შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძაში ასპინძის ბრძოლის დღე აღნიშნეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22306 
 20 აპრილი 2019
ასპინძის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა მელიქიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ხვილიშის დეკანოზმა მამა ზოსიმემ ძეგლთან, 1770 წლის 20 აპრილს ასპინძის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "წუნდამ" ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულა.საქართველოში რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768 წელს დაიწყო. 1769 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის მცირერიცხოვანი სამხედრო კორპუსი გენერალ ტოტლებენის მეთაურობით შემოვიდა. 1770 წლის აპრილის შუა რიცხვებში ერეკლე მეორე 7000 კაცითა და სამი ზარბაზნით, ხოლო ტოტლებენი 1 200 ჯარისკაცითა და არტილერიით ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ გაემართნენ. ქართველთა და რუსთა ჯარები აწყურის ციხეს მიადგნენ. მისი აღების შემდეგ მოკავშირეებს ახალციხისათვის უნდა შეეტიათ. მოულოდნელად გენერალმა ტოტლებენმა ბრძოლის ველი მიატოვა და, თავის ჯართან ერთად, უკან გაბრუნდა. მომხდარის მიუხედავად, ერეკლემ წინსვლა განაგრძო და 20 აპრილს ასპინძასთან გამართულ ბრძოლაში ოსმალთა 8000 კაციანი კორპუსი გაანადგურა. ერეკლე მეორე ქართველთა ჯარს პირადად სარდლობდა. მან თავისი ხელით მოკლა ლეკთა სახელგანთქმული ბელადი მალა ჩალა (კოხტა ბელადი). ქართველთა ზარალი სულ რამდენიმე კაცს შეადგენდა, ოსმალების მხრიდან კი, რომელთაც დაღესტნელი ლეკებიც ეხმარებოდნენ, ცოცხალი თითქმის არავინ გადარჩენილა. ქართველებმა გამარჯვებით ვერ ისარგებლეს, რადგან ქართლში მისული ტოტლებენი მეფის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა, ამიტომ ერეკლე სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა, ტოტლებენი კი იმერეთში გადავიდა. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება
საზოგადოება