შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა გეგმები აქვს საფეხბურთო კლუბ „სიონის“ ახალ დირექტორს

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან საფეხბურთო კლუბ „სიონს“ გიორგი გიორბელიძე ხელმძღვანელობს. რა გეგმები აქვს კლუბთან დაკავშირებით, რა მდგომარეობა დახვდა გუნდში და  როგორ აპირებს მის განვითარება-გაძლიერებას, ამ და სხვა კითხვებზე, ახალმა ხელმძღვანელმა  გვიპასუხა.

-ვარ ბოლნისელი, მაქვს უმაღლესი განათლება (ეკონომისტი),მყავს მეუღლე და სამი შვილი. ვმუშაობდი სხვადასხვა კერძო ბიზნეს სტრუქტურებში. ვარ ფეთქ მასალების წარმოების „ბოლნექსის“ დირექტორი და ბოლნისის „რომპეტროლის“ მენეჯერი. რაც შეეხება ჩემს კავშირს საფეხბურთო კლუბ „სიონთან“, 2000 წლიდან  აქტიურად ვგულშემატკივრობ. არ არსებობს თამაში, რომელიც არ მინახავს.  მათი მარცხი ყოველთვის მტკიოდა და გამარჯვება მიხაროდა.

-ბატონო გიორგი,  კლუბ „სიონის“ დირექტორად 2018 წლის პირველ ივნისიდან დაინიშნეთ,  რა მდგომარეობა იყო ამ დროისთვის კლუბში?

-სამწუხაროდ, გუნდში მძიმე მდგომარეობა დამხვდა. პირველ რიგში მოხდა საკადრო ცვლილება,  გუნდს შეეცვალა მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი რომელიც თემურ შალამბერიძემ ჩაანაცვლა. ასევე მოვახერხეთ და 5 ფეხბურთელი შევიძინეთ, ამასთან ერთად შემადგენლობა დატოვა ხუთმა ფეხბურთელმა, რომლებიც ვერ მოხვდნენ ძირითად შემადგენლობაში.  გუნდში მოხდა სამწუხარო ფაქტიც, ადგილობრივმა ფეხბურთელმა გაფრინდაშვილმა დატოვა გუნდი და გადავიდა „გაგრაში“, ჩვენი მიზანია ამ ეტაპზე ინტენსიური ვარჯიშებით და დატვირთული გრაფიკით  შევინარჩუნოთ ადგილი უმაღლეს ლიგაში. ხოლო ახალი წლიდან კი დიდი შემართებით და მოტივაციით ჩავერთვებით ახალ ჩემპიონატში.

-რა ხარვეზები დაგხვდათ შემადგენლობაში?

-ხარვეზებს რაც შეეხება იყო დაშვებული შეცდომები სელექციაში. დროის სიმცირის გამო ახალი სეზონისთვის ვერ ვასწრებთ, რომ ავარჩიოთ ახალი ფეხბურთელები.

-ბატონო გიორგი, რა რეფორმებით აპირებთ კლუბის განვითარებას?

-კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, პირველ რიგში უნდა შევინარჩუნოთ ადგილი უმაღლეს ლიგაში. ხელი შევუწყოთ შემადგენლობას. მთავარია, გუნდს მოსწონს ახალი მწვრთნელის ვარჯიშების-ტაქტიკა. ჩვენს შემადგენლობას ვარჯიში თბილისში უწევს, რაც გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, გუნდი რომ სახლში ვარჯიშობდეს, ეს იქნებოდა კომფორტული, გამოთავისუფლდებოდა ხარჯები, რომელიც კლუბის განვითარებას მოხმარდებოდა. ასევე სურვილი მაქვს   ბევრი ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან და მოხდეს მათი მობილიზება. ამ ეტაპზე სამწუხაროდ, უ19 წლამდელებში წყვეტა გვაქვს, მაგრამ უ13 წლიანები მოდიან, ძალიან კარგი მოზარდები და სერიოზული კომპლექტაცია გვაქვს, რომლებიც მომავალში უწყვეტად გადავლენ ასაკობრივ გუნდებში და სწორედ აქედან შეივსება უმაღლესი ლიგა.

-რა გეგმები გაქვთ საფეხბურთო კლუბთან დაკავშირებით?

-კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გუნდს უწევს ვარჯიში სახლის გარეთ. გვაქვს ხარჯები სავარჯიშო მინდვრის, ტრანსპორტის, ჩვენ რომ სახლში გვიწევდეს ვარჯიში და გვქონდეს საკუთარი სავარჯიშო მინდორი, ბევრად უკეთ აისახებოდა, როგორც ფეხბურთელებზე, ზოგადად კლუბზეც. გვაქვს მოლაპარაკებები ფედერაციასთან, გვინდა  გავაკეთოთ საფეხბურთო სკოლა სავარჯიშო მოედნით, ასევე, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სამომავლოდ იგეგმება სავარჯიშო მინდვრის გაკეთება. ეს გამოათავისუფლებს სერიოზულ ფინანსებს და დანაზოგი მთლიანად მოხმარდება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება-გაძლიერებას.

-როგორ ხვდებით ახალ სეზონს?

-ახალი სეზონი 3 აგვისტოს იწყება, შემადგენლობა ინტენსიურად ვარჯიშობს, ბიჭები კმაყოფილები არიან ახალი მწვრთნელის ტაქტიკით, პირველ თამაშში „სიონი“ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ აღნიშნული მოწინააღმდეგე გუნდი საკმაოდ ძლიერია.  ოპტიმისტური განწყობით ველით ამ შეხვედრას, ვიბრძოლებთ მოგებისთვის.

-დიდი მადლობა ბატონო გიორგი, გისურვებთ წინსვლას, წარმატებებს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია