შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქალებს ცუდად ნუ შეეხებით! - ინგა კაკიაშვილი ქალთა უფლებებსა და შესრულებულ როლებზე

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 03 მარტი 2019

  ქალებს ცუდად ნუ შეეხებით! - ამგვარად ხსნის დრამატურგის დამოკიდებულებას ქალების მიმართ "ჰეკაბეს" როლის შემსრულებელი ინგა კაკიაშვილი. მსახიობი, რომელსაც სცენაზე სხვადასხვა ეპოქის მრავალი ქალის სახე აქვს შექმნილი,  მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ქალების უფლებები დაცული არ არის.  არ საუბრობს, თუ რამდენი წელია, სცენაზე   დგას, თუმცა ამბობს, რომ ნატვრა აუსრულდა და შესაძლებლობა მიეცა ლირიული გმირების შემდეგ დრამატული როლი შეესრულებინა.

თეატრზე,  ქალების უფლებებსა და შესრულებულ როლებზე ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობს ინგა კაკიაშვილს "ნიუპრესი" ესაუბრა

-სხვადასხვა ეპოქის ქალების როლები გაქვთ შესრულებული, ამ გადასახედიდან როგორია თქვენი დამოკიდებულება ქალთა დღესასწაულებთან, რომელიც ერთგვარად ქალთა უფლებებთანაც არის დაკავშირებული?

-ქალი სამყაროს მამოძრავებელი ძალაა, ყველა დიდი პროცესის მიღმა ქალები დგანან, თუმცა, უმეტესეს შემთხვევაში, თავად ჩრდილში რჩებიან.  დღევანდელ პერიოდში, ალბათ, წინა საუკუნეებთან შედარებით  ქალი უფრო თავისუფალი გახდა, უფრო აქტიურია საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, მე არ მგონია, რომ ქალთა უფლებები დაცულია. ის რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ჩვენს ქვეყანაში ქალს განსაკუთრებულად სცემენ პატივს, ამ მითების მე არ მჯერა.  არ მჯერა რეალობიდან გამომდინარე. როცა ვხედავ, რომ ქალები წასულები არიან საზღვარგარეთ და თავიანთი მძიმე შრომით არჩენენ ოჯახებს, ეს ადამიანის ექსპლუატაციაა, აბა რა არის?

ეგნებულად თუ შეუგნებლად, ამას არ აქვს მნიშვნელობა.  გარდა იმისა, რომ მოსალოცად არა გვაქვს საქმე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, არაფერია ჩვენს ქვეყანაში მოსალოცი,  მითუმეტეს, ქალს მოსალოცად არ აქვს საქმე, თუ სადმეა ქალი დაკნინებული, ერთ-ერთია ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ სადღეგრძელოებში, თორემ რეალურად ჩვენთან ქალებს არავინ აფასებს.

მაგრამ, მაინც ვთვლი, რომ ამაში ბრალი ქალებსაც მიუძღვით, რატომღაც იმაზე მეტს ვიღებთ საკუთარ თავზე, ვიდრე საჭიროა. ასეთი თვითგანწირვა არ არის საჭირო იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც ამას შენთვის არ აკეთებენ.  ფემინისტი არა ვარ, მაგრამ ქალთა უფლებებისთვის მეც შემიძლია ხმა ამოვიღო  და არ შემიძლია რეაგირება არ მქონდეს იმაზე, რასაც ვხედავ, რა ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ყოველთვის არსებობდნენ გამორჩეული ქალები, რომლებიც თავიანთი საქმით ამტკიცებდნენ რომ იყვნენ გამორჩეული ადამიანები, თუნდაც ჩვენს საქმეში, ყველა შემოქმედი ქალი, რომელიც რაღაცას აკეთებს, ამტკიცებს, რომ მას რაღაც შეუძლია და თუნდაც მამაკაცზე არანაკლებად.

-ჰეკაბეს როლი შეასრულე, რას ნიშნავს შენთვის ეს როლი?

-თვითონ სპექტაკლზე, რეჟისურაზე უკვე ბევრი ითქვა და აღარ გავაგრძელებ, პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია სცენაზე გამოვიტანე და დავაფიქსირე. გარდა იმისა, რომ როლზე მუშაობ, მნიშვნელოვანია, რომ პიესა თანადროულ პრობლემებს ეხმიანებოდეს. ამაშია ზუსტად კლასიკოსების ხიბლი, რომ ისინი მარადიულ პრობლემატიკას ეხებიან. ამ როლით ვაჩვენე, რომ ქალებს ცუდად არ უნდა შეეხონ. სპექტაკლში კარგად ჩანს ამ ქალის მიმართ კაცების დამოკიდებულება, მაგრამ ეს ქალი რას ახერხებს და როგორ ახერხებს, ეს უკვე იცით. მას შემდეგ, რაც ამ თეატრში დავიწყე საქმიანობა, ჩემი გმირები უფრო ლირიურები იყვნენ,  რეჟისორები ლამაზ  გოგონებზე გათვლილ როლებს მაძლევდნენ, მერე ცოტა ასაკი მომემატა და სხვა ამპლუაში გადავედი, ბატონმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ მომცა ორჯერ სახასიათო როლი.  ბოლოს  "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" "ფისოს" როლი ვითამაშე (რომელსაც ფილმში მერლინ მონრო ასრულებს), ამის შემდეგ დიდი გამოწვევა იყო ასეთი დრამატული როლის თამაში, მადლობელი ვარ რეჟისორის (მიშა ჩარკვიანი), რომელმაც არჩევანი გააკეთა ამ პიესაზე და ამ როლზე მე შემარჩია. ვფიქრობ, შევძელით მე და მიშამ გამოგვეძერწა ამ გმირის სახე. ძალიან მიხარია, რომ მხვდება მაყურებელი და მეუბნება, "სულ სხვანაირი გვახსოვდი, სხვანაირი გვეგონე, შენი საშემსრულებლო პალიტრა სულ სხვა კუთხით წარმოგვედგინა, ასეთს არ გელოდით", - გაკვირვებული მეუბნებიან. ძალიან სასიამოვნოა მსახიობისათვის, რომ არ გელიან, ისეთი სახით წარსდგები.

  

 სცენა სპექტაკლიდან "ჰეკაბე" 

 -რაც შეეხება თვითონ პერსონაჟს, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას იღებს თქვენი გმირი და ეს სცენაზე ძალიან რეალისტურად არის ნაჩვენები,  ალბათ, როგორღაც უნდა  გაუგო პერსონაჟს, რომ მისი როლი შეასრულო და თქვენ რამდენად კარგად გაუგეთ თქვენს გმირს?

-ეს როლი არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად მოითხოვს დიდ სიძლიერეს, ფიზიკურადაც დიდ გამძლეობას საჭიროებს, ეს არის ორი აუცილებელი კომპონენტი, რაც საჭიროა ამ როლის შესრულებისათვის, მაგრამ მე მირჩევნია შეხება მქონდეს უფრო დიდ ფასეულობასთან და ამისათვის დავიხარჯო, ვიდრე ვითამაშო ათ სპექტაკლში, რომელიც, რომ გამოვალ სცენიდან, აღარავის ემახსოვრება. რაც შეეხება ჩემი გმირის გადაწყვეტილებას, ეს არის ქალი, რომელსაც ბოლო იმედი მოუკლეს და მან შური იძია ყველაზე სასტიკი ფორმით -ქალი, ზოგადად, დედა კლავს ბავშვებს. ბოლოს ამ ქალის ძაღლად გადაქცევა ნიშნავს იმას, რომ ის ისჯება, ანუ არ მართლდება მისი საქციელი... ევრიპიდეს გმირებს ახასიათებთ ასეთი სასტიკი შურისძიება, იქ მედეა შვილებს კლავს, პიესაში "იფიგენია ავლისში" ცოლი შურს იძიებს ქმარზე შვილის გამო... ევრიპიდეს კი უწოდებენ ქალთმოძულეს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, არავის იმდენი პიესა ქალზე არ დაუწერია, რამდენიც ამ ავტორს.  ამით მას, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ქალებს ცუდად არ შეეხონ, თუ არა,  რამდენად ძლიერი შურისძიება შეუძლიათ მათ. 

 - თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი როლები და პარტნიორები სცენაზე? 

 -დავიწყებ ბოლო სპექტაკლიდან, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, მთელი გუნდი, ვისთან ერთადაც  ვმუშაობდი ამ სპექტაკლზე, ისეთი ერთსულოვნება გვქონდა, ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს, ახლა, როცა არ ვმუშაობ სპექტაკლზე, მენატრება ის ერთობა, რასაც ქვია ერთმანეთის მხარდაჭერა და თანამოაზრეობა.  ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, ამ ბოლო სპექტაკლში ვინ ვიყავით ერთად.

რაც შეეხება პარტნიორებს, გითხრათ სიმართლე, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ხშირად გითამაშიათ თუ არა ერთად, მნიშვნელოვანია, რამდენად შედგა ურთიერთობა როლში.  არ შემიძლია არ ვთქვა ქალბატონ ევა ხუტუნაშვილის შესახებ, ჩვენ ბევრს სპექტაკლში გვითამაშნია ერთად, ხშირად ქალბატონი ევა პედაგოგის ფუნქციასაც ითავისებდა ჩემთან,  ბევრი ისეთი კარგი და დასამახსოვრებელი რჩევა მოუცია, რომელიც დღემდე არ მავიწყდება.  ჩემთვის ყოველი მისი შენიშვნა, მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩემი ზვიად სვანაძე და დათო როინიშვილი. ჩვენ ერთად ვთამაშობთ, სპექტაკლში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია", ერთი სიამოვნებაა, ამ უნიჭიერეს ადამიანებთან ერთად სცენაზე დგომა. სპექტაკჯლში "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" გელა ებანოიძესთან ერთად ვთამაშობდი, რომელიც სცენაზე მუდამ რაღაც სიურპრიზს მთავაზობდა,  მე ეს ავყოლოდი... ეს ძალიან სახალისო იყო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი დასი, სადაც არიან მსახიობები, რომლებიც შეუძლიათ შეეჭიდონ ნებისმიერი სირთულის პიესას და გაართვან თავი. ვისურვებდი, რომ ეს პოტენცია, რაც ჩვენ დასს აქვს, გამოყენებული იქნეს.

რაც შეეხება როლებს, ბევრი როლი შემისრულებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა როლი ერთნაირად მიყვარს, შეიძლება, ვინმეს ჩემი ლირიული გმირები უფრო ახსოვს, მაგალითად, მაშიკო, ან იადონა, მაგრამ მე ისმენე უფრო მიყვარდეს სპექტაკლიდან "აქ ერთ დროს ადამიანს უცხოვრია"  , რომელიც ნუგზარ ლორთქიფანიძემ მათამაშა. კიდეც ერთხელ მადლობა მინდა ვგადავუხადო მიშა ჩარკვიანს, რომ ჰეკაბეს როლში მე დამინახა. აუცილებლობაცაა, თეატრში რომ მოწვეული რეჟისორი იყვნენ, ჩემი სურვილია, რომ აქცენტი კეთდებოდეს ხარისხზე და არა სპექტაკლების რაოდენობაზე და ისეთი რეჟისორების მოწვევა  ხდებოდეს, რომელიც, წინასწარ გვეცოდინება, რომ შედეგს დადებს და მსახიობის მიერ გაწეულ შრომასაც აზრი ექნება. 

 

 სცენა სპექტაკლიდან "უბედურება"

 

-თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ასეთი დილემა - კარიერა თუ ოჯახი?

არასოდეს, მე ისეთ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე , სადაც არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვერია, როცა მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება, თეატრში წასვლის შესახებ, არავინ წინააღმდეგი არ ყოფალა.  შემდეგ როდესაც არჩევანი გავაკეთ და შევქმები ოჯახი, ჩემს გვერდით იდგა ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. პირიქით, რითით შეეძლო, ხელს მიწყობდა.

რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი შეაძლებლობების რეალიზაცია ჯერ ვერ შეძლო?

- მე მივმართავ მათ მეგობრებს, არასოდეს მისცენ ერთმანეთს ხელის ჩაქნევის უფლება.

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია