შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაკა ბავშვობიდან კერავს, 15 წლის წინ ჩანთების და სხვადასხვა აქსესუარის შექმნა დაიწყო. მოგვიანებით ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, როგორც ქვილთის მკერავი ისე მიიწვიეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი საკუთარი სახელოსნო მოაწყო.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 23 ოქტომბერი 2018
„ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, გაკვეთილების შემდეგ სახლში მოსული გარდირობებში ვეძებდი სამოსს და ვკუწავდი, ვაფუჭებდი, ვკერავდი. საბედნიეროდ დედამაც იცოდა კერვა და ესმოდა, რომ არ უნდა შევეზღუდე, ასე დავიწყე ჩემით სწავლა“, – გვიყვება მაკა ბიბილაშვილი. ქვილთის კერვა, თუ მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა ამაზე არ უფიქრია. ახლა საკუთარ სახლში სამკერვალო აქვს მოწყობილი და მთელ დღეებს აქ ატარებს: „ვერ წარმომიდგენია, რომ სხვაგან ვიმუშაო, სხვა რამე გავაკეთო. თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ თუ შეკვეთებს ვერ ვღებულობ, ვიგონებ რაღაცებს და ვცდილობ შევკერო ისეთი რამ, რაც არავის შეუკერია. იქნება ეს ჩანთა, აპლიკაცია თუ სხვა“. სამკერვალო “Maka’s Handmades - მაკას ხელნაკეთობები” მიკროგრანტით „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით გახსნა. ამბობს, რომ მის შემოქმედებაში მეუღლემ, ლევან ლომიძემ დიდი წვლილი შეიტანა: „სამკერვალოს ფასადი და ექსტერიერი მისი მოწყობილია, ისიც ხელოვანია, საღამოს ბავშვებთან ერთად მთელი ოჯახი შემოვსხდებით–ხოლმე და ზოგი ვკერავთ და ზოგი ხატავს".ლევანი ნებისმიერ დროს მზადაა მეუღლეს საყვარელი საქმის კეთებაში მიეხმაროს: „სულ რომ არ მეცალოს მიმყავს მასალების შესაძენად. ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო“. ჭრა–კერვის სიყვარულმა მაკას წარმატება არაერთხელ მოუტანა. მის გამოფენებს თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „კავკასიურ სახლში“ ხშირად შეხვდებით. წლების წინ მისი შემოქმედებით ამერიკის საელჩოც დაინტერესდა: „ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში ვილთერის სტატუსით მიმიწვიეს 14 წლის წინ, საქართველოს წარმოვადგენდი. ვხვდებოდი წარმატებულ ქვილთერებს და ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე“. ქვილთი ჭრა–კერვის შემდეგ მორჩენილი ნაჭრით შექმნილ ნამუშევარს ჰქვია. მაკას თქმით, ქართული შესატყვისი ჩანაჭრებია. მის შემოქმედებაში შეხვდებით ქუდებს, ფეხსაცმელს, გამოსასვლელ კაბებს, ქვილთის აქსესუარებს, აპლიკაციებს მაისურზე წარწერების სახით, ყვავილებით მორთულ ჩანთებს და სხვადასხვა ფერად ნამუშევარს. ამბობს, რომ ინსპირაცია მუშაობის დროს მოდის: „დასრულებული სახე ყოველთვის სხვაა, ვიდრე ჩანაფიქრი. ეს საქმე, რასაც ვაკეთებ გადამდებია, აქ რომ შემოდიან, შემდეგ მიდიან და სახლში რაღაცას აკეთებენ. მითუმეტეს, როცა გიყურებენ და ხედავენ, რომ ბედნიერი ხარ, თვითონაც უჩნდებათ სურვილი ჩაერთონ ამ საქმეში“. უცხოეთიდან დაბრუნებული ტანსაცმლის და სხვა ნივთების კეთებას წლებია ასპინძასა და ახალციხეში ასწავლის: „მყოლია მოსწავლეები, რომლებიც თავიდან ვერ აკეთებდნენ, თუმცა რომ ვაჩვენებდი მერე ისეთი იდეები მოსდიოდათ, რომ მეთვითონაც მსიამოვნებდა–ხოლმე".სამომავლოდ, ხელოვანი სახელოსნოს გაფართოებას და მკერავების საკუთარ სამკერვალოში დასაქმებას გეგმავს. იგი მათ, ვინც ჭრა–კერვითაა დაინტერესებული ურჩევს, რომ საქმე სიყვარულით აკეთონ: „პირველ ჯერზე შეიძლება არ გამოვიდეს, თუმცა, ცდა არ უნდა შეწყვიტონ“.[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე – ასპინძა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია