შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სანდრა რულოვსი-საქართველო ასეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას არ იმსახურებს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37862 
 22 აპრილი 2019

მინდა რამდენიმე მძიმე შთაბეჭდილება გაგიზიაროთ-წერს სანდრა რულოვსი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და მარტვილში მომხდარ ტრაგედიისა და გუშინ პანკისში მომხდარ დაპირისპირებას აფასებს: 

გუშინ მთელი საქართველო შეძრა მარტვილელი მოსწავლის თვითმკვლელობის ამბავმა. ახლა გლოვაა შალვა ნაჭყებიას ოჯახში. საზოგადოებაში კი კამათობენ იმაზე, რამ აიძულა მოზარდი ეს უკიდურესი ნაბიჯი გადაედგა. შალვა იყო ძალიან კარგი ბიჭი, ნიჭიერი, მის ოჯახსაც უჭირდა, როგორც ბევრ ოჯახს უჭირს საქართველოში. ტრაგედიის მიზეზი ობიექტურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ სადაა ჩვენს ქვეყანაში ობიექტური გამოძიება?

გუშინ დილიდან ვუყურებთ რა ხდებოდა პანკისის ხეობაში. ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ ხალხს ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია. ხეობისკენ მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი გზაზე უკანონოდ დააკავეს, შეუზღუდეს გადაადგილებს უფლება და მოგვიანებით გაანთავისუფლეს.

უსამართლობას უსამართლობა ემატება. ხელისუფლება არ ზრუნავს ხალხზე და იმის მაგივრად, რომ დაელაპარაკოს, აუხსნას, სპეცდანიშნულების რაზმს უპირისპირებს. პანკისელები კი სულ სხვა დამოკიდებულებას იმსახურებენ, მათი პატრიოტიზმი განსაკუთრებით დასაფასებელია.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამეგრელოსა და მთელს საქართველოში მოზარდებს სიცოცხლე უხაროდეთ, ჰქონდეთ პერსპექტივა, იყვნენ სახელმწიფოსგან დაცულები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პანკისის ხეობასა და მთელს საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება.

ეს ხელისუფლება ამდენი ხანია არ ისმენს შვილმოკლული მამის - მალხაზ მაჩალიკაშვილის - მოთხოვნას. მთავრობამ არც ხეობაში ჰესის წინააღმდეგ გამოსულ ხალხს მოუსმინა. ეს უკვე არ არის ჰესის საკითხი. დღეს ხელისუფლების ქცევა იყო ძალიან უპასუხისმგებლო, სახიფათო და დამაფიქრებელი.

საქართველო ასეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას არ იმსახურებს-წერს სანდრა რულოვსი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია