შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისში ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯოლდოვეს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62035 
 14 ივნისი 2019

თბილისში გამართულ ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსზე  International Wine Competition   ოქროს მედალი 26-მა ღვინომ დაიმსახურა. ამასთან ერთად, ვერცხლის მედლით 52 და ბრინჯაოს მედლით 133 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში  81 კომპანიის წარმოებული 300-ზე მეტი ღვინის ნიმუში. 


კონკურსი  International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში ჩატარდა.

 

გამარჯვებულ კომპანიებს ჯილდოები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და კონკურსის ჟიურის წევრებმა გადასცეს.  შეაფასეს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელს კონკურსში ახალგაზრდა მეღვინეები ფართოდ იყვნენ წარმოდგენილები, ასევე მიესალმნენ მეღვინე ქალბატონების გააქტიურებას ღვინის ინდუსტრიაში.

 

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები და საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ. წელს კონკურსის ჟიურის წარმოადგენდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Tim Atkin, დიდი  ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი - კენიჩი ოჰაში(Kenichi Ohashi, იაპონია), ღვინის მაგისტრი - ალისტერ კუპერი (Alistair Cooper, დიდი ბრიტანეთი), ღვინის ექსპერტი - მარჩელო რეტამალი (Marcelo Retamal, ჩილე), ოსტატი სომელიე - მეთიუ რობერტ ვილკინი (Matthew Robert Wilkin დიდი ბრიტანეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (საქართველო),  ღვინის ექსპერტი - გიორგი დაქიშვილი  (საქართველო) და  ღვინის ექსპერტი - ნიკა აღდგომელაშვილი (საქართველო).

 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019  13-15 ივნისს,  საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ იმართება. კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი - მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები,  ნერგები,  ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. გამოფენაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს. 

 

WinExpo Georgia-ს  ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია