შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი იქნება

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7443 
 02 მაისი 2019
პრემიერ-მინისტრის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოსდაცვითი პრინციპებია, შემოდის ახალი ინსტიტუტი, რომლის მთავარი საზრუნავი გარემოსდაცვითი საქმიანობა იქნება. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი ქვეყანას დაეხმარება, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობა ახალ დონეზე აიყვანოს.პრემიერის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებების და ინტერესების დასაცავად, ახალი ინსტიტუტი შეიქმნა, რომელსაც დევიდ მორისონი უხელმძღვანელებს.

„ჩვენ გვწამს, რომ მწვანე ეკონომიკას და მდგრად განვითარებას არ აქვს ალტერნატივა საქართველოსთვის. ეს არის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაცია, ეფექტურად ვებრძოლოთ სიღარიბეს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას და გადავცეთ ის მომავალ თაობებს. აუცილებელია, რომ ჩვენ ამავე დროს გადავდგათ პრინციპული და გაბედული ნაბიჯები იმისთვის, რომ კიდევ უფრო ავწიოთ საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტები, მივუახლოვოთ ის ევროპული ოჯახის სტანდარტებს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მე ჯერ კიდევ შარშან, როდესაც წარვადგინე სამთავრობო პროგრამა, განვაცხადე, რომ ჩვენ შემოვიღებდით გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ახალ ინსტიტუტს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა მიგვეღწია მეტი ინკლუზიურობისთვის, მეტი ჩართულობისთვის. ეს ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები და ჩვენ ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველო ბოლო ათწლეულების განმავლობაში გატარებულ უპასუხისმგებლო გარემოსდაცვითი პოლიტიკის შედეგებს ებრძვის.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოსდაცვითი პრინციპების და ინტერესების იგნორირებამ ჩვენ ძალიან მძიმე შედეგები მოგვცა და ჩვენ ვებრძვით ამ შედეგებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, სადაც ჩართული იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის ამ საქმით დაკავებული“ - განაცხადა პრემიერმა.

დევიდ მორისონის წარდგენისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მწვანე პოლიტიკის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მიიღებს მონაწილეობას საჯარო განხილვებში, გაუწევს კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს.

„დევიდ მორისონი მრავალწლიან საქმიანობას სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეწეოდა, 2008 წლიდან კი, საქართველოში აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში. 2008 -2016 წლებში, დევიდ მორისონი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით.პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაცულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები. განხორციელდა მნიშვნელოვანი ინიციატივა - დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა“ - აცხადებენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება