შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის წინააღმდეგ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21901 
 24 მარტი 2019
ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, იმ მეექვსეკლასელ ბიჭს, რომელიც ამბობს, რომ მას მასწავლებელი და ორი თანაკლასელი პოლიციაში დარეკვის გამო აბულინგებდა, მშობლები ტყუილში ადანაშაულებენ. ამ კლასში სულ 15 ბავშვი სწავლობს, 14–მა მშობლემა კი იმის დასტურად, რომ ყველა ერთ აზრზეა და 11 წლის ბიჭი ტყუის, განცხადება დაწერა, ხელი მოაწერა და დირექტორთან შეიტანა. მშობლები წერილობით აცხადებენ, რომ ბავშვს არავინ აბულინგებს და მასწავლებელი კლასში უნდა დაბრუნდეს, სამაგიეროდ კი დამრიგებელი უნდა ჩამოშორდეს კლასს, იმის გამო რომ ის 11 წლის ბიჭს უჭერს მხარს. „ყველაფერი ტუილია რასაც ამ ბიჭის ბებია და დედა ყვებიან. მათ შვილს არავინ არ აბულინგებს. ერთხელ მისცა მასწავლებელმა შენიშვნა მხოლოდ პოლიცაიში დარეკვის გამო და იმის მერე არაფერი უთქვამს. ბავშვებსაც ვკითხეთ ყველამ სახლში და არაფერი არ უთქვამს მასწავლებელსო, ამბობენ. იმ ერთი შენიშვნის გამო მოხდა ეს ყველაფერი?!“ – კითხულობენ მშობლები. 14–ვე აცხადებს, რომ მათი შვილები კლასიდან წასული მასწავლებლის დასაბრუნებლად ტირიან: „14 –ვე ბავშვი სახლში რომ მივიდა ტირილი დაიწყო, არ წავიდეს მასწავლებელიო. ჩემი შვილიც რომ მოვიდა და მითხრა, ჩვენი საყვარელი მასწავლებელი წავიდაო, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე“, – ამბობს ერთ–ერთი მშობელი. იმ ორი ბიჭიდან ერთ–ერთის დედა, რომელსაც მეექვსკლასელი ბულინგში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ „ბავშვებს შორის 31 იანვარს კამათი უაზრობის გამო მოხდა, ამის მერეც ისეთი არაფერი ყოფილა, უბრალოდ ჩემი შვილი, ამ 11 წლის ბიჭის უკან ცეკვავდა, რასაც მერე შელაპარაკება მოჰყვა. სხვა დღეებში ეს ბიჭი არავის დაუბულინგებია. უკვე ამ ბავშვის ეშინიათ ჩვენ შვილებს, თუ რამეს ისე გაიგებს, მიდის ბებიამისს ეუბნება და მერე სკოლაში ერთი ამბავი ტყდება“. „სამხრეთის კარიბჭე“ 14 მშობლიდან ცხრას ესაუბრა. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ პოლიციაში დარეკვის გამო 11 წლის ბიჭი არავის გაუკიცხავს, თუმცა, თავადაც აცხადებენ, რომ ბავშვმა პოლიციაში არ უნდა დარეკოს და ეს ცუდი საქციელია: „რატომ უნდა დარეკოს 10 წლის ბიჭმა პოლიციაში?! უთხრას მასწავლებელს, მანდატურს, ეს საიდან მოიტანა?! ან მშობელს უნდა დაურეკოს. ჩვენ არ ვასწვლით ეგეთებს ჩვენს შვილებს".მიუხედავად იმისა, რომ 11 წლის ბიჭის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ სამედიცინო დოკუმენტები დღეს, 23 მარტს, დედამ სკოლის დირექციასა და პოლიციას გადასცა, არცერთ მშობელს არ სჯერა, რომ ბავშვი მართლა ცუდადაა: „სანამ ის მასწავლებელი კლასს დატოვებდა, 11 წლის ბიჭი ჩვეულებრივ შედიოდა მის გაკვეთილებზე და მაღალ ქულებსაც იღებდა. საიდან მოიტანეს რომ რამე სჭირს ამ ბავშვს?! მშვენივრად თამაშობდა ბავშვებთან ამდენი ხანი. გარდა ამისა სახალისო ვიდეოებს წერდა და ერთ–ერთ საიტზე დება ხოლმე, თუ ცუდად იყო ამას როგორ აკეთებდა?! უბრალოდ მის ბებიას ის აღიზიანებს, რომ მთელი კლასის ბავშვები იმ მასწავლებელს მისტირიან და ამის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს ბავშვს“. უფრო მეტიც, მშობლები აცხადებენ, რომ სკოლაში ყველაფერი პირიქითაა და 11 წლის ბიჭი თავად იყენებს ცუდ სიტყვებს თანაკლასელების, მით უფრო გოგონების მიმართ: „რომ ამბობს, ამ ბიჭის ბებია, ჩემ შვილიშვილს თქვენმა შვილებმა მესიჯებით ცუდი სიტყვები მიწერესო, ეგეთი სიტყვები ჩვენმა შვილბემა საერთოდ არ იციან". მშობლები სკოლაში შექმნილ ვითარებაში დამრიგებელსაც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის მთელ კლასში მხოლოდ 11 წლის ბიჭის ინტერესებს იცავს: „დამრიგებელი გვინდა რომ წავიდეს და არაერთი განცხადება შევიტანეთ დირექტორთან ამის თაობაზე. ამ ბიჭმა რაც არ უნდა დააშავოს ის სულ მხარს უჭერს და ყველა ბავშვისაგან არჩევს“. მშობლები ამბობენ, რომ ორშაბათიდან, 25 მარტიდან ისინი შვილებს სკოლაში არ გაუშვებენ თუ დამრიგებელი კლასს არ დატოვებს და სანაცვლოდ, კლასიდან წასული მასწავლებელი უკან არ დაბრუნდება. კლასის დამრიგებელი მშობლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ კლასს მანამდე არ დატოვებს, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა და ამ საქმეზე ძიება არ დასრულდება.დირექტორი კი აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს“. მშობლებმა კი დღეს დისციპლინურ კომიტეტში მათი მოთხოვნა ახსნა–განმარტებებთან ერთად წერილობით დატოვეს. ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკსირა, რის შემდეგაც მან კლასი დატოვა. 14 მშობლის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა. 11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. გახდა თუ არა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი მართლაც სკოლაში განხორციელებული ზეწოლა, პოლიცია არკვევს. „სამხრეთის კარიბჭე“ კი ფსიქიატრის დასკვნას გაეცნო, სადაც დიაგნოზთან ერთად მკურნალობის კურსიც გაწერილია. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი