შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21674 
 07 მარტი 2019
ეთნიკური ბერძნებით დასახლებულ ციხისჯვარში, სოფლის შუაგულში, სტალინის ქუჩაზე პატარა ხის სახლი დგას, წითელი სახურავითა და ცისფერი კედლებით. 78 წლის ნიკოლოზ სოტიროვი ფრთხილად ცდილობს ხის აივანზე მიყუდებულ კიბეზე ასვლას. ღუმელი გაასუფთავა და ახლა სახურავზე მილები უნდა გაწმინდოს. ჟურნალისტების დანახვას არ ელოდა, ჭვარტლისგან გამურულ ინსტრუმენტებს მუხლებზე იწყობს და სასაუბროდ ემზადება. წლების წინ, 90-იანებში, ბევრი მეზობლის მსგავსად, გაჭირვებამ ისიც საბერძნეთში წაიყვანა. იქიდან მხოლოდ მეუღლესთან ერთად დაბრუნდა, შვილებმა დარჩენა ამჯობინეს. „10 წელი ვიყავი საბერძნეთში, ვმუშაობდი და ფულიც მქონდა. მერე დავბერდი, ვეღარ ვმუშაობდი, პენსია არ მომცეს, როგორ უნდა მეცხოვრა?! ამიტომ უკან, ჩემს სოფელში დავბრუნდი. აქ პენსია მაქვს, კარტოფილიც მომყავს. კარგია ციხისჯვარში“, – ყველაზე მეტად შვილები და შვილიშვილები ენატრება, - „ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდიან. არ ვიცი, როგორ წავა ცხოვრება, შეიძლება დაბრუნდნენ, შეიძლება ვერა. ალბათ მოვლენ, დამმარხავენ და წავლენ უკან, ცხოვრებამ ასე იცის“. ეთნიკური ბერძნებით დასახლებული ციხისჯვარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელია, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე, უზარმაზარ ვაკეზე გაშლილი დასახლება, ფერადი, ხის აივნიანი სახლებით. აქ ბერძნები რუსეთ–თურქეთის 1828-1829 წლების ომის შემდგომ, თურქეთიდან ჩამოვიდნენ. სახლების დიდი ნაწილი დაკეტილია. სოფლის უხუცესები იხსენებენ, რომ ციხისჯვარში 700–მდე ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 70–ია. მათი უმეტესობა საბერძნეთში საცხოვრებლად გასული საუკუნის 90-იან წლებში წავიდა. „ჩემი წინაპრები ყარსში ცხოვრობდნენ, იქიდან რომ გამოიქცნენ, ამ სოფელზე გაუვლიათ და რუსეთში წასულან, მაგრამ უკან დაბრუნდნენ და ციხისჯვარში დასახლდნენ, რადგან ეს სოფელი მოეწონათ. ეს სახლი მამამ 1932 წელს ააშენა, ანდეზიტში მუშაობდა და კარგი შემოსავალი ჰქონდა. 35 წელი სოფელში ბრიგადირად ვმუშაობდი, ექვსი შვილი და 13 შვილიშვილი მყავს“, – გვიყვება სოფლის უხუცესი, 95 წლის პანაიოტ ლაზარიდი. ფიქრობს, რომ მეზობლებისგან განსხვავებით, მას გაუმართლა - შვილებთან ერთად ცხოვრობს, -„აღარ შემიძლია სიარული, ჩემი შვილები მივლიან. ბევრი რამ გადავიტანე, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ვარ. სამი წელი ვიბრძოდი ფრონტზე და ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე დავრუნდი სახლში, მენატრება ძველი დრო, გაჭირვების მიუხედავად მაშინ უფრო ბედნიერი ვიყავი“.პანაიოტ ლაზარიდივასო პავლოვს ორი შვილი ჰყავს, ერთი საბერძნეთში ცხოვრობს, მეორე კი მასთან. დარწმუნებულია, რომ ისიც მარტოობისთვისაა განწირული, რადგან ცოტა ხანში მეორე შვილიც წასვლას აპირებს, - „მეუღლე გარდამეცვალა და არ დამტოვა ჩემმა გოგომ, მალე ესეც წავა აქედან. ახალგაზრდა თაობა არ ფიქრობს დაბრუნებაზე, ჩვენ კი საქართველო გვინდა, ჩვენი სამშობლო, ბუნება, სუფთა ჰაერი და წყალი. ჩემი ასაკის ვინც იქ ცხოვრობს შვილებს უბარებენ, როცა გარდაიცვლებიან აქ, ჩვენს სოფელში დაკრძალონ“.სოფელი იცლება, თუმცა სახლებს მაინც არავინ ყიდის. „მშობლიურ სოფელს ზაფხულობით სტუმრობენ. ასფალტი დააგეს, გაზი შემოიყვანეს, წყალიც კარგი გვაქვს, ზაფხულობით ამ სოფელში დასვენება ძალიან კარგია, კურორტია და უფრო მეტად განვითარდება, მე ამის იმედი მაქვს“, - ამბობს ვასო და იხსენებს დროს, როდესაც სოფელში 700 კომლი ცხოვრობდა, - „ 700 კომლი ვიყავით. ცხრა ოჯახი ქართველი, შვიდი ოჯახი სომეხი, დანარჩენი ბერძნები. ჩემი ოჯახი ნათესავებთან ერთად 1922 წელს გამოიქცა ყარსიდან, ნაწილი ციხისჯვარში დასახლდა, ნაწილი საკირესა და ახალქალაქის სოფლებში. მაშინ წავედით აქედან პენსია შვიდი ლარი რომ იყო“. სოფელში მარტო ცხოვრობს 56 წლის ფეოდორ სევასტოვი. მკაცრი ზამთრის გრძელი დღეების გასაყვანად ფეოდორთან მეგობრები ყოველდღიურად იკრიბებიან, სადაც წარსულზე, საბერძნეთში წასულ ახლობლებსა და მოვალზე საუბრობენ. „აქ დავიბადე და გავიზარდე, ბოლომდე აქ ვაპირებ ცხოვრებას. მე ვერ ვიტყვი რომ საბერძნეთი ჩემი სამშობლია, იქ ბინაც მაქვს და ყველაფერიც მაგრამ მაინც აქ მინდა, მენანება რომ გავყიდო ეს ყველაფერი და წავიდე. ჩვენი ბარლიცაა ერთი პატარა კაფე მაინც რომ არ არის სოფელში“, – ამბობს ფეოდორის მეზობელი 48 წლის ხარალა ბაგატუროვი.ციხისჯვარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველაზე ფერადი და გამორჩეული სოფელია. ორსართულიანი სახლების მეორე სართული ხისაა, მოჩუქურთმებული აივნები კი სხვადასხვა ფერად ლურჯად, ღიაცისფრად და მწვანედაა შეღებილი. საიდან მოდის ეს ტრადიცია ადგილობრივებმა არ იციან, თუმცა ძალიან მოსწონთ.სოფელში ამბობენ, რომ ეთნიკური ბერძნების და ქართველების ტრადიციები დიდად არ განსხვავდება. ორი ქვეყნის კულტურა ადგილობრივებს ისე აქვთ გათავისებული, რომ ხშირად გარჩევა უჭირთ. სტუმრებს მოხალული ფქვილისგან მომზადებული ტკბილეულით უმასპინძლდებიან, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ და გემოვნებისთვის კაკალს ამატებენ. 33 წლის მარიამ გრამატოპულო ბერძნული ყავის დასალევად გვეპატიჟება, იგი ოჯახთან ერთად საბერძნეთიდან ციხისჯვარში 10 წლის წინ დაბრუნდა. „ორი შვილი მყავს, პატარა ექვსი წლისაა და საქართველოში დაიბადა, უფროსი საბერძნეთის მოქალაქეა. აქ კარგად ვართ, 10 ძროხა მყავს, დილით მე და ჩემი მეუღლე რვა საათზე ვდგებით, ჯერ ყავას ვსვამთ შემდეგ კი საქონლის მოსავლელად მივდივართ, ცოტა კარტოფილიც მოგვყავს, მშვიდად ვცხოვრობთ და ბედნიერები ვართ. სადაც არ უნდა წახვიდე თუ არ იშრომე არაფერი გამოვა, ასეა აქაც“, – ამბობს მარიამ გრამატოპულო და ამბობს, რომ კარგი იქნება თუ სოფელში ახალგაზრდები დაბრუნდებიან.ციხისჯვრიდან ეთნიკური ბერძნების მასიური წასვლიდან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, ახლა სოფელში დაკეტილი და ბოქლომდადებული სახლი უფრომეტია, ვიდრე მცხოვრებლები. ხანშიშესულები ხმაურიან და სიცოცხლით სავსე ციხიჯვარს მისტრიან და სოფლის დაცლის ეშინიათ. რა იქნება მომავალში ძნელი სათქმელია. სოფელს, რომელიც გადარჩენას ნატრობს, ბევრი მარიამ გრამატოპულოსნაირი მოტივირებული ახალგაზრდები სჭირდება. ახალგაზრდები, რომლებიც მაღალმთიანი სოფლის ყოველდღიურ პრობლემებს დაუღალავი შრომით გაუმკლავდებიან.ნინა პოხნაშოვა[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია