შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო მოსახლეობის კლების ტემპებით მსოფლიოშია მეათეა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37214 
 27 მარტი 2019

საქართველოს მოსახლეობა 80 წლის შემდეგ 38,7%-ით, დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანით კიდევ შემცირდება და დაახლოებით 2,4 მილიონი იქნება. ასეთია გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდება 2100 წლისთვის.

დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, რომ ბოლო წლებია საქართველოში მოსახლეობა მცირდება, ძირითადად მიგრაციის გამო და ამბობს, რომ ქართველი დემოგრაფების ანალიზით, მოსახლეობის კლებას უახლოეს 10 წელიწადშიც იქნება - კლება მცირედით იქნება, თუმცა „მოსახლეობა უფრო დაბერებული გვეყოლება და ახალგაზრდა თაობა კიდევ უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე დღესაა“.

მისივე თქმით, შობადობა ისევ დაბალი იქნება, იქნება მიგრაციაც, თუმცა მომავალ 10 წელიწადი მიგრაცია ნელ-ნელა დაიკლებს და ის მიგრანტები, ვინ 65 წლის და მეტი გახდება, უახლოეს 10 წელიწადში უკან დაბრუნდებიან.

„ის ადამიანები, ვინც წლებია უცხოეთში არიან და 65 წელს გადასცილდნენ, უკვე უკან ბრუნდებიან. თუ დღეს მოსახლეობის დაბარების მაჩვენებელი 14,5%-ია, უახლოეს 10 წელიწადში ის 20%-მდე გაიზრდება. მოსახლეობის კლებაც ცოტაოდენი იქნება, მიგრაციით და ბუნებრივი მატებითაც, რადგან შობადობა მცირდება. 

„დეპოპულაცია დაიწყება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას შეავსებს დაბრუნებული მიგრანტები, რომლებიც უცხოეთში 1990-იან და 2000-იან წლებში წავიდნენ. ეს პატარა ნიველირებას გაუკეთებს და 10 წელიწადში მოსახლეობა შეიძლება იყოს სადღაც 3,5 მილიონი. ეს მოკლევადიანი პროგნოზია,“ - აღნიშნავს სულაბერიძე.

ინტერნეტ-რესურსმა „ფაქტსმეპმა“ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა, სადაც აღნიშნულია წინასწარი პროგნოზების თანახმად რომელი ქვეყნის მოსახლეობა გაიზრდება 2020-2100  წლებში და რომელი შემცირდება. ამ მონაცემებით, საქართველო კლებად ქვეყნების სიაშია და მოსახლეობის კლების ტემპებით საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილზეა.

მსოფლიო სტატისტიკით, მოსახლეობის შემცირება ყველაზე მეტად მოსალოდნელია: მოლდოვაში, ბულგარეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში, სადაც მოსახლეობის რიცხვი შეიძლება განახევრდეს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოლდოვას და საქართველოს გარდა კლებადი ქვეყნების ათეულშია სომხეთიც.

ათეულში მოხვდნენ: მოლდოვა( -53%), 1,8 მილიონი დარჩება; ბულგარეთი (-50%), დარჩება 3.4 მილიონი; ბოსნია-ჰერცოგოვინა (-49%), დარჩება 1,9 მილიონი; რუმინეთი (-43%), დარჩება 10,7 მილიონი; პოლონეთი (-41%), დარჩება 22,2 მილიონი; სომხეთი, ალბანეთი და იამაიკა (-40%), სამივე ქვეყანაში ნავარაუდევია, რომ დარჩება 1,7 მილიონი; ტაილანდი (-39%), დარჩება 41 მილიონი და საქართველო (-38,7%), დარჩება 2,4 მილიონი ადამიანი.

საქართველოს მსგავსად დაახლოებით 39%-თ მცირდება უკრაინის მოსახლეობაც და ის საქართველოს შემდეგ მოსახლეობის კრების რეიტინგში მე-11 ადგილზეა. 

მოსახლეობის კრების რეიტინგში სულ 30 ქვეყანაა ჩამოთვლილი, სადაც,  პროგნოზის თანახმად, მოსახლეობის ფართომასშტაბიანი კლება შეიძლება მოხდეს.

„ფაქტსმეპი“ ასევე ასახელებს იმ 30 ქვეყანას, სადაც 2020-2100 წლებში მოსახლეობა გაიზრდება. სიაში ძირითადად აფრიკის ქვეყნებია და მოსახლეობის ზრდა სამნიშნა რიცხვითაა პროგნოზირებული. 

მოსახლეობის ზრდის რეიტინგის სამეულშია: ნიგერია, ზამბია და ტანზანია. ნიგერიაში 760%-ით გაიზრდება მოსახლეობა და გახდება 7612 მილიონი; ზამბიაში - 455%-ით და გახდება 455 მილიონი და ტანზანიაში - 380%-ით და გახდება 380 მილიონი.

კვლევა ეყრდნობა გაეროს 2015 წლის მონაცემებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების ტემპების შესახებ.

დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძის თქმით, გაერო-ს მსგავსად საქართველოშიც გაკეთდა გრძელვადიანი პროგნოზი, რის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა უახლოეს 50 წელიწადში 2,5 მილიონი იქნება, თუმცა თვლის, რომ გრძელვადიანი პროგნოზების გამართლების ალბათობა მცირეა და იმედი აქვს, რომ საქართველოს მოსახლეობის კლება ასეთი დიდი არ იქნება.

„გაერო-ს მიერ მოსახლეობის რიცხოვნობის კვლევა ტენდენციას ასახავს, მაგრამ 80 წელიწადში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. 2100 წლამდე ბევრი რამ შეიცვლება, როგორც  ტექნიკური პროგრესით, ასევე სოციალური გადაფასებით და ჩემი აზრით, 80 წლის შემდეგ სულ სხვა სურათი გვექნება. 

„ჩვენთან მოსახლეობა ძირითადად მიგრაციული პროცესების გამო შემცირდა და ახლა იწყება დეპოპულაცია, როცა შობადობას გადააჭარბებს მოკვდავობას. მიგრაციის სალდო ისევ უარყოფითია, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან ცუდია. ძირითადად ახალგაზრდები მიდიან უცხოეთში, მაგრამ თუკი ჩვენთან ჩაიდო ინვესტიციები და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მოსახლების მატება დაიწყება. მიგრანტები ნაკლები გვეყოლებიან, გადავადებული შობადობები და ქორწინებები ნაკლები იქნება. 

„შობადობა დღეისათვის მომატებულია იმის გამო, რომ პატრიარქის წყალობითაა ეს. შობადობა რომ ნახოთ, დაბადებულებში პირველი და მეორე ბავშვის ხვედრითი წილი მცირდება, მაგრამ მესამე და მეოთხე ბავშვის წილი გაზრდილია 21%-მდე, როცა 2007 წელს 10% იყო,“ - ამბობს სულაბერიძე.

დემოგრაფის თვალსაზრისით, დემოგრაფიული სურათი ევროპაში ძალიან შეიცვლება.

„დღევანდელზე უფრო გაუარესებული სურათი იქნება. შეიძლება 2100 წლისთვის ევროპის მოსახლეობის 40%-ით დაბერებული აღმოჩნდეს. ისე როგორც საქართველოში, ევროპაშიც მოსახლეობა უფრო დაბერებული იქნება, ახალგაზრდა თაობა კიდევ უფრო ნაკლები იქნება. სამაგიეროდ ახალგაზრდული თაობის მატება ექნება აფრიკის ქვეყნებს, სამხრეთ აზიის და არაბულ ქვეყნებს. ეს ნაკადი ევროპაში წამოვა, რადგან ადგილზე ვერ მრავლდებიან. 

„ასევე გარკვეულ ქვეყნებში ჩამოყალიბდება ე.წ. ეგზოტიკური მოსახლეობა. სხვადასხვა ეროვნების, რასის, რელიგიის და კულტურის მქონე მოსახლეობა ერთ ქვეყანაში რომ მოექცევა, ამას ეგზოტიკურ მოსახლეობას ვუწოდებ. მაგალითად, ასე იქნება ჰოლანდიაში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში. პროგნოზია გაკეთებული, რომ, მაგალითად, ლათინურამერიკული მოსახლეობა აშშ-ში 40%-ს გადააჭარბებს,“ - ამბობს სულაბერიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია