შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბავშვი, თუ ცოტა მკაცრად არ გაიზარდა, არა მგონია, ნორმალური დადგეს“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36693 
 04 მარტი 2019

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსს” განიხილავენ.


კომიტეტის სხდომას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრების გარდა ესწრებიან კობა დავითაშვილი, ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ისინი ბავშვთა კოდექსის ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან.

კობა დავითაშვილის თქმით, ფიზიკური დასჯა ფართო ტერმინია და არ შეიძლება რომ ყურის აწევაც არაადამიანური მოპყრობის კატეგორიაში გავიდეს და აიკრძალოს, მისი თქმით ეს ადამიანის შინაგანი კულტურის გადასაწყვეტი უნდა იყოს და არა სახელმწიფოსი.

„მაპატიეთ, მაგრამ ვერ დავეთანხმები ასეთ ფორმულირებას. ეს ფორმულირება გულისხმობს, რომ ნებისმიერი ფიზიკური დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური. ასე არ არის, ფიზიკური დასჯა არის ყურის აწევაც, ნუ არსებობს ასეთით, ბავშვი რაღაცას აშავებს და მას ყურს უწევენ. ფიზიკური დასჯაა ეს, მაგრამ სასტიკი, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაა, მამამ რომ შვილის ყური აუწიოს? ან დედამ? არ უნდა აუწიოს? მე შევიკავებდი თავს მაგრამ მივანდოთ ეს ჩვენს შინაგან კულტურას, აღზრდას და სახელმწიფო ნუ ჩაერევა," - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ბავშვის მკაცრად აღზრდის მომხრეა ემზარ კვიციანიც, მისი თქმით, უნდა დაკონკრეტდეს, რა ითვლება ბავშვებზე ძალადობად.

„ბავშვი რომ დაიბადება, იმის შემდეგ აქვს უფლებები. უფლება აქვს, მშობლებს უსმინოს, შეასრულოს მათი მითითება, მოუსმინოს მასწავლებელს და შეასრულოს მათი ყველა დავალება სწავლის პროცესში. უფლება აქვს, მოუსმინოს მოძღვარს და ილოცოს მშობლებისთვის, მეგობრებისა და სამშობლოსთვის. ასევე, იმარხულოს და ეზიაროს. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მთავარი საცხოვრისის უფლებაა. ძალიან დიდი უბედურებაა, როცა უამრავი ბავშვია საცხოვრისის გარეშე დატოვებული ბანკების მიერ. ამასთან დაკავშირებით ხმას არავინ იღებს და ყოველდღე პანტაპუნტით ყრიან ბავშვებს საცხოვრებლიდან. უნდა იყოს დაკონკრეტებული, რა არის ბავშვებზე ძალადობა, რადგან პატარა შენიშვნისთვის მასწავლებლებს ყრიან სკოლებიდან. შენიშვნა თუ არ მიეცა ბავშვს და ცოტა მკაცრად არ გაიზარდა, არა მგონია, მისგან რამე დადგეს ნორმალური. როდესაც ზედმეტი თავისუფლება დამღუპველი ხდება ბავშვებისთვის, ეს ქვეყნისთვისაც დამღუპველია. ბავშვებზე ძალადობა რას ნიშნავს მაინტერესებს , რა ითვლება ძალადობად ეს დავაფიქსიროთ ბოლოს და ბოლოს”-განაცხადა კვიციანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება