შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით კირკიტაძის შემდგომი სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37855 
 03 აპრილი 2019

ნაციონალური მოძრაობის დაკავებული წევრის დავით კირკიტაძის შემდგომი სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

როგორც “კახეთის ხმას” კირკიტაძის ადვოკატმა განუცხადა, შემდგომი სხდომების დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ მიიღო.

“მოსამართლეს სხდომების დახურვის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. სხდომაზე დამსწრის მხრიდან იყო რეპლიკა, რომლის შემდეგაც მოსამართლემ აღნიშნა, რომ შემდეგი სხდომები იქნება დახურული. ჩვენ შემდეგ პროცესზე სხდომების გახსნის შუამდგომლობას დავაყენებთ, რათა ჟურნალისტებს და ამ საქმით დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ დასწრების შესაძლებლობა”, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრის დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო და მოწმეების დაკითხა.
სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა.

დავით კირკიტაძე მოსამართლის განჩინებით 2018 წლის 16 დეკემბერს სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე დააკავეს. კირკიტაძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია