შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უნდა ისწავლებოდეს თუ არა გალობა და ხალხური სიმღერა სკოლებში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22150 
 09 აპრილი 2019
„რაც კარგ აურას შეიტანს ნებისმიერ სკოლაში, საგალობელი იქნება თუ სხვა რამ, ნამდვილად კარგია“, – ამბობს სოფელ ჭაჭარაქის სკოლის დირექტორი მარინა ოქრომელიძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ სამინისტრომ ჯერ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება არგუმენტირებულად მიიღოს. „ქართული ხალხური სიმღერები და გალობა ცუდი რითი იქნება, ბავშვები თავიანთ ისტორიას შეისწავლიან, ისწავლიან სიმღერებს, მათ წარმოშობის ისტორიას“, – გვეუბნება სოფელ წნისის საჯარო სკოლის დირექტორი, ვალენტინა გოგოლაური. მისი აზრით, მუსიკის გაკვეთილებზე ქართული ხალხური სიმღერები საფუძვლიანად ვერ ისწავლება. სკოლის დირექტორების უმრავლესობა პატრიარქის ინიციატივას მიესალმება, ნაწილის აზრით კი სკოლებში შესული ახალი საგანი სხვა რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლეებს უხერხულობას შეუქმნის.„ჩემთვის მისაღებია, მაგრამ სხვა სარწმუნოების ხალხიც ხომ სწავლობს სკოლებში?! ჩემ სკოლაში არაფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად შესაძლებელია, რამე პრობლემა შეიქმნას“, - გვეუბნება ქალაქ ვალის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აზირაშვილი. განათლების ექსპერტს სიმონ ჯანაშიას გალობის ცალკე საგნად სწავლება არასწორად მიაჩნია: „ხალხური სიმღერების სწავლებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ გალობა, ეს არის საეკლესიო მუსიკა და თუ შეგვაქვს უნდა ვასწავლოთ, როგორც რელიგიების ისტორიის ნაწილი ან უნდა ვასწავლოთ, როგორც კულტურის ნაწილი და არა როგორც ინდოქტრინაციის ნაწილი“. მისი აზრით, სკოლებში მუსიკის სწავლება მოკლებულია პრაქტიკულ ელემენტებს, ამიტომ არა რელიგიური მუსიკისა და გალობის, არამედ საგუნდო ელემენტის დამატება ამ გაკვეთილებს მუსიკალურ ელფერს ნამდვილად შესძენს. „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI-ს) დირექტორის ეკა ჭითანავას თქმით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება პრემიერის კომპეტენციაში არ შედის, ახალი საგნის დანერგვასა და სწავლებაზე გადაწყვეტილება, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს: „ეს არის ცალსახად პოპულისტური განცხადება, რომელიც აქამდე დამკვიდრებული არასეკულარული პრაქტიკის მსგავსად, საქართველოს საპატრიარქოს საშუალებით პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვებას ემსახურება. რაც შეეხება უშუალოდ ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების სწავლებას, მხოლოდ ამ განცხადებიდან გამომდინარე, კონტენტის არცოდნის და სწავლების ფორმის გარეშე, რთულია შეფასება. თუმცა, საჯარო სკოლებში არსებული პრაქტიკიდან გამომიდნარე, ჩვენთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი მუსიკის გაკვეთილებზე ხდება ხოლმე. ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები, პოლიფონია ეროვნული კულტურული ნაწილია, თუმცა მათი სწავლება რელიგიური ინდოქტრინაციის მიზნით არ უნდა იყოს გამოყენებული“. გალობა და ხალხური სიმღერები, არა სკოლაში, არამედ არაფორმალურ გარემოში უნდა ისწავლებოდეს, - ფიქრობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC), თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე: „ინიციატივა ფართო პოლიტიკურ კონტექსტში უნდა დავინახოთ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას აქვს ნდობის ღრმა კრიზისი საზოგადოებაში და ყველა ფორმას იყენებს ამის შესაცვლელად.“ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, მან პრემიერ– მინისტრს სთხოვა, რომ გალობა და ხალხური სიმღერა საშუალო სკოლის პროგრამაში შევიდეს. პატრიარქის თქმითვე, პრემიერი მის ინიციატივას დათანხმდა. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება