შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჯარიმით ქალბატონს არავინ დამუქრებია"-გამოიჩინა თუ არა "ენერგო პრო ჯორჯიამ" ღამბაშიძეებთან კეთილი ნება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36717 
 05 მარტი 2019

სოციალურად შეჭირვებულ მაია ღამბაშიძეს, რომელიც ოზურგეთში კოსტავას ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, "ენერგო -პრო ჯორჯია" ჯარიმას არ გადაახდევინებს და კომპანია ოჯახს მქასიმალურად დაეხმარება, პრობლემის დროულად მოგვარებაში  -აცხადებს "გურიის მოამბესთან" კომპანიის პრესცენტრის წარმომადგენელი, ბექა რომანაძე. 

მისი განმარტებით, რადგან ოჯახი სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნება, გამონაკლისის სახით, კომპანია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა და ოჯახს გონივრული ვადა განუსაზღვრა  კონკრეტულ მისამართზე მისი მართლზომიერად ცხოვრების დამადასტურებელი ცნობის წარსადგენად. რა შემთხვევაშიც მას დაარეგისტრირებენ ცალკე აბონენტად. 

 "პიროვნებას ელექტროგადამცემი ხაზი გადაყვანილი ჰყავს უსაფრთხოების წესის დაცვის გარეშე, რაც კანონით არის დაუშვებელი. მიუხედავად ამისა, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და ჯარიმის ნაცვლად მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.  რაც შეეხება 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას, რაზეც თქვენთან საუბრობს ქალბატონი, არის კომპანიის მისამართით უსაფუძვლო ბრალდება, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, ამ ოდენობის თანხის ჯარიმის სახით დაწესება არის წარმოუდგენელი რამ.

ამ ეტაპზე, ქალბატონს დაევალა, რომ გონივრულ ვადაში კომპანიაში წარადგინოს კონკრეტულ მისამართზე, მისი მართლზომიერად ცხოვრების დამადასტურებელი ცნობა, რის შემდეგაც დაუდგამენ მრიცხველს და დაარეგისტრირებენ ცალკე აბონენტად. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ამ ოჯახს, რადგან სიცოალურად დაუცველია და ვითვალისწინებთ მის ფინანსურ მდგომარეობას"-გვითხრა დასავლეთ საქართველოში "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურის ხელმძღვანელმა, ბექა რომანაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ "გურიის მოამბეს" მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მაია ღამბაშიძე დაუკავშირდა, რომელიც აცხადებდა, რომ  "ენერგო პრო ჯორჯია"-ს წარმომადგენლები, შუქის ჩაჭრითა და ჯარიმის დაკისრებით დაემუქრნენ. 

მისივე განმარტებით, სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრა ასევე მის ძმას, ბადრი ღამბაშიძესაც, რომელიც გვერდით კორპუსში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. 

სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს, მაია ღამბაშიძის მტკიცევით, კომპანია იმაში ედავება, რომ მათ საერთო მრიცხველი აქვთ. 

"წლებია ეს პრობლემა გვაქვს. ჩემი ძმა გვერდით კორპუსში ცხოვრობს. სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ძალიან უჭირთ. საშინელ საცხოვრებელ პირობებში უწევთ ბავშვებს ყოფნა და ახლა ჯარიმას აკისრებენ? რითი უნდა გადაიხადოს? მე ვის ბინაშიც ვცხოვრობ, ის გარდაცვლილია. წლებია აქ ვარ და აქამდე შუქიც არ მქონდა. მეც პატარა შვილი მყავს. ენერგო კომპანიას მივმართე განცხადებით, რომ შუქი მეც მომწოდებოდა. მითხრეს მრიცხველი შენით უნდა შეიძინოო. არ იყო ამის საშუალება და ჩემმა ძმამ მისი ბინიდან გამოიყვანა ერთი ხაზი. საერთო მრიცხველი გვაქვს და დენს ნამდვილად არ ვიპარავთ, ვიხდით იმდენს, რამდენსაც მოვიხმართ. თან მე იმის პრობლემაც მაქვს, რომ აბონენტად უნდა დარეგისტრირდეო, ეს ჩემი ბინა არ არის, მისი მეპატრონე კი გარდაცვლილია.  რა უნდა ვქნა? ბავშვი  სიბნელეში უნდა გავზარდო? ისედაც უამრავი პრობლემა გვაქვს"-გვითხრა ქალბატონმა, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ითხოვდა. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა