შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვერ მოგართვით „მიშისტებო“ და „ბიძინისტებო“, რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო"- უსუფაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37206 
 27 მარტი 2019

„შენების მოძრაობის“ კოალიციური ურთიერთობა 2020 წლის არჩევნებში გამორიცხულია როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, „შენების მოძრაობა“ დგას იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ჩამოყალიბების დღიდან იდგა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალები, მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც მართალია კანონთან, მორალთან და ზნეობასთან. ჩვენ გვინდა იყოს კონკურენტული გარემო, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი სხვადასხვა ფლანგზე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოძლიერდნენ, გაერთიანდნენ, მონახონ საერთო ენა, მაგრამ ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას. საქართველოში უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების ხარჯზე. შესაბამისად, ჩვენი რაიმე ტიპის კოალიციური ურთიერთობა 2020 წლის არჩევნების კონტექსტში გამორიცხულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი 2020 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ არ გამორიცხავს კოალიციაში შესვლას იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომელთანაც საერთო შეხედულებები აღმოაჩნდებათ.

„თუმცა, ჩვენი გეზი დღევანდელი მდგომარეობით არის ის, რომ „შენების მოძრაობა“ 2020 წლის არჩევნებზე იქნება წარმოდგენილი საკუთარი ძალებით. საპრეზიდენტო არჩევნებზე მე განვაცხადე, რომ არც ერთ მხარეს არ ვუჭერ მხარს, ამის შედეგად მოხდა ის, რომ ერთი მხარე თვლიდა, რომ მე არასაკმარისად გავემიჯნე მეორე მხარეს და პირიქით, მეორე მხარე თვლიდა იგივეს. ვერ მოგართვით ბატონებო „მიშისტებო“ და „ბიძინისტებო“ რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო. მე მინდა სწორად მოვიქცეთ ქვეყნისთვის. სწორი და მძიმე გზით სიარულს ვაპირებ და ამას აპირებს ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია