შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23453 
 10 ივლისი 2019
დღეს, 10 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, თანამშრომლებმა სამუშაოები უკვე მეორედ შეაჩერეს. მათი თქმით, კომპანია „დემირიოლსერვისის“ ხელმძღვანელობა მათ დაჰპირდა, რომ ოთხი თვის ანაზღაურებას ცხრა ივლისს მიიღებდნენ. მუშებმა დღის პირველი ნახევარი მოლოდინის რეჟიმში იმუშავეს, თუმცა ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. ამიტომ სამუშაოები აღარ გრძელდება. გაჩერებულია ტექნიკა და ქვის სატეხი ქარხანა. „ისევ შევწყვიტეთ მუშაობა, მოვილაპარაკებთ და გვინდა ხვალ დილით ჩვენი მოთხოვნები წავუყენოთ კომპანიას. სამ ივლისს რომ გავიფიცეთ, ორ დღეში დავუბრუნდით სამუშაოს. მაშინ გვითხრეს, თუ 10 რიცხვში არ იქნება ხელფასი, ისევ გააგრძელეთ პროტესტიო. ახლა ვერ ვუკავშირდებით სათაო კომპანიას. ადგილობრივი ხელმძღვანელობა სამი დღეა, თბილისშია წასული“, - ამბობს რკინიგზაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა.მუშების თქმით, თუ უახლოეს მომავალში ხელფასი არ დაირიცხება, თბილისში კომპანიის სათაო ოფისში წავლენ და კუთვნილ ანაზღაურებას იურისტების დახმარებით მოითხოვენ: „არავინ არაფერი იცის, როდის იქნება ხელფასი. იმედი მაინც რომ გვქონდეს, გავაგრძელებდით მუშაობას. ამხელა საერთაშორისო პროექტია და ჩვენ კიდევ ოთხი თვის ხელფასს არ გვაძლევენ და გვატყუებენ“.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამ მონაკვეთზე მშენებლობას კომპანია „დემირიოლსერვისი“ ახორციელებს. ახალქალაქი –კარწახის უბნის უფროსი მურად ბუაძე ამბობს, რომ მათი კომპანიის სახელზე თანხა უკვე ჩარიცხულია, მუშები კი ანაზღაურებას 12 ივლისს მიიღებენ. „დააგვიანდა ერთი დღე ხელფასს. მე ახლა თბილისში ვარ, პარასკევს ავალ და ავიტან ხელფასს. ლაპარაკია, რომ ოთხივე თვე ანაზღაურდეს, მაგრამ ზუსტად რამდენი იქნება დარიცხული, არ ვიცი. ფული ჩაირიცხა 10 ივლისს, მაგრამ ხომ უნდა დავითვალოთ და დავიანგარიშოთ, ვის რამდენი ეკუთვნის?!“, - ამბობს ბუაძე.მისივე თქმით, სახელფასო ანაზღაურების დაგვიანება იმან გამოიწვია, რომ პირველი აგვისტოდან ახალციხე-მარაბდის მონაკვეთზე სამუშაოებს სხვა კომპანია – „ფოლადი“ გადაიბარებს. მუშებთან კი, ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებენ: „ახალი კომპანიის წარმომადგენლებს ველაპარაკე და მითხრეს, სხვა თანამშრომლების მოყვანას არ ვგეგმავთ, უფრო მეტი დაგვიჯდება. ამიტომ, ვისაც მუშაობა უნდა, ჩვენ პრობლემა არ გვაქვსო“. ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტის ნიშნად, სამ ივლისს გაიფიცნენ. მათ ოთხი თვის ხელფასი არ მიუღიათ. კომპანიის ხელმძღვანელობის დაპირების შემდეგ, თანამშრომლები სამუშაოზე ხუთ ივლისს დაბრუნდნენ.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება