შეიძლება ფიზიოლოგიურად უჭირს, იმიტომ, რომ მოზარდობის ხანაში ადამიანის სხეული საკმაოდ რთულად სამართავია. ხანდახან მშობლები ბრაზობენ, სკოლიდან რომ მოდის მოზარდი, დაეხეთქება ხოლმე სავარძელში და ისე იქცევა, თითქოს არაფრის ძალა არა აქვს. ამ დროს მოზარდებს მართლა უჭირთ, რადგან მათ სხეულში უამრავი ცვლილება ხდება, ძვალი იზრდება, კუნთი ვერ ეწევა, ხან პირიქით და ეს მოზარდებისთვის რთულად ასატანია, ამიტომ უნდა გამოვრიცხოთ ფიზიოლოგიური პრობლემები. მეორე მიზეზი – შესაძლოა მოზარდს უბრალოდ უჭირს სწავლა, იმიტომ, რომ დაწყებით კლასებში მას არა აქვს სათანადო უნარები შეძენილი და ახლა, როცა უფრო მეტი მოთხოვნაა, მეტი სიმკაცრეა, შესაძლოა სიძნელეებს წააწყდა და დახმარება საჭიროა ამ მიმართულებით. ძალიან ხშირი მიზეზია, როცა მოზარდი არის ძალადობის ან დაცინვის მსხვერპლი და ამიტო მას არ უნდა წასვლა სკოლაში. მეგობრები დასცინიან, მასწავლებლები მიმართვენ უხეშად და ა.შ. სამწუხაროდ, ჩემთან მოსული მოზარდები ხშირად აღნიშნავენ, რომ არიან უხეში მიმართვის მსხვერპლი პედაგოგებისგან: „შენგან მაინც არაფერი გამოვა, დროს ტყუილად კარგავ“, „შენ ამას მაინც ვერ გაიგებ“ და კიდევ უფრო უხეში მიმართვები ესმით მასწავლებლებისგან. პედაგოგები ამბობენ, რომ მსგავსი მიმართვები ხშირად, უბრალოდ, ხუმრობაა და არა გულსატკენად ნათქვამი. ბავშვზე რეალურად მოქმედებს ეს? ხაზგასმით მინდა ვთქვა – ეს ბავშვებზე, მოზარდებზე, საშინლად მოქმედებს. მოზარდებისთვის დაუფიქრებლად ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას შესაძლოა ფსიქოტრავმა მოჰყვეს შედეგად. ისინი ყველაფერს ძალიან მტკივნეულად განიცდიან. მაგალითად, ბავშვმა მოზარდობის პერიოდში წონაში მოიმატა. ხშირია ხოლმე ასეთი შემთხვევები, როცა ნივთიერებათა ცვლა ირღვევა ან ნაკლებად მოძრავი დღის რეჟიმი აქვს მოზარდს. ამ დროს შეიძლება მასწავლებელმა თუნდაც მოფერებით უთხრას, „ბუთქუ“, „როგორ გასუქდი“, „ვეღარ ეტევი აქ“ და ასე შემდეგ. ამას მოზარდები ისე განიცდიან, ისე ნერვიულობენ, შეიძლება მათგან წამოვიდეს პროტესტი, დესტრუქციული ქცევა, სწავლის ინტერესმაც კი შეიძლება იკლოს. ამ პერიოდში მოზარდები იწყებენ ფიქრს იმაზე, რაში სჭირდებათ სწავლა. ამიტომ მოტივაციის გაჩენა არის საუკეთესო რამ, რის გამოც შეიძლება ბავშვმა დაიწყოს სკოლაში სიარული. და, რა თქმა უნდა, კომფორტული გარემო. ეს არ ნიშნავს მაინცადამაინც იმას, რომ უნდა გვქონდეს ევრორემონტით გაკეთებული სკოლები, კომფორტული გარემო ბავშვისთვის არის საინტერესო გაკვეთილი. როდესაც მას აინტერესებს რა კეთდება გაკვეთილზე, რაღაც პროექტს ამზადებს, პედაგოგს მოაქვს საინტერესო მასალა, ატარებს ინტერაქტიულ გაკვეთილს – ეს ყველაზე კარგი მოტივაციაა მოზარდისთვის. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სკოლაში წაუსვლელობის მიზეზი შესაძლოა იყოს ბულინგი, მასწავლებელთან კონფლიქტი, თანატოლებთან უთანხმოება და ა.შ.? ირმა ფეიქრიშვილი თუ კი ბავშვი სისტემატიურად დადის სკოლაში და ერთ დღეს გვეუბნება, რომ დღეს არ უნდა სკოლაში წასვლა, ძირითადად მშობლისგან არის პასუხი: „რას ჰქვია სკოლის გაცდენა, როგორ შეიძლება?! არა, უნდა წახვიდე!“ და ა.შ. უნდა გავუგოთ მოზარდს. ვუთხრათ – „მესმის შენი, დღეს შენ არ გინდა წასვლა, იქნებ მითხრა მიზეზი?“ თუ ბავშვს არ უნდა მიზეზზე საუბარი, მაშინ ერთი დღე შეიძლება დავუთმოთ, დარჩეს დღეს და წავიდეს ხვალ. ოღონდ, მნიშვნელოვანია, ამ დროს გადამეტებული კომფორტი არ უნდა შეექმნას სახლში. მაგალითად, რომ  დაჯდეს სახლში და მთელი დღე ფილმებს უყუროს, არც მეორე დღეს არ წავა. რაღაც ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, უნდა დავაკვირდეთ. რაც მთავარია,  შვილებთან უნდა ვიყოთ ახლოს, მათ უნდა შეეძლოთ ნებისმიერ თემაზე ჩვენთან საუბარი და ჩვენი პირველი რეაქცია ყოველთვის არ უნდა იყოს – „ვაიმე, ეს როგორ შეიძლება, ეს ძალიან ცუდია“. არა, ჯერ უნდა მოვუსმინოთ, თანავუგრძნოთ და ავუხსნათ, რატომ არის ეს ცუდი. როცა მშობელი ხვდება, რომ მოზარდი არ არის გულწრფელი, არ ამბობს რა მიზეზით არ უნდა წასვლა, ასეთ ასაკში მოზარდებს ხშირად არ სურთ ჩართონ მშობლები საკუთარ ცხოვრებაში, ხანდახან მშობლებს ზედმეტი ინტერესის გამოჩენისაც ეშინიათ, რომ ზედმეტად არ შეიჭრან მოზარდის პირად სივრცეში.   მოზარდები საზღვრებს აწესებენ ძალიან მკაცრად. ბიჭები ხშირ შემთხვევაში საზღვრებს აწესებენ ბილწსიტყვაობით, უხეშობით, გოგონებიც ასე იქცევიან. თუნდაც ტატუ, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია მოზარდებში, ამასაც იმიტომ აკეთებს მოზარდი, რომ საზღვარს აწესებს, პიროვნულ განაცხადს აკეთებს. ხშირ შემთხვევაში ვერ უგებს ხოლმე მოზარს ოჯახი. უფროსებს, ყველას გვაქვს სტერეოტიპი: „ჩემს ახალგაზრდობაში ასე არ ეცვათ“, „ასე არ იქცეოდნენ“, „როგორ ლაპარაკობ“, „თმა როგორ გაქვს“ და ა.შ. ამიტომ მიდიან მოზარდები თავის მიკროსოციუმში, მეგობრებში და მათ უყვებიან ყველაფერს და არა მშობლებს. ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც მშობლები იწყებენ მეგობრებში რეკვას და ამბების ასე გარკვევას. თუკი, ჩვენ ჩვენი შვილების მეგობრებთან ახლოს ვართ, ისინი ისედაც მოგვმართავენ დახმარებისთვის. დავპატიჟოთ ჩვენი შვილების მეგობრები სახლში, შევუწყოთ ხელი მათ გართობას, ცოტა ხანი ჩვენც ჩავერთოთ, მაგრამ სულ თავზე არ ვედგათ, მივცეთ თავისუფლება. თუ ვამჩნევთ, რომ მოზარდი ბოლო პერიოდში გახდა უფრო ჩაკეტილი, ნაკლებს საუბრობს, ნაკლებად გამოხატავს სიხარულს, ზედმეტად გაღიზიანებულია და მშობელი ვერ ახერხებს მასთან სიახლოვეს, რადგან მოზარდი ძალიან მკაცრად იცავს საზღვარს, ასეთ დროს საჭიროა მივმართოთ ფსიქლოგს, სპეციალისტს, რომელიც მოახერხებს მოზარდთან უშუალო კონტაქტის დამყარებას და მისგან ინფორმაციის მიღებას. ერთი რამ მინდა ვთქვა, ხანდახან, როდესაც მოზარდს უჭირს, მშობელი იცით როგორ ეუბნება? „შენგან არაფერი არ გამოვა, წაგათრევ ფსიქლოგთან“. გამოდის, რომ ეს დასჯაა, რაც დაუშვებელია. ერთხელ ბიჭი მოიყვანეს ჩემთან, დედ-მამა მოჰყვა, ფაქტობრივად, ამოაგდეს კიბეზე. მე არ მაქვს უფლება მოზარდთან ვიმუშაო, თუ არ არის მისი თანხმობა. ფსიქოთერაპია ძალით არ ხდება, არ შეიძლება. მე ვუხსნი რა შემიძლია, როგორ შემიძლია დავეხმარო საკუთარ თავში გარკვევაში. ასეთ დროს პირველ შეხვედრაზე ინტერესისთვის რჩებიან ხოლმე და მერე მოდიან საკუთარი სურვილით. რა ეფექტი აქვს იძულებას? როცა ბავშვს არ უნდა წასვლა სკოლაში, მაგრამ მშობელი აიძულებს წასვლას?   ძალით როდესაც მიჰყავთ მშობლებს მოზრადი და არის პროტესტი, შეიძლება ის სახლიდანაც კი გაიქცეს. აქამდე რომ არ მივიდეთ, მაქსიმალურად შევეცადოთ, ვესაუბროთ მას. ძალიან ხშირად იძულებას ბევრად სჯობს სახლში კომფორტის მოშლა. გამორთეთ ინტერნეტი, უთხარით – როცა იქნები სკოლაში, ჩავრთავთ ინტერნეტს, არ წახვალ – არ იქნება. თავისუფლებას აქვს ხარისხიც და ვალდებულებებიც. უნდა ავუხსნათ მოზარდს, რომ იგი პასუხს აგებს მის საქციელზე  და აკისრია ვალდებულებები, მოეთხოვება სკოლაში სიარული და უნდა იაროს. როცა გაიზრდება, მაშინ არჩევანი მასზე იქნება და შეუძლია გადაწყვიტოს, მიიღოს უმაღლესი განათლება, თუ სხვა რამით დაკავდეს. მოზარდი რომ არჩევანის წინაშე დავაყენოთ, მას ძიების საშუალება უნდა მივცეთ, ეს მათ ძალიან მოსწონთ. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი მიჰყავთ კალათბურთზე და ცოტა ხანში ამბობს – „არა, ეს არ მომწონს“. მერე მიჰყავთ ფეხბურთზე და ისევ არ მოსწონს, მშობლები ჩივიან ხოლმე – „ბევრგან მივიყვანე, არაფერი ამას არ მოსწონს, არაფერი ამას არ უნდა…“ ეს კარგია, მივცეთ საშუალება კიდევ ეძებოს, იმიტომ რომ აუცილებლად იპოვის, ყველა ადამიანს აქვს ინტერესის სფერო, განსაკუთრებული უნარი და თავისუფალი არჩევანის, ძებნის დროს, მას მიეცემა ამის პოვნის საშუალება. შეიძლება დავუწესოთ რაიმე წამახალისებელი ჯილდო – ამას რომ გააკეთებ, წლის ბოლოს რაღაცას მიიღებ. მოზარდებთან ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი პრინციპი – არ უნდა დავსაჯოთ ისინი ცუდი საქციელისთვის, უნდა წავახალისოთ კარგი საქციელისთვის. პოზიტიური აღზრდა მოქმედებს ძალიან კარგად მოზარდებზე. მოზარდი გაღიზიანებულია, გვიყვირის? – არ ვეპასუხებით ყვირილით, მშვიდად ვპასუხობთ და გავდივართ ოთახიდან. არ ვეჩხუბებით: „როგორ მელაპარაკები!“ არ ვუყვირით. ცოტა ხანში მას გადაუვლის, დამშვიდდება და მერე ავუხსნათ, რომ გეწყინათ მისი ყვირილი. თუ ჩვენ ვუყვირებთ მოზარდს, ისიც გვიყვირებს, ისინი ჩვენი ანარეკლი არიან, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ისინი ორმაგად და სამმაგად გვიბრუნებენ, ამიტომ მშობელი უნდა შეეცადოს, მოზარდს მიაწოდოს პოზიტივი და მიიღოს მისგან პოზიტივი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავუშვათ, დილით ადგა, მოწესრიგდა, ჩანთა ჩაალაგა თუნდაც. ამას არასდროს არ აღვნიშნავთ, მაგრამ თუ კი სახლში დაბრუნებისას ჩანთა მიაგდო მისაღებში, ამას მოჰყვება ყვირილი. მისი პოზიტიური საქციელი დარჩა ყურადღების მიღმა. მათ კარგ საქციელს სჭირდება შექება. მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობაში ხშირად ჩანს ორი უკიდურესობა – ერთი, როცა მშობელი აკრიტიკებს შვილს. სულ უკმაყოფილოა მისით, მაშინაც კი, როცა მოზარდი ცდილობს კარგად მოიქცეს და მეორე – სულ აქებს. ოქროს შუალედი როგორ უნდა იპოვოს მშობელმა? წარმოვიდგინოთ ხოლმე ჩვენი თავი ჩვენი შვილების ადგილას. უნდა გავიხსენოთ, ამ ასაკში  როგორები ვიყავით, რა გვინდოდა, რა მოგვწონდა და რა არ მოგვწონდა ჩვენი მშობლებისგან. როცა მოზარდები ვიყავით, მშობლებისგან გვინდოდა მეტი ყურადღება, მეტი თანაგრძნობა, თუნდაც ისეთ საკითხებზე საუბარი, რაც ძალიან გვაინტერესებდა, მაგრამ მშობლებს ხშირად ან მოუცლელოების გამო, ან უხერხულობის, ან იმის გამო, რომ თავს ვალდებულად თვლიდნენ, ჩვენთვის ცხოვრება ესწავლებინათ, ყოველთვის დამრიგებლური და მკაცრი ტონით მოჰქონდათ ინფორმაცია ჩვენამდე. მოზარდებს უნდა მოვუსმინოთ, ავუხსნათ, ვესაუბროთ და შეიძლება მის შინაგან სამყარომდე მივიდეთ. მაგრამ თუ ჩვენ სკანდალს ვდგამთ, ვქექავთ, ყველა ნაბიჯზე ვამოწმებთ, უფრო მეტად გარბის მოზარდი მშობლისგან და საზღვარს უფრო მეტად კეტავს. სკოლიდან გადაყვანას აქვს აზრი? თუ სჯობს მოზარდი დარჩეს ადგილზე, რომ პრობლემებთან გამკლავება ისწავლოს? არის ხოლმე შემთხვევები, როცა სკოლაში მოსწავლეს ექმნება პრობლემა და მშობელი სხვა სკოლაში გადაყვანაში ხედავს გამოსავალს. როცა მოზარდის განწყობა ძალიან ნეგატიურია, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სკოლის შეცვლა, მაგრამ ეს ძირითადად გამოსავალი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ პრობლემები მას თან გადაჰყვება. სჯობს ჯერ პრობლემები მოგვარდეს იქ, სადაც არის მოზარდი, მისთვის ჩვეულ გარემოში, სადაც მას იცნობენ, სადაც შეგვიძლია დავგეგმოთ სტრატეგია, რა შევცვალოთ, როგორ მოვიქცეთ და როდესაც ყველაფერს შევცვლით, მოვაგვარებთ, მერე სჯობს გადაწყდეს სკოლიდან გადასვლა-არ გადასვლის საკითხი, რადგან გარემოს შეცვლა სტრესია, ახალი მოსწავლე კლასში, როცა მიკროსოციუმი უკვე შემდგარია, არ არის მარტივი და ბევრი სირთულე შეიძლება შეექმნას ამის გამო. მითია, რომ შეიცვლი სკოლას და ყველაფერი სხვანაირად იქნება, არა. როცა მშობელი ხედავს, რომ სკოლაში წაუსვლელობის მიზეზი სიზარმაცეა, ან ხედავს რომ მოზარდს სწავლა უჭირს, ვერ ეწევა მასალას და ა.შ. ამ დროს რა არის გამოსავალი, თქვენი აზრით? ვერ სწავლობს თუ არ სწავლობს? – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად მოჰყავთ ხოლმე ჩემთან ბავშვები და მშობლები ამბობენ, რომ ნიჭიერია, რომ წაიკითხოს, ყველაფერს ისწავლის. ვიწყებთ მუშაობას და იკვეთება, რომ ბავშვს კოგნიტური უნარები კარგად აქვს განვითარებული, მაგრამ დაწყებით კლასებში იმდენად სუსტი ბაზა აქვს მიღებული, უჭირს წინადადების გამართვა, საკუთარი აზრის სწორად გადმოცემა. რა თქმა უნდა, ეს მოზარდისთვის სირთულეა და ასეთ შემთხვევაში მას სჭირდება დახმარება სწავლაში, რეპეტიტორის აყვანით ან მშობელმა უნდა იმუშაოს მასთან ერთად. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოზარდმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, იპოვა სფერო და იმაზეა გადართული, მაგალითად, მოსწონს ხეზე მუშაობა და უნდა ეს გააკეთოს, მას არ უნდა უმაღლესი განათლება, მაგრამ მშობელს აქვს ამბიცია, რომ უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება მის შვილს. ან მუსიკა მოსწონს, უკრავს, ცეკვავს, სხვა მიმართულებით აქვს საკუთარი ადგილი ნაპოვნი და სულაც არ არის სავალდებულო მიიღოს უმაღლესი განათლება, მაგრამ სავალდებულო განათლება უნდა მიიღოს და თუ არ გამოგვდის, მაშინ სპეციალისტი უნდა დავიხმაროთ. მოზარდთან ურთიერთობის მარტივ ტექნიკას შევთავაზებდი მშობლებს, „შუქნიშანი“ ჰქვია, კარგია, თუ ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ კეთდება, მაგრამ დამოუკიდებლადაც შესაძლებელია. მაგიდასთან სხდებიან მოზარდი და მშობელი/მშობლები, ყოველ მათგანს აქვს წინ ფურცელი, რომელზეც აკეთებენ წითელ, ყვითელ და მწვანე რგოლებს, შუქნიშნის ფერებს. წითელ რგოლში იწერება, რას კრძალავენ, ყვითელში – რა შეიძლება, ოღონდ ნებართვის აღების შემდეგ და მწვანეში – რაა დაშვებული ყოველთვის. წერის პროცესში არ საუბრობენ და ბოლოს აცნობენ ერთმანეთს დაშვებებსა და აკრძალვებს. მაგალითად, მოზარდი წითელ წრეში წერს – „კარზე დაკაკუნების გარეშე არ შემოხვიდე“, გიკრძალავს ამას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად იციან ხოლმე მშობლებმა ამაზე – „დიდი ამბავი, დედა ვარ და შევედი“. არა, ეს მისი საზღვარია და პატივი ვცეთ, დავაკაკუნოთ და ვკითხოთ, შეიძლება თუ არა შევიდეთ. შემდეგ ის გამოვა და გკითხავთ, შეიძლება თუ არა რომ წავიდეს. ძალიან მარტივი გაცვლის მომენტია. ამავე, აკრძალვის წრეში, შეიძლება დაწეროს მოზარდმა – „ჩემი ტანსაცმელი არ აიღო“, „ნივთები არ გადაადგილო“…. თავის მხრივ, თავის კრძალვებს წერს მშობელიც, მაგალითად – „გიკრძალავ, დამიყვირო“, „გიკრძალავ, დაყარო იატაკზე ტანსაცმელი“ და ა.შ. ყვითელი წრის მაგალითი – ანუ, „შეიძლება, მაგრამ უნდა იკითხო“.  მაგალითად – „შეიძლება წახვიდე მეგობრებთან, ოღონდ ჯერ უნდა მითხრა“, „შეიძლება აიღო ჩემი ნივთი, მაგრამ უნდა ვიცოდე“. მოზარდები წერენ ხოლმე ხშირად ამ ნაწილში – „შეიძლება, რომ ჩემს მეგობარს ან მასწავლებელს დაურეკო, მაგრამ ჯერ მე მკითხე.“ და მწვანე: დაშვებულია კითხვის გარეშეც. მაგალითად, „ყოველთვის გაქვს უფლება, შეხვიდე სამზარეულოში და ჭამო რაც გინდა“, „გაქვს უფლება, ჩემი სუნამო აიღო და გამოიყენო“ და ა.შ. ბოლო ეტაპზე მშობელი და მოზარდი ერთმანეთს აცნობენ „შუქნიშანს“ და წერენ კონტრაქტს, რომელსაც იცავენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე არღვევს წესებს, მეორე აჩვენებს კონტრაქტს და ახსენებს, რომ მან კონტრაქტი დაარღია და ერთმანეთს უწესებენ პირობით „სასჯელს“, რომელიც თავიდანვეა გაწერილი კონტრაქტში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია