შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ არის უნიკალური პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37719 
 16 აპრილი 2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 15 აპრილს კატასტროფულმა ხანძარმა მოიცვა. ცეცხლმა ტაძრის სახურავი გაანადგურა და საგრძნობლად დააზიანა შიდა ფასადი. პარიზის მერის მოადგილემ, ემანუელ გრეგუარმა განაცხადა, რომ საკათედრო ტაძარს "კოლოსალური ზიანი" მიადგა. სამაშველო ჯგუფები ისტორიული ნაგებობის გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამიწვია ხანძარი, თუმცა პარიზის პროკურატურა აცხადებს, რომ ცეცხლის სარესტავრაციო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, შემთხვევით გაჩნდა.

უნიკალური არქიტექტურის მქონე ტაძარს 850 წელი ახლახანს შეუსრულდა. მის სანახავად პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩადიან და დღემდე გოთიკური სტილის უბადლო ნიმუშია.

ვიტრაჟები

ტაძარში 110 ვიტრაჟული ფანჯარაა. ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული სამი ვიტრაჟული ფანჯარა-ვარდია, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება. ამ დროისთვის უცნობია, ხანძრის შედეგად რომელიმე მათგანი თუ გადარჩა.

პირველი და ყველაზე პატარა ვიტრაჟული ვარდი 1225 წელს დაასრულეს. მისი დიამეტრი 9,6 მეტრია და დასავლეთ ფასადზეა განლაგებული. ფანჯრის შუაში კი ღვთისმშობელი ჩვილით არის გამოსახული.

ფოტო: ჩრდილოეთისა და სამხრეთის ვიტრაჟული ვარდები

კოშკები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი კოშკებია, რომელიც დასავლეთის ფასადს ამშვენებს.

აღნიშნულ ფასადზე მუშაობა 1200 წელს დაიწყო. კოშკებს შორის პირველი, ჩრდილოეთის კოშკი 40 წელში აშენდა, ხოლო სამხრეთ კოშკს დამატებით 10 წელი დასჭირდა. ორივე კოშკის სიმაღლე 68 მეტრია, თუმცა ისინი ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. ჩრდილოეთის კოშკი სამხრეთისგან განსხვავებით უფრო მასიურია. XV საუკუნემდე ზარები მხოლოდ ჩრდილოეთ კოშკში იყო.

ფოტო: EYEEM

ზარები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ათი ზარია დაყენებული. ყველაზე დიდი, რომლის წონა 23 ტონაა, ემანუელის სახელს ატარებს. ის სამხრეთ კოშკზე 1685 წელს დაამონტაჟეს. 1944 წელს პარიზელებს ნაცისტებისგან გათავისუფლების შესახებ სწორედ ემანუელის ზარმა ამცნო.

2012 წელს ტაძრის 850 წლისთავთან დაკავშირებით ახალი ზარები გამოჩნდა ჩრდილოეთის კოშკზე. ეს უკვე ასლები იყო რადგან, ორიგინალები საფრანგეთის რევოლუციის დროს გადაადნეს, ხოლო შემცვლელი ზარები ემანუელთან დისონანსში შედიოდნენ.

გოთიკური შპილი და გარგოილები

ტაძრის ცნობილი გოთიკური შპილი XII საუკუნეში დააყენეს. ტაძრის მრავალწლიანი მშენებლობისა და გადაკეთების ისტორიაში შპილმა არაერთი ცვლილება განიცადა, მათ შორის საფრანგეთის რევოლუციის დროს დემონტაჟი და 1860-იან წლებში აღდგენა. 15 აპრილის ხანძრის დროს კი ის მთლიანად ჩამოიშალა.

ტაძრის ზედა ნაწილი ქიმერებითა და გარგოილებით არის მორთული. შუა საუკუნეებში ქიმერები ტაძარზე არ იყო და ის რესტავრატორმა ვიოლე-ლე-დიუკმა დადგა.

ფოტო: Getty Images

რელიკვიები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მრავალი ქრისტიანული რელიკვია ინახება. მათ შორის არის ქრისტეს ეკლის გვირგვინი, ჯვრის ფრაგმენტი და ლურსმანი. როგორც ცნობილია გვირგვინი ხანძარს გადურჩა, რადგან სპეციალურ საცავში ინახებოდა. გარდა ამისა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყველა რელიკვია, რომელიც ტაძარში ინახებოდა რესტავრაციის დაწყების წინ გაიტანეს.

On.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია